დიდი ბრიტანეთის ორმა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გორდონ ბრაუნმა და ჯონ მეიჯორმა, მოაწერა ხელი საერთაშორისო პეტიციას, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ ომის გაჩაღების გამო, ვლადიმირ პუტინისა და მისი გარემოცვის მოქმედებების გამოსაძიებლად საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნისკენ მოუწოდებს.
ბრიტანეთის ორი ყოფილი პრემიერ-მინისტრის გარდა, პეტიციას ხელი მოაწერა პოლიტიკის, სამეცნიერო და სამართლის სფეროს არაერთმა აღიარებულმა წარმომადგენელმა, დაახლოებით 140-მა ადამიანმა. მათ შორის, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ, ნიურნბერგის ტრიბუნალის ყოფილმა პროკურორმა, ბენჟამინ ფერენცმა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკოლას ბრატცამ და სხვებმა.
ისინი მოუწოდებენ, რომ რუსეთის პრეზიდენტის გარდა საერთაშორისო ტრიბუნალის წინაშე წარდგეს ყველა ის თანამდებობის პირი, რომელსაც წვლილი მიუძღვის 24 თებერვალს უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ფართომასშტაბიანი ინტერვენციის დაგეგმვაში.
ვებსაიტის საშუალებით დაწყებული ხელმოწერების კამპანია მიზნად ისახავს 2 მილიონამდე ხელმოწერის შეგროვებას, რასაც დიდი დრო არ დასჭირდება, ვინაიდან პეტიციამ, გორდონ ბრაუნის თქმით, უმოკლეს დროში შეაგროვა დაახლოებით 740 000 ადამიანის ხელმოწერა. „სამართლიანობისთვის, მოდი, მიზნად დავისახოთ თვის ბოლოსთვის 2 მილიონამდე ხელმოწერის შეგროვება. ეს გზავნილი უნდა მოდიოდეს ბრიტანეთიდან, რომელიც სამართლიანად ამაყობს დემოკრატიითა და კანონის უზენაესობით. ნიურნბერგში ჩვენ ნაცისტი სამხედრო დამნაშავეები გავასამართლეთ. ახლა, 8 ათეული წლის შემდეგ, ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ის, რომ პუტინისათვის დადგეს განკითხვის დღე. მე ყველას მოვუწოდებ, ხელი მოაწერონ ამ პეტიციას“, - განაცხადა ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გორდონ ბრაუნმა.
რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ 24 თებერვლიდან აწარმოებს სამხედრო მოქმედებებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი. პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია".