„Крым.Реалии“-ს კორესპონდენტი წერს, რომ „ორსკი“ ბერდიანსკის (ზაპოროჟიეს ოლქი) პორტში, მეშვიდე მისადგომთან არის გაჩერებული. პორტის ტერიტორიაზე სამოქალაქო პირებს არ უშვებენ. მას შემდეგ, რაც იქ რუსი სამხედროები შევიდნენ, ტერიტორია თანამშრომლებსაც დაატოვებინეს.
„პირველი ძლიერი აფეთქების შედეგად შორიახლო სახლებში მინები ჩაიმსხვრა. აფეთქება კილომეტრის რადიუსში იგრძნეს“, - წერს ის.
FleetMon, რომელიც გემებისა და პორტების მონაცემთა ბაზას წარმოადგენს, იტყობინება, რომ გემი უკრაინელების შეტევის შედეგად განადგურდა. დაზუსტებული არ არის, მას ჭურვი ესროლეს, სპეცრაზმი დაესხა თავს თუ დესანტმა შეუტია.
უკრაინის საზღვაო ძალების სარდლობა აცხადებს, რომ ასევე დაზიანებულია დიდი სადესანტო ხომალდი „კონსტანტინ ოლშანსკი“ - მისი ეკიპაჟიდან სამი კაცი დაიღუპა, სამი კი დაიჭრა.
„ორსკი“ წინა საუკუნის სამოციან წლებში კალინინგრადში გამოუშვეს. მისი წყალწყვა 4500 ტონაა, აგებულია პროექტ 1171-ის მიხედვით. აღჭურვილია 57-მილიმეტრიანი არტილერიული დანადგარით „ЗИФ-31Б“. მის გემბანზე შესაძლებელია განლაგდეს 1500 ტონა ტექნიკა და ტვირთი. გემს შეუძლია 20 ტანკის გადატანა, იტევს 300-400 ადამიანს.
„ორსკი“ მონაწილეობდა სხვადასხვა ოპერაციასა და სამხედრო წვრთნაში. „ახლო აღმოსავლეთში საბრძოლო მოქმედებების დროს გემს მშვიდობისმყოფელები იუგოსლავიაში გადაჰყავდა, ასევე გადაჰქონდა ჰუმანიტარული ტვირთი გვინეაში, სირიაში, ბულგარეთში“, - წერია რუსულ საიტზე Flot.com.
2020 წელს, საერთაშორისო სადაზვერვო საზოგადოება InformNapalm-ის მოხალისეებმა აღმოაჩინეს, რომ გემი, რომელიც რუსეთის შავი ზღვის ფლოტის 197-ე ბრიგადის შემადგენლობაში შედის, ყირიმის სპეცოპერაციაშიც მონაწილეობდა.
2022 წლის ბოლოს გემი ხმელთაშუა ზღვიდან ყირიმის ნაპირთან გადმოვიდა. 24 იანვარს ის ბოსფორის სრუტეში, შავი ზღვისკენ მიმავალი შეამჩნიეს. გემი მონაწილებდა რუსეთის ფლოტის წვრთნებში, რომელიც ანექსირებული ყირიმის ნაპირას იმართებოდა.
რუსული მედია აცხადებს, რომ „ორსკი“ რუსეთის პირველი საბრძოლო ხომალდია, რომელიც ბერდიანსკის პორტში შევიდა. რუსეთმა საგანგებოდ ამ გემით შეიტანა სამხედრო ტექნიკა. რუსულმა არხმა „ზვეზდამ“ 21 მარტს ხაზი გაუსვა, რომ გემის კონსტრუქციული თავისებურებები საშუალებას იძლევა, ჯავშანტექნიკა პორტის ამწეებით გადმოიტვირთოს: „გემიდან თქვენ თვალწინ გადმოტვირთეს ჯავშანტექნიკა, რომელიც ჩვენი დაჯგუფებების გასაძლიერებლად არის ჩამოტანილი“, - განაცხადა რესპონდენტმა ჟურნალისტთან.
რუსული მედიის მტკიცებით, ამ პორტის მეშვეობით სპეცოპერაციის ჩასატარებლად სამხრეთის ფლანგს ნებისმიერ დროს შეუძლია მიიღოს ყველაფერი, რაც სჭირდება, მათ შორის - ტექნიკა და საბრძოლო მასალა.
„შავი ზღვის სტრატეგიული კვლევის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი ანდრეი კლიმენკო ამბობს, რომ ახლა, აფეთქებისა და ხანძრის გამო, რაღაც დროის განმავლობაში პორტი სრულყოფილად მუშაობას ვერ შეძლებს.
„როგორც ჩანს, „ორსკი“ ჩაიძირა ან დატბორილია. რამდენიმე დღის განმავლობაში პორტი გემებს ვერ მიიღებს. აფეთქებამ მე-7, მე-8 მისადგომები მოიცვა. ნავთობპროდუქტებითა და ინდუსტრიული ზეთებით დატვირთული ტანკერების დამუშავება მეშვიდე მისადგომთან ხდებოდა“.
ანდრეი კლიმენკო ვარაუდობს, რომ თუ აფეთქებამ ეს რეზერვუარები დააზიანა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ რაღაც პერიოდი ვერ იმუშავებს 7 მისადგომი. მისადგომები N3, 4, 5, 6, 7, 8, 9. თეორიულად შესაძლებელია, დაუზიანებელი გადარჩეს კიდევ ორი. პირველი და მეორე მისადგომი.