Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილი: უფლება არ გაქვთ მე მასამართლოთ, იმიტომ რომ თქვენ არ ხართ არც სასამართლო, არც პროკურატურა


საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოს სხდომათა დარბაზში სამი წევრისგან შემდგარ მოსამართლეთა კოლეგიას და პროკურატურის წარმომადგენლებს მიმართა, რომ მათ არ აქვთ უფლება გაასამართლონ, ვინაიდან ისინი არიან ოლიგარქის წარმომადგენლები.

უფლება არ გაქვთ მე მასამართლოთ, მაგრამ ეს არის თქვენი სამართალი, იმიტომ რომ თქვენ არ ხართ არც სასამართლო, არც პროკურატურა. თქვენ ხართ ერთი გაუნათლებელი, ბნელი, „რუსეთის შნირი“ ოლიგარქის ჩვეულებრივი წარმომადგენლები, ეს არის რეალობა. რატომ გწყინთ, თქვენ ხართ ერთი ბნელი ოლიგარქის წარმომადგენლები. ამიტომ, მეგობრებო, ვდგავართ მაგრად, ვიბრძვით ბოლომდე. მეგობრებო, ვიმარჯებთ, ჩვენ არ ვიხევთ უკან. მეგობრებო, გაუმარჯოს საქართველოს, გაუმარჯოს უკრაინას. დიდება გმირებს. დიდება ჩვენს წარმატებას და ჩვენს მომავალს“, - თქვა სააკაშვილმა.

მალევე მან სასამართლოს დარბაზის დატოვების გადაწყვეტილების შესახებ განაცხადა.

ქალბატონო მოსამართლეებო, მე ამჯერად დაგტოვებთ. იმიტომ რომ ბევრად უფრო სერიოზული საქმეები მაქვს. მაგრამ მე ზუსტად ვიცი, რომ საქართველო გაიმარჯვებს. ახალგაზრდებო, არ დავიზაროთ, მეგობრებო, ნურაფრის ნუ გეშინიათ. ამათი ბოლო დღეები დგება. ახლა უკან დახევა იქნება დანაშაული, უკრაინა იმარჯვებს და ჩვენც ვიმარჯვებთ. ჩვენ უკრაინის გამარჯვებისთვის უნდა ვიყოთ ახალი მთავრობით, ეროვნული თანხმობის მთავრობით. თუ გინდათ "ქოცებიც" იყვნენ შიგ, ეროვნული თანხმობის მთავრობით, რომელიც ჩაატარებს არჩევნებს. დანარჩენი ყველაფერი არის მეასეხარისხოვანი, დანარჩენი არის ცირკი. უნდა ოლიგარქს ჩავაჭრათ ეს საცეცები“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისი თქმით, ახლა არის გადამწყვეტი მომენტი, როდესაც უკან დახევა არ შეიძლება.

მე აქ ამიტომ ჩამოვედი, რომ ვგრძნობდი, რომ ეს მომენტი დგებოდა და ეს მომენტი დადგა და ახლა უკან დახევას ნამდვილად აღარ ვაპირებ“, -თქვა სააკაშვილმა, რომელმაც ამ განცხადების შემდეგ დარბაზი დატოვა.

წასვლამდე მას მოსამართლეთა კოლეგიის წევრმა, მოსამართლე ნინო ელიეშვილმა მიმართა და უთხრა, რომ სასამართლო შემდეგ სხდომებზე მსგავს განმარტებებს აღარ მოისმენს.

„ქალბატონო, თქვენ ისეთივე სასამართლო ხართ, როგორც მე ვარ კოსმონავტი“, - უპასუხა სააკაშვილმა მოსამართლეს.

მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოს სხდომათა დარბაზი დატოვა, მოსამართლე ნინო ელიეშვილმა განმარტება გააკეთა და თქვა, რომ სასამართლო დარბაზი არ უნდა იქნეს გამოყენებული მოწოდებებისთვის.

"ეს დარბაზი არის სასამართლო სხდომის დარბაზი. ჩვენ თუ ვაკეთებთ იმას, რომ ვაძლევთ საშუალებას პიროვნებას გარკვეული მოსაზრებები გამოთქვას საკითხებთან დაკავშირებით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გადაიზარდოს აქ მოწოდებებში, დამხობისკენ იქნება, ქუჩაში გამოსვლისკენ თუ ა.შ. ან, თუნდაც, სასამართლოს ეძახოს, რომ არის ასეთი და ისეთი. ყველანი 90-იანი წლებიდან მოვდივართ, გამოვიარეთ ყველაფერი - 1993 წელიც, 2008 წელიც და ბევრ ჩვენგანს მონაწილეობაც მიუღია ამ ყველაფერში. არავის ნაკლებად არ უყვარს თავისი ქვეყანა. პიროვნულად ყველამ უნდა ვცეთ პატივი იმას, რასაც ვაკეთებთ, რა საქმიანობასაც ვახორციელებთ. მე რომ მოგიწოდებთ თქვენ ყურადღება მომაქციეთ, ვგონებ იმის პატივი მაინც უნდა მცეთ, რომ მე შემომხედოთ. ელემენტარული პატივისცემის მომენტია, იქნებ ერთობლივად ვიპოვოთ გამოსავალი და ადამიანს მივუთითოთ, არ არის ხმამაღალი ტონით საუბარი საჭირო. აქამდე ბრალდებულ პირთან მიმართებით ჩვენ კომუნიკაციის პრობლემა არ გვქონია. ბოლო მომენტამდე თავს ვიკავებთ, რომ არ მოხდეს გაძევება სასამართლო სხდომის დარბაზიდან. თუ მსგავსი მოწოდებები კვლავ იქნება სასამართლო სხდომაზე, სასამართლოს მოუწევს კიდევ ერთხელ იმის განმარტება, რომ აქ ამის გულისთვის არ უნდა ვიყოთ", - განაცხადა ნინო ელიეშვილმა.

28 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოში განიხილება 7 ნოემბრის საქმე. ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის ძალადობრივად დაშლას ედავება.

ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ბრალდებითაც. მიხეილ სააკაშვილი ყველა საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

2021 წლის 20 ოქტომბერს, საქართველოს პროკურატურამ სააკაშვილს წაუყენა კიდევ ერთი ბრალი - სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთა.

XS
SM
MD
LG