Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთს IT სპეციალისტები ტოვებენ და ეს ეკონომიკას მრავალი წლით დააზარალებს


სერგეი კრუპნიკმა ორი წელი და ათობით ათასი დოლარი დაახარჯა თავის სტარტაპს და ისე ჩანდა, რომ მალე წარმატებასაც მიაღწევდა. მისმა კომპანიამ, რომელიც ადამიანებს სპორტის მწვრთნელებს აკავშირებდა, ზამთარში ასზე მეტი თხილამურის და სნოუბორდის მასწავლებელი დააკავშირა ათასობით ადამიანს. ინვესტორებიც გამოჩნდნენ. ისეთი პირი უჩანდა, რომ მალე ეს ბიზნესი მოგებაზეც გავიდოდა.

შემდეგ კი, 24 თებერვალს, რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ყველაფერს ბოლო მოეღო.

დასავლეთმა რუსეთს სანქციები დაუწესა უკრაინაზე არაპროვოცირებული თავდასხმისთვის. უცხოურმა კომპანიებმა ქვეყანა დატოვეს. ტექნოლოგიის სექტორში ინვესტიციები შეწყდა.

სამ დღეში კრუპნიკმა პროექტი გააჩერა და თურქეთში გაიქცა.

„შეადარეთ რუსეთში 10 წლის პატიოსანი, დაუღალავი მუშაობის შედეგი იმავეს განვითარებულ ქვეყანაში. რომელ შემთხვევაში იცხოვრებ უკეთესად? აღარ მინდა, ვირბინო მხოლოდ იმისთვის, რომ ერთ ადგილზე ვიყო გაჩერებული. მომდევნო 10 წელს რუსეთში აღარ გავატარებ“, - დაწერა მან და დასძინა, რომ უკვე დიდი ხანია აპირებდა ქვეყნიდან წასვლას რუსეთში ცუდი საინვესტიციო კლიმატის და სიტყვის თავისუფლების არარსებობის გამო.

კრუპნიკთან ერთად ქვეყანა ტექნოლოგიების ათობით ათასმა სპეციალისტმა დატოვა ომის დაწყების შემდეგ. ეს ტენდენცია ახლაც გრძელდება და მან შეიძლება გამოუსწორებელი დაღი დაასვას რუსეთის კიბერუსაფრთხოებას და ეკონომიკის ზრდას.

შემდეგ თვეს 10 ათასი?

თებერვლის ბოლოდან დღემდე რუსეთი ტექნოლოგიების 50-დან 70 ათასამდე მუშაკმა დატოვა, - განაცხადა ელექტრონული კომუნიკაციების რუსეთის ასოციაციის ხელმძღვანელმა

სერგეი პლუგოტარენკომ 22 მარტს დუმაში. მისივე ვარაუდით, აპრილში მოსალოდნელია მეორე ტალღა, რომლის დროსაც რუსეთს კიდევ 100 ათასამდე IT სპეციალისტი დატოვებს.

ელენა რიბაკოვა, ვაშინგტონში ბაზირებული ფინანსების საერთაშორისო ინსტიტუტის უფროსი ეკონომისტის მოადგილე, თვის დასაწყისში გამოქვეყნებულ მოხსენებაში წერდა, რომ განათლებული რუსების, მათ შორის, IT სპეციალისტების მიგრაცია გრძელვადიან ეფექტს მოახდენს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე.

„ტვინის გადინება ერთ-ერთი საფუძველია ვარაუდისა, რომ რუსეთის პროდუქტიულობა და წარმოების პოტენციური ზრდა ისედაც მცირე დონიდან კიდევ უფრო დაიწევს“, - წერდა ის. ეკონომიკაზე გავლენის გარდა, ეს რუსეთის კიბერთავდაცვის შესაძლებლობებსაც შეამცირებს.

„ეს კატასტროფა იქნება ქვეყნის ეკონომიკისთვის და დააზარალებს რუსეთის კიბერთავდაცვის შესაძლებლობებს“, - თქვა ჯეიმს ლიუისმა, ვაშინგტონში ბაზირებული სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის ექსპერტმა. „კიბერმცველების ნაკლებობის პრობლემა ყველგან არსებობს და მათი გადინება რუსეთს ცუდ მდგომარეობაში აყენებს“.

ლიუისის აზრით, IT სპეციალისტების მიგრაცია არ აისახება თავად რუსეთიდან მომავალ კიბერსაფრთხეებსა და სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ კიბერთავდასხმებზე, რადგან ამ საქმეში ჩართული ხალხი, დაპატიმრების შიშით, ქვეყანას ვერ დატოვებს.

„უდალიონკა და რელოკაცია“

ბევრი, კრუპნიკის მსგავსად, ქვეყანას თავისი ნებით ტოვებს. სხვებს კი მათი დამქირავებლები, დასავლური კომპანიები სთხოვენ სხვა ქვეყნებში წასვლას.

აშშ-ში ბაზირებული ტექნოლოგიური კომპანიები, როგორებიცაა EPAM-ი და Data Art-ი, ბელარუსიდან და რუსეთიდან ჩასულმა იმიგრანტებმა დააარსეს. EPAM-ის სათავო ოფისი პენსილვანიაში მდებარეობს და ის ომამდე 30 ათასამდე IT მუშაკს ასაქმებდა რუსეთიდან, ბელარუსიდან და უკრაინიდან.

კომპანიის მენეჯერმა, რომელიც რადიო თავისუფლებას ანონიმურად ესაუბრა, თქვა, რომ EPAM-მა რუსეთში მცხოვრებ თანამშრომლებს მოსთხოვა, სხვა ქვეყანაში გადასულიყვნენ საცხოვრებლად და ბევრმა მათგანმა საქართველოსა და სომხეთს მიაშურა.

EPAM-ის მიერ 4 მარტს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ კომპანია აღარ მოემსახურებოდა რუსულ ფირმებს, თუმცა არ უხსენებია, რა ბედი ეწეოდათ რუს თანამშრომლებს.

ნიუ-იორკში ბაზირებული DataArt-ი, რომელსაც რუსეთის ოთხ ქალაქში ჰქონდა ოფისები, აცხადებს, რომ „შეწყვიტა ყველანაირი საინვესტიციო, სამსახურში აყვანისა და ბიზნესის

განვითარების აქტივობები“ ქვეყანაში და შეასრულებს „ყველა ვალდებულებას თანამშრომლებისა და კლიენტების მიმართ“.

Data Art-ის ვებსაიტი აღარ აჩვენებს რუსეთის ოფისებს. კომპანიის წარმომადგენელმა, ანი ტაბაღუამ უპასუხოდ დატოვა ჩვენი ი-მეილი, სადაც ვეკითხებოდით, ახდენდა თუ არა კომპანია მუშაკების საზღვარგარეთ რელოკაციას. თუმცა, ამ კომპანიის ზოგიერთი რუსი თანამშრომლის სოციალური მედიის გვერდები აჩვენებს, რომ ისინი ამჟამად სხვა ქვეყნებიდან მუშაობენ.

Data Art-მა 21 მარტს განაცხადა, რომ ახალი ოფისი გახსნეს სერბეთში, რომელიც სრული დატვირთვით ერთ თვეში ამუშავდება. ოფისში ამჟამად 40 ადამიანია დასაქმებული და ეს რიცხვი უახლოეს მომავალში ასამდე გაიზრდება. სერბეთში ბევრი რუსი ჩადის, რადგან ბელგრადს მოსკოვთან თბილი ურთიერთობა აქვს.

Data Art-ი ასევე ეძებს IT სპეციალისტებს საქართველოსა და სომხეთში, მათ ვებსაიტზე გამოქვეყნებული ვაკანსიების თანახმად.

კავკასიის ეს ორი ქვეყანა, თურქეთთან ერთად, ყველაზე პოპულარული ადგილია ტექნოლოგიების რუსი სპეციალისტებისთვის, რომლებიც ქვეყნიდან გარბიან, - ამის შესახებ რადიო თავისუფლებას უთხრა პეტერბურგელმა ბლოგერმა ნიკოლაი შევჩუკმა, რომელმაც „ტელეგრამზე“ შექმნა არხი Udalyonka i Relokatsia (დისტანციური მუშაობა და რელოკაცია).

ეს არხი 28 თებერვალს შეიქმნა და დღეს უკვე 40 ათასი გამომწერი ჰყავს. „ტელეგრამზე“ კიდევ არაერთი მსგავსი არხია, რომელიც რუს და უკრაინელ IT სპეციალისტებს საზღვარგარეთ სამუშაოს შოვნასა და საყოფაცხოვრებო საკითხების მოწესრიგებაში ეხმარება.

შევჩუკი ამბობს, რომ ეს ქვეყნები შედარებითი სიიაფით და ვიზის მიღების სიმარტივითაა მომხიბლავი - რუსებს საქართველოში ერთი წელი შეუძლიათ უვიზოდ ცხოვრება, სომხეთში - 6 თვე და თურქეთში - 2 თვე. ასევე, რუსული ბევრმა იცის საქართველოშიც, სომხეთიც და სტამბოლშიც.

სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა ვაჰან კერობიანმა 1 მარტს განაცხადა, რომ ქვეყანაში თორმეტამდე რუსული IT კომპანია გადაბარგდა ამერიკული და ევროპული სანქციების თავიდან ასარიდებლად.

ქართველი ოფიციალური პირების ცნობითაც, ერთი თვის განმავლობაში ქვეყანაში ათასობით რუსი, მათ შორის, ტექნოლოგიის ბევრი სპეციალისტი გადავიდა საცხოვრებლად.

ვენერამ, IT მუშაკმა თათრეთის რეგიონიდან, რომელიც სანქტ-პეტერგურგში ცხოვრობს, რადიო თავისუფლებას მარტის დასაწყისში უთხრა, რომ საქართველოში აპირებდა საცხოვრებლად გადასვლას, რადგან „ეს ყველაზე მარტივი გზაა რუსეთის დასატოვებლად მინიმალური დანაკარგებით“.

ვენერამ, რომელმაც გვთხოვა მისი გვარი არ დაგვესახელებინა, გვითხრა, რომ უკვე ათი წელია, რაც ოჯახთან ერთად რუსეთის დატოვებას განიხილავს და „უკრაინაში შეჭრა და სანქციები... ბოლო წვეთი იყო“.

ბევრი რუსი და ბელარუსი IT სპეციალისტი ისრაელში მიდის საცხოვრებლად, სადაც ტექნოლოგიური სექტორი ძლიერაა განვითარებული და რუსულადაც ბევრი ლაპარაკობს.

კრუპნიკის თქმით, მას იმედი აქვს, რომ სამსახურს აშშ-ში ან ევროპაში იშოვის. თუ ეს არ გამოუვიდა, თურქეთში ეცდება ცხოვრების ნებართვის მიღებას.

XS
SM
MD
LG