Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვის „ლუჟნიკის“ სტადიონზე აქცია-კონცერტი იმართება


მოსკოვის „ლუჟნიკის“ სტადიონზე იმართება აქცია-კონცერტი, რომელიც ყირიმისა და სევასტოპოლის ანექსიის მერვე წლისთავს ეძღვნება. წამყვანები ამ მოვლენებს „მშობლიურ ნავსაყუდელში დაბრუნებას“ უწოდებენ.

კონცერტის წამყვანები გამუდმებით ახსენებენ ომს, რომელსაც რუსეთი აწარმოებს უკრაინაში, თუმცა მას ომს არ უწოდებენ. აცხადებენ, რომ რუსი სამხედროები უკრაინაში „ნაციზმს“ ებრძვიან.

კონცერტზე სიტყვით გამოვიდა ე.წ დონეცკის სახალხო რესპუბლიკის საველე მეთაურის, ვოლნოვახასთან დაღუპული ვლადიმირ ჟოგას მამა. ჟოგას სიკვდილის შემდეგ რუსეთის გმირის წოდება მიენიჭა.

მსახიობმა დმიტრი პევცოვმა განაცხადა, რომ სჯერა, რომ უკრაინელები, ბელარუსები და რუსები მალე ერთ მრავალეროვნულ ქვეყანას შექმნიან. მსახიობმა ვლადიმირ მაშკოვმა წაიკითხა ფიოდორ ტიუტჩევის ლექსი, რომელიც აკრიტიკებს დასავლეთს.

ოლეგ გაზმანოვმა იმღერა "ოფიცრები", რომლის ტექსტიც ასეთია: "უკრაინა და ყირიმი, ბელარუსი და მოლდოვა - ეს ჩემი ქვეყანაა". ჯგუფმა „ლუბემ“ შეასრულა ასევე მილიტარისტული სიმღერა.

შეკრებილებს სიტყვით მიმართა მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმაც.

არსებობს ვარაუდი, რომ აქციაზე გამოვა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინიც.

სტადიონი სავსეა ხალხით, ათიათასობით ადამიანი დგას ტრიბუნებზე, მათ ხელში რუსეთის ფედერაციის დროშები და უკრაინაში მიმდინარე ე.წ. სპეცოპერაციის სიმბოლო - ასო Z უჭირავთ.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ კონცერტზე მიყვანილი ჰყავთ საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლები.

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ 24 თებერვლიდან აწარმოებს სამხედრო მოქმედებებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი. პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია".

XS
SM
MD
LG