Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოვუგრიხოთ კისერი იმპერიალიზმს  - აქტივისტები პუტინის ვილაში


ვიაჩესლავ კრივონოსენკო პუტინის ყოფილი სიძის სასახლესთან
ვიაჩესლავ კრივონოსენკო პუტინის ყოფილი სიძის სასახლესთან

ბიარიცი , საფრანგეთის კურორტი ატლანტის ოკეანის სანაპიროზე. ის დიდი ხანია პოპულარულია რუსულ ელიტაში. აქ რუსეთის იმპერატორები და მწერლები ისვენებდნენ, აქვე, ფრანგულ მედიას თუ დავეყრდნობით, სულ მცირე, სამი ვილაა, რომლებიც შესაძლოა ვლადიმირ პუტინს უკავშირდებოდეს.

ვილა „სუზანა“ არტურ ოჩერეტნოვზე არის გაფორმებული, ის ლუდმილა პუტინას ახალი ქმარი უნდა იყოს. რიუ დე ლა ფრეგატზე მდებარე ვილა, რომელიც ოდესღაც იგორ სტრავინსკის ეკუთვნოდა (რადიო Europe 1, საფრანგეთის სპეცსამსახურებზე დაყრდნობით აცხადებდა, რომ ვლადიმირ პუტინმა ის ჯერ კიდევ 1996 წელს შეიძინა) და ვილა „ალტა მსოფლიო“, ის ადრე პუტინის ქალიშვილის, ეკატერინა ტიხონოვასი იყო, ახლა კი მის ყოფილ ქმარზე, კირილ შამალოვზეა გაფორმებული.

გასულ კვირას შამალოვის ვილაში სამი აქტივისტი შეიჭრა. მათ საკეტები გამოცვალეს და უკრაინელი ხიზნების მისაღებად მოემზადნენ. მერე გულმა არ მოუთმინათ და ინტერნეტში ვიდეო გამოდეს, სადაც აივანზე აფრიალებული უკრაინის დროშა ჩანს. „გამარჯვება ბიარიცში, საფრანგეთი. პუტინის სასახლე აღებულია“, - დაწერეს მათ.

„გამარჯვებულებს“ შორის არიან: ფრანგი პიერ ხაფნერი, ბელარუსის მოქალაქე სერგეი საველიევი, მან საფრანგეთში ჩამოიტანა არქივი, სადაც ასახულია, როგორ აწამებდა ხალხს რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახური; ასევე რუსი ვიაჩესლავ კრივონოსენკო, მხარდამჭერი ალექსეი ნავალნისა და ვიაჩესლავ მალცევის (რუსეთში აკრძალული მოძრაობის „არტმომზადების“ თავმჯდომარე). ის რუსეთიდან საფრანგეთში გამოიქცა.

პიერ ხაფნერი პლაკატით: „თავისუფლება ყირიმელ თათრებს“
პიერ ხაფნერი პლაკატით: „თავისუფლება ყირიმელ თათრებს“

სანამ ხიზნები გამოჩნდებოდნენ, ინტერნეტში გამოქვეყნებული ვიდეო მსოფლიომ ნახა. ხაფნერი და საველიევი პოლიციამ დააკავა. სხვის სახლში შეჭრის გამო მათ ძალზე მსუბუქი სასჯელი დაუწესეს, გაფრთხილება.

78 წლის პიერ ხაფნერმა 25 წელი რუსეთში იცხოვრა, იქ ბიზნესით იყო დაკავებული. ხედავდა, როგორ მიექანებოდა ქვეყანა ავტორიტარიზმისაკენ, საბოლოოდ, უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის მუქარის გამო საზღვარგარეთ წავიდა. ის მშვენივრად საუბრობს რუსულად და შესაძლებლობის შემთხვევში მზადაა დაბრუნდეს რუსეთში ან სხვა სახელმწიფოში, რომელიც მის ადგილას გაჩნდება. რადიო თავისუფლება პიერს ამ „თითქმის გამარჯვებაზე“ დასავლეთის პოლიტიკის მარცხზე ესაუბრა.

- რუსული 40 წლის ასაკში ვისწავლე. მაშინ პარიზში ბევრი რუსულენოვანი ინტელექტუალი იყო. რუსული წიგნები იყო, მაინტერესებდა. მოსკოვში 1992 წელს ჩავედი. პუშკინის მოედანზე ხალხი იკრიბებოდა, საუბრობდა, მეც ვსაუბრობდი მათთან ერთად. ახლა რუსეთში დიქტატურაა, ყველა დუმს. მაგრამ მე ვსწავლობდი რუსულს იმისთვის, რომ ამ ენაზე მელაპარაკა. ძალიან ბევრი დრო და ფული დავხარჯე საიმისოდ, რომ ახლა გავჩუმდე. მართალია, რუსეთში არ შემიძლია რუსულად საუბარი, მაგრამ აგერ სკაიპით მაინც გელაპარაკებით.

- რუსეთში რატომ არ შეგიძლიათ?

- მელოდებიან იქ!

- ვინ?

- უშიშროება. 1992 წელს ბიზნესით ვიყავი დაკავებული, ქარხნებს შესადუღებელ მოწყობილობებს ვაწვდიდი. საქმე კარგად მქონდა აწყობილი, სანამ 2008 წელს საქართველოში ომი არ დაიწყო. მერე ჩემს კლიენტებს გაუფუჭდათ საქმე და ჩემი ბიზნესიც მათ მიჰყვა. 2012 წელს, როდესაც მოსკოვში საპროტესტო გამოსვლები ეწყობოდა, მათ ტელეფონით ვიღებდი. პოლიციამ რამდენჯერმე დამაკავა, ერთხელ ასფალტზეც დავეხეთქე, მეუბნებოდნენ, შეწყვიტე გადაღებაო. 2017 წელს უკანასკნელად გამაფრთხილეს. რუსეთიდან ივლისში წამოვედი, სექტემბერში კი ჩერნოგორიაში ჩავედი და იქიდან ვიაჩესლავ მალცევი და ორი მისი თანამებრძოლი წამოვიყვანე საფრანგეთში. ასე რომ, ახლა შეუძლიათ ტერორიზმის ხელშეწყობისთვის ჩამსვან.

- თქვენ რუსეთში სსრკ-ის დაშლიდან მალევე ჩამოხვედით. მოესწარით ელცინის პერიოდს, შემდეგ პუტინისას. როგორ ფიქრობთ, სად რა შეგვეშალა, რატომ ვერ მოვახერხეთ დემოკრატიული საზოგადოების აშენება?

- ეს ისტორიის კანონია. სახელმწიფოების ფორმირების დროს ყოველთვის აღმოჩნდება ხოლმე იგივე, ოღონდ „ნეო“ ვარიანტი. თუ ადრე რუსული იმპერიალიზმი იყო, ახლა რუსული ნეოიმპერიალიზმია. თავიდანვე ჩანდა, რომ საბჭოთა კავშირს ბევრი გამოეტირებოდა, რომ ვიღაც შეეცდებოდა ეს უკვე გამქრალი სახელმწიფო ნაჭერ-ნაჭერ შეეკოწოწებინა. ჩვენთან, საფრანგეთშიც ასე მოხდა. როდესაც საფრანგეთის კოლონიალური იმპერია დაიშალა, სამხედროების ნაწილმა ალჟირში გადატრიალება მოაწყო. უნდოდათ, პრეზიდენტი დე გოლი ჩამოეგდოთ და საფრანგეთი იმ სახით შეენარჩუნებინათ, რომელიც მათთვის იყო მისაღები. არაფერი გამოუვიდათ. პუტინიც იმავეს ცდილობს. რუსეთისა და მსოფლიო საზოგადოების შეცდომა ისაა, რომ ეს ვერ გათვალეს. არ შეიძლებოდა იმ რუსეთის ნდობა, რომელსაც საბჭოთა კავშირის ყველა უფლებამოსილება გამოჰყვა. არ უნდა დაეშვათ, რომ საბჭოთა კავშირის ქვეყნებს შორის მხოლოდ რუსეთს ჰქონოდა ბირთვული იარაღი. უკრაინასაც რომ შეენარჩუნებინა, ეს მისთვის თავდაცვის დამატებითი საშუალება იქნებოდა. 1990 წლის დასაწყისში ისტორიკოსებს პოლიტიკოსებისთვის უნდა მოეყოლათ, რომ ასეთი ფენომენი არსებობს. მაგრამ ასე არ მოხდა და ახლა ამის შედეგებს ვიმკით.

ვილის აივანზე
ვილის აივანზე

- ახლა რა ვქნათ, რა იქნება?

- ახლა ამ ნეოიმპერიალიზმს უნდა მოვუგრიხოთ კისერი. არის ხალხი, რომელიც დროზე ცვლის მანქანას, სხვები უცდიან, სანამ ბოლომდე არ დაიშლება. ხალხის, ერების შემთხვევაშიც ასეა. მასშტაბური ცვლილებებისთვის კრახი და ომია საჭირო, სრული განადგურება, რომ მერე ნამსხვრევებისგან რაღაც ახალი შეაკოწიწო. მგონია, რუსეთის ფედერაციას ეს მალე დაემართება. ამ ტერიტორიაზე თავის დროზე ჯერ ოქროს ურდო დაიშალა, შემდეგ რუსეთის იმპერია, შემდეგ სსრკ. რუსეთის ფედერაციაც აუცილებლად დაიშლება და მხოლოდ იმის იმედი უნდა გვქონდეს, რომ მის რომელიღაც ნაწილში დემოკრატიული წყობა ჩამოყალიბდება და შემდეგ სხვა ახალ სახელმწიფოებზეც გავრცელდება.

- კარგი, რუსებს შევეშვათ. ნათესავები მყავს საფრანგეთში, რომლებმაც მარინ ლე პენს მისცეს ხმა. ისინი პატივს სცემენ პუტინს, ამბობენ, ნეტავ ასეთი აქ მოგვცა, ამერიკელებისგან დაგვიცავდაო. ისინი ახლა, რა თქმა უნდა, ომის წინააღმდეგი არიან, მაგრამ თან კითხულობენ, მართლა უკრაინელები ხომ არ ბომბავენ საკუთარ ქვეყანასო. ეს საერთოდ რა არის?

- საფრანგეთი ძალიან კორუმპირებული ქვეყანაა, აქ ყველაფერი იყიდება, პირველ რიგში კი, პოლიტიკური პარტიები და მედია. პუტინის აგენტები აქ ყველგან არიან. მათ საზოგადოებრივი აზრი იყიდეს. მაგალითად, აქ ბიარიცში: რამდენიმე წელია ვცდილობ, ადგილობრივი ბასკები პუტინის სასახლეების წინ შევკრიბო და მისი კონფისკაცია მოვითხოვო, როგორც ეს სხვა ქვეყნებში ხდება. არაფერი გამომივიდა! მხოლოდ ერთხელ შევძელი ანარქისტების შეკრება, მაშინ როცა ანარქისტები რუსეთში დააკავეს.

ოთახი ვილაში
ოთახი ვილაში

- რას ნიშნავს, პუტინის აგენტები ყველგან არიან?

- მაგალითად, Russia Today, რომელიც ახლა დახურეს საფრანგეთში. მანამდე ეს ფრანგული ოპოზიციის ტრიბუნა იყო, უკიდურესი მემარცხენეებით დაწყებული - უკიდურესი მემარჯვენეებით დამთავრებული. თავიანთი პროგრამების გარდა ისინი პუტინის პროპაგანდასაც ავრცელებდნენ. ამიტომ ასეთი უცნაური ვითარება ჩამოყალიბდა, ფრანგი ნაციონალისტებიც და კომუნისტებიც პუტინს ემხრობიან. ბევრი მეუბნებოდა რომ ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს აგენტი ვარ და სოროსისთვის ვმუშაობ - არაფერს გახსენებთ? ახლა ისინი ყველანი უკრაინაში ომის წინააღმდეგ გამოდიან, მაგრამ ამბობენ, რომ ეს ნატომ აიძულა პუტინი შეტევაზე გადასულიყო და ნატოს რომ აღმოსავლეთისკენ გაფართოება არ გადაეწყვიტა, არაფერიც არ მოხდებოდა.

- მაგრამ Russia Today მთელი საფრანგეთის მედია არ არის.

- საფრანგეთში ყველა მედია იყიდება. 2018 წელს პუტინზე ფილმი გამოვიდა. მთელ ევროპაში მაშინვე აჩვენეს, საფრანგეთის სახელმწიფო არხზე კი დაგვიანებით გაუშვეს და თან შუაღამისას, თითქოს პორნოგრაფია ყოფილიყო. ყველაფერს თავი დავანებოთ, მაკრონის პირადი მცველი და ახლო მეგობარი ალექსანდრ ბენალა პუტინის ოლიგარქებთან ურთიერთობაში იყო შემჩნეული, მათგან მაროკოში ფული აიღო. პუტინის აგენტები მხოლოდ გაზეთებში კი არა, დიდი ხანია ელისეს სასახლეში არიან. თუმცა, მათთვის ახლა რუსეთს ფული აღარ ექნება.

- შამალოვის ვილასთან დაკავშირებით რა ხდება?

- აქ ორი ვილაა მთავარი - ლუდმილა პუტინას და შამალოვის, რომელშიც ჩვენ შევიჭერით. პუტინას ვილას უკვე ათი წელია არემონტებენ. იქ არასდროს იცხოვრებენ, რადგან ყველამ იცის ამის შესახებ. შამალოვის ვილაზე ადრე დიდად არ წერდნენ, იქ ყოველ ზაფხულს ჩამოდიოდა. შარშან მეც ვნახე თავის მოდელ საყვარელთან ერთად. ადრე ამ სახლთან გავლაც კი შეუძლებელი იყო. აუცილებლად ვიღაც მოვიდოდა პრეტენზიით, რომ აქ გადაღება არ შეიძლება. ახლა არც გარეთაა ვინმე, არც შიგნით.

გვინდოდა, იქ უკრაინელი ხიზნები შეგვესახლებინა. ეს რომ გამოგვსვლოდა, ვერანაირი პოლიცია ვერ გაბედავდა მათ იქიდან გამოყრას. დღე-დღეზე ველოდებოდით ქალებს და ბავშვებს. მაგრამ ვიჩქარეთ და ინტერნეტში ვიდეო გამოვაქვეყნეთ. ეტყობა, ვილის პატრონებმა იცნეს და პოლიციას შეატყობინეს. ახლა ამის გაკეთება მხოლოდ მაშინ გამოვა, თუ ბევრი ხალხი შეიყრება და მიტინგს მოაწყობენ. მაგრამ სანამ არავინ გამოდის, საზოგადოებრივი აზრი ჩვენ წინააღმდეგაა. ჩვენი ოპერაცია ჩაფლავდა, მაგრამ ვფიქრობ, რომ პატარა, ვირტუალური გამარჯვება მაინც მოვიპოვეთ: პუტინის სასახლეზე აფრიალებული უკრაინული დროშის ფოტო მთელ მსოფიოში გავრცელდა. ასე ვაჩვენეთ, რომ პუტინს წინააღმდეგობას უწევენ. ამით რუსეთის ოპოზიცია გავამხნევეთ, რომელსაც პოლიცია ომის საწინააღმდეგო პიკეტების გამო აკავებს. ჩვენ მხარი დავუჭირეთ უკრაინელებს, რომლებიც საკუთარ სამშობლოს იცავენ.

XS
SM
MD
LG