მოსკოვის „ლუჟნიკის“ სტადიონზე, სადაც იმართება აქცია-კონცერტი, რომელიც ყირიმისა და სევასტოპოლის ანექსიის მერვე წლისთავს ეძღვნება, მომღერლების, მოსკოვის მერის და სხვა სტუმრების სიტყვით გამოსვლის შემდეგ, დაიწყო რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის გამოსვლა.
მან თქვა, რომ უკრაინაში საომარი მოქმედებების მთავარი მოტივი გახდა, თითქოსდა, დონბასში პრორუსულად განწყობილი მოქალაქეების „გენოციდი“. მან ბიბლიიდან ციტატა მოიყვანა და სამხედროთა გმირობაზე ისაუბრა.
ამის შემდეგ, პუტინის გამოსვლის ტრანსლაცია „России-24“-ის ეთერში მოულოდნელად შეწყდა და ეთერში მომღერალ ოლეგ გაზმანოვის გამოსვლა ჩაირთო. ტრანსლაციის განახლების შემდეგ პუტინის გამოსვლა თავიდან დაიწყო.
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის განმარტებით, კონცერტზე, რომლის სახელწოდებაცაა "ყირიმის გაზაფხული", ვლადიმირ პუტინის გამოსვლა შეწყდა "სერვერის ტექნიკური ხარვეზის" გამო.
სტადიონი სავსეა ხალხით, ათიათასობით ადამიანი დგას ტრიბუნებზე, მათ ხელში რუსეთის ფედერაციის დროშები და უკრაინაში მიმდინარე ე.წ. სპეცოპერაციის სიმბოლო - ასო Z უჭირავთ.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ კონცერტზე მიყვანილი ჰყავთ საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლები.
რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ 24 თებერვლიდან აწარმოებს სამხედრო მოქმედებებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი. პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია".