საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასამართლოს დარბაზში, სადაც 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის ძალადობრივად დაშლის საქმე განიხილებოდა, განსასჯელის სკამიდან გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის 28 მარტის განცხადებას, რომლის თანახმადაც, საწვავის ფასების საპროტესტო აქციების უკან, რომელიც 27 მარტს გაიმართა, "ნაციონალური მოძრაობა" დგას.
„აქ რომ მოვდიოდი, შევხედე ბენზინის ფასებს, 4 და 20 არის ბენზინგასამართ სადგურებზე. გუშინ გამოვიდა ხალხი და ითხოვდა, რომ ჩამოგვიწიეთ ეს, მოხსენით აქციზი და თითქმის ერთი ლარით ჩამოიწევა ფასი. დღეს გამოვიდა მთავრობა და თქვა, რომ ყველა, ვინც გამოდის ქუჩაში, არის ნაციონალი და თუ ჩვენ დავწევთ აქციზს და შევამცირებთ დღგ-ს, ჩვენ დავკარგავთ მილიარდ ლარს და ეს როგორ შეიძლება, ეს ხომ ჩვენი სოციალური ვალდებულებებია. ამათ მართლა დეგენერატები ხომ არ ვგონივართ. ერთი მილიარდი ლარი არის 200 მილიონი, რომელსაც ისინი ხარჯავენ მანქანებზე, 400 მილიონი, რომელსაც ისინი ხარჯავენ პრემიებზე, მათ შორის, პროკურატურაზე, სასამართლოზე, ხალხის დაშლაზე. რამდენიმე ასეული მილიონი ლარი არის ის, რასაც ისინი ხარჯავენ, მაგალითად, პროკურატურის ახალი შენობის აშენებაზე და უამრავ სხვა ადმინისტრაციულ ხარჯებზე. უკვე 2 მილიარდი ლარი თავისუფლად შეიძლება ამოიღო ბიუჯეტიდან, რომ ახალ სავარძლებში არ გადასხდნენ ისინი და ახალ „ტოიოტა პრიუსებში“ და ეს რეალურად გადაწყვეტს ამ პრობლემას“.
28 მარტს, მთავრობის სხდომის მსვლელობისას, პრემიერმა ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ინფლაცია და გაზრდილი ფასები მსოფლიო გამოწვევაა და საქართველო ვერ იქნება გამონაკლისი. მისივე თქმით, საწვავის ფასების მიხედვით, 21 მარტის მონაცემებით, მსოფლიოს 170 ქვეყანას შორის, ერთი ლიტრი ბენზინის სიიაფით 71-ე იყო საქართველო.
27 მარტს, თბილისში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მსვლელობა დაიწყეს რესპუბლიკის მოედნიდან, რის შემდეგაც პარლამენტთან შეჩერდნენ, შემდეგ კი, გმირთა მოედანზე გადაინაცვლეს, სადაც ესტაკადები ჩაკეტეს, რასაც ადგილზე საავტომობილო მოძრაობის პარალიზება, მოგვიანებით კი აქციის მონაწილეებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.
შსს-ს ცნობით, აქციის 20 მონაწილე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.
აქციის მოთხოვნებია საწვავზე აქციზის გადასახადის გაუქმება და დღგ-ს გადასახადის მცურავ რეჟიმზე გადაყვანა, რაც მონაწილეების განცხადებით, გააიაფებს საწვავის ფასს.