სალომე ასათიანის პოდკასტი
„ომი მშვიდობაა“ – ინგლისელი მწერლის, ჯორჯ ორუელის დისტოპიურ რომანში „1984“ ეს ლოზუნგი უზარმაზარი ასოებითაა გამოსახული თეთრ პირამიდაზე - წარმოსახვითი ტოტალიტარული სახელმწიფოს, ოკეანიის ჭეშმარიტების სამინისტროს შენობაზე. ჭეშმარიტების სამინისტრო - ანუ ჭეშსამი - აქ დაკავებულია სიცრუით, მშვიდობის სამინისტრო დაკავებულია ომის საკითხებით, სიყვარულის სამინისტრო - წამებით, დოვლათის სამინისტრო კი შიმშილით. ეს წინააღმდეგობები - გვასწავლიან ამ ტოტალიტარული სახელმწიფოს იდეოლოგები - არც შემთხვევითია და არც ჩვეულებრივი ფარისევლობიდან მომდინარეობს. ისინი მიზანმიმართული ვარჯიშებია ორაზრში - ინდოქტრინაციის სისტემაში, რომელშიც მოქალაქემ ერთდროულად უნდა იწამოს ორი ურთიერთგამომრიცხავი აზრი, თუ ცნება, მათ შორის ოკეანიის მმართველი პარტიის სამი უმთავრესი ლოზუნგის სახით - „ომი მშვიდობაა, მონობა თავისუფლებაა, უმეცრება ძალაა“. თავად ორაზრი კი უფრო დიდი ენობრივი სისტემის, ნიუსპიკის - ახალმეტყველების - ნაწილია - ანუ ოკეანიის მმართველი პარტიის მიერ შექმნილი, იდეოლოგიზირებული და პროპაგანდისტული ენის, პრიმიტიულობამდე დაყვანილი გრამატიკით და უკიდურესობამდე შემცირებული ლექსიკონით. ნიუსპიკს - ახალმეტყველებას - მკაფიო მიზანი აქვს: მისით ადამიანებს უნდა შეეზღუდოთ ფიქრის, დაეჭვების, განსჯის და სახელმწიფოსთვის არასასურველი, აზრის პოლიციის მიერ კრიმინალიზებული იდეების გაჩენის და გამოხატვის უნარი.
„ორაზრიც“ და „ახალმეტყველებაც“ - ჯორჯ ორუელის მიერ 70-ზე მეტი წლის წინ მოფიქრებული ეს ცნებები - ამ დღეებში ტრაგიკულად გაგვიცოცხლდა. მსოფლიო გახევებული უყურებს უკრაინაში რუსეთის გაშიშვლებულ, აწყვეტილ ბარბაროსობას და თან უსმენს საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვს, რომელიც ჭეშსამის ლოზუნგს, „ომი მშვიდობაა“, სულ ოდნავი მოდიფიკაციით გვთავაზობს - „რუსეთის სამხედრო ოპერაციის მიზანია იმ ომების აღკვეთა, რომლებიც უკრაინის ტერიტორიაზე შეიძლება მოხდეს“. რუსეთის მიერ უკრაინაში დატრიალებული უბედურების ფონზე, კლასიკურ მედიაშიც, ანალიტიკურ მედიაშიც და სოციალურ მედიაშიც ხშირად კიაფობს სიტყვა „ორუელიანული“. უფრო ზუსტი და უფრო მტკივნეული ზედსართავის მისადაგება ალბათ მართლაც შეუძლებელია იმ რეალობისთვის, რომელშიც მოსკოვი უკრაინის საავადმყოფოებს, საბავშვო ბაღებს და მშვიდობიან მოსახლეობას ბომბავს - და ამ დროს რუსეთის მედიას ოფიციალურად აეკრძალა სიტყვების „ომი“ და „შეჭრა“ გამოყენება, ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრი აუღელვებელი ტონით აგრძელებს ორუელისეული ორაზრის - მკაფიო რეალობის საპირისპირო რეალობით დათრგუნვის - ემბლემატური ფრაზების ფრქვევას. მაგალითად ასეთის: „ჩვენ უკრაინაში არ შევჭრილვართ“.
ჯორჯ ორუელის „1984“ ინგლისში პირველად 1949 წლის ივნისში გამოქვეყნდა, და ამჟამინდელი ტრაგიკული დღეები ნამდვილად არ არის პირველი შემთხვევა, როცა ის ახლებური სიმწვავით იწყებს ფეთქვას. მისი დაბეჭდვიდან 70-ზე მეტი წელია გასული და დღეს უკვე ვიცით, რომ ლიტერატურის, და რომანების ისტორიაში ამ წიგნს გამორჩეული ბედი, რაღაცნაირად დამზაფვრელი სიცოცხლისუნარიანობა ერგო. ცხადია, ორუელის ეს დისტოპიური კოშმარი თავის ეპოქას ეკუთვნის - ის ცივი ომის დასაწყისს ეხმიანება და უწინარესად სტალინური საბჭოეთის, და უფრო ზოგადად ტოტალიტარიზმის ფენომენის შესახებ გამოდის სისხლისგამყინავი გაფრთხილებით; მაგრამ ეს რომანი არაფრით არ „ძველდება“ და ჯიუტად ინარჩუნებს აქტუალურობას. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აღმოსავლეთ ევროპის ბლოკმა წარმოშვა ქვეყნები, რომლებიც ძალიან გავდა „1984“-ის გვერდებზე აღწერილ ტოტალიტარულ ოკეანიას; 1950-იანი წლების ამერიკელი მკითხველი ამ რომანში მაკარტიზმის, მტრის ხატების შექმნის და კუდიანებზე ნადირობის გამოძახილს ხედავდა. 1970-იან წლებში ამ ტექსტს ციტირებდნენ უოტერგეიტის სკანდალთან და ნიქსონის ადმინისტრაციის წევრების მხრიდან ოპონენტებზე თვალთვალთან მიმართებით. „1984-მა“, თავისი ნიუსპიკით და ორაზრით, შეერთებულ შტატებში განსაკუთრებული სიმწვავე კიდევ ერთხელ შეიძინა დონალდ ტრამპისეული პოპულიზმის აღზევების ფონზე, ტრამპის ადმინისტრაციისთვის ემბლემატური და ღრმად ორუელიანური ფრაზითურთ - „ალტერნატიული ფაქტები“.
ორუელის „1984-მა“ და საბჭოთა რუსეთის შესახებ მისმა უკვდავმა ალეგორიულმა იგავმა „ცხოველების ფერმა“, პოლიტიკაზე ფიქრი დაიპყრო და იქ დარჩა. მისეულ სახეებს, ცნებებს თუ ფრაზებს - Big Brother Is Watching You, ანუ „დიდი ძმა გითვალთვალებს“, აზრის პოლიცია, ახალმეტყველება, და, რა თქმა უნდა, „ყველა ცხოველი თანასწორია, მაგრამ ზოგიერთი ცხოველი უფრო თანასწორია ვიდრე სხვები“ - ადამიანები, მათ შორის ისინიც, ვისაც „1984“ არასოდეს წაუკითხავს, ლამის ყოველდღიურ მეტყველებაში იყენებენ. ეს სახეები მუდმივად გვახსენდება მაშინ, როცა ძალაუფლების მქონენი ისევ უტიფრად ასახიჩრებენ სიმართლეს, როცა ომახიანად გვატყუებენ, როცა ყველგან გვითვალთვალებენ, შიშში გვაცხოვრებენ, კრიტიკულ აზრს ახშობენ და ენაზე ძალადობენ. ან - უფრო ზოგადად - როცა მზარდი ძალაუფლებით მზარდად ირყვნებიან ხოლმე.
„ასათიანის კუთხე“ დღეს ორუელს ეძღვნება - რომელსაც, შექსპირთან ერთად, მსოფლიოში ყველაზე ცნობილ ინგლისელ მწერლად მიიჩნევენ. დღეს ვილაპარაკებთ ავტორზე, რომელიც „დამოუკიდებელი მოაზროვნის“ არქეტიპულ სახედ რჩება - არაორდინარულ, ცოტა ექსცენტრიკულ და მარტოსულ კაცზე, ჟურნალისტზე, პუბლიცისტზე, რომელიც ბევრ თითქოს ურთიერთგამომრიცხავ მახასიათებელს აერთიანებს. ჯორჯ ორუელი იყო სოციალისტი - რომელმაც დაწერა სახელმწიფო სოციალიზმის და კოლექტივიზმის ყველაზე დამანგრეველი და სიცოცხლისუნარიანი კრიტიკა, იყო ინტელექტუალი, რომელიც ყოველთვის ეჭვით და შიშით ეკიდებოდა ინტელექტუალებს და მემარცხენე ავტორებს. ჯორჯ ორუელს მაღალი სოციალური წარმომავლობა ჰქონდა - მაგრამ თავისი მშობლების მდიდარ კლასს ახალგაზრდობაშივე გაემიჯნა, მაწანწალა მწერლის იმიჯი მოირგო და დროს მუშებთან, უსახლკაროებთან, ღატაკებთან ატარებდა. ორუელი ცხოვრების ბოლომდე ურყევ ანტი-ნაციონალისტად და ბრიტანეთის იმპერიული მისწრაფებების მწვავე კრიტიკოსად დარჩა - არადა მის პატრიოტიზმზე და ინგლისთან, თუ ინგლისელობასთან კავშირზე წიგნებია დაწერილი. და იყო ღრმად არარელიგიური კაცი - რომელიც ულამაზეს ტექსტებს უძღვნიდა ლიტურგიის ტრადიციებს და სინანულით ეკიდებოდა ადამიანთა ცხოვრებაში რელიგიის როლის, თუ ფუნქციის გაქრობას.
„ასათიანის კუთხეს“ ჯორჯ ორუელის ცხოვრების და მემკვიდრეობის ორი წამყვანი მკვლევარი სტუმრობს. ეპიზოდში მოვუსმენთ დევიდ - დი ჯეი - ტეილორს, ოქსფორდის უნივერსიტეტის ყოფილ პროფესორს, რომელსაც ბრიტანეთშიც და მის გარეთაც ორუელის ყველაზე ავტორიტეტიან ბიოგრაფად იცნობენ, და რობერტ კოლსს, ლესტერის და მონფორის უნივერსიტეტების კულტურის კვლევების ემერიტუს პროფესორს, რომელსაც ძალიან კარგი წიგნი, „ორუელი: ინგლისელი მეამბოხე“ ეკუთვნის.
ჩვენი სტუმრები მოგვიყვებიან იმ რთულ ცხოვრებისეულ და ხშირად სხეულებრივ გზაზე, რომლითაც ორუელი მუდმივად, დაუღალავად ეძებდა თუნდაც არახელსაყრელ და არაპოპულარულ სიმართლეს. მან ბრიტანეთის იმპერიული პოლიციელის როლში მსახურებით გაიაზრა იმპერიალიზმის და კოლონიალიზმის სისასტიკე, ინგლისის ინდუსტრიულ ჩრდილოეთში ქვანახშირის მაღაროში ჩაეშვა და იქ თავისი, პრივილეგირებული სოციალური კლასისგან სრულიად განსხვავებული, სადა, პატიოსანი და მშრომელი ინგლისელები იპოვა. ორუელი ფაშისტურ ძალებს პირადად ებრძოდა და ყელში ტყვიის გამჭოლი ჭრილობაც მიიღო ესპანეთის სამოქალაქო ომში - სანაც მან, ამავდროულად, სტალინის და საბჭოთა კავშირის დამანგრეველი გავლენაც დაინახა ესპანეთის ავთენტურ მემარცხენე მოძრაობებზე. და ამ პირადმა, მტკივნეულმა გამოცდილებებმა - ერთად - ორუელისთვის შესაძლებელი გახადა უკომპრომისო დისტანცია შეენარჩუნებინა მეოცე საუკუნის სამ უმწვავეს პრობლემასთან - იმპერიალიზმთან, ფაშიზმთან და სტალინიზმთან მიმართებით, განსხვავებით მისი ეპოქის ბევრი სხვა ინტელექტუალისგან, რომელთა ბიოგრაფიებსაც ამ სამიდან რომელიმე ერთი მანკიერი სისტემის მიმართ მაინც ატყვია შემწყნარებლობის, ან სულაც ენთუზიასტური მიმართების ლაქა.
„საიმისოდ, რომ სადა, ძლიერი ენით წეროს, ადამიანმა უშიშრად უნდა იაზროვნოს - ხოლო თუ ადამიანი უშიშრად აზროვნებს, ის არ შეიძლება პოლიტიკური დოგმების მიმდევარი იყოსო“, ამბობდა ორუელი. და მისი თაყვანისმცემლები ერთხმად გვეტყვიან, რომ ორუელი ნამდვილად რჩება მკაფიო, გამჭვირვალე, ძარღვიანი ენის, პრინციპული და უკომპრომისო პოზიციების მქონე ავტორად - რომელიც თან ყოველთვის ახერხებდა იდეოლოგიური დოგმების თუ დოქტრინების მიღმა ყოფნას. ეპიზოდის მსვლელობისას, ჩვენს სტუმრებთან ერთად, ორუელის პოლიტიკური აზროვნების განვითარებაზე, მის „დრამატურგიაზეც“ ბევრს ვისაუბრებთ - და, ცხადია, ნაწყვეტებსაც წავიკითხავთ ორუელის მხატვრული და პუბლიცისტური ტექსტებიდან, მათ შორის „ცხოველების ფერმიდან“, რომელიც ევროპულ ლიტერატურაში მეიგავეობის ტრადიციას აგრძელებს და პოლიტიკური სატირის ერთ-ერთ მწვერვალად რჩება.