Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რადიო თავისუფლება ახალ ბიუროებს ხსნის რიგასა და ვილნიუსში


რადიო თავისუფალი ევროპა / რადიო თავისუფლება ახალ ბიუროებს ხსნის ლატვიისა და ლიეტუვის დედაქალაქებში - რიგასა და ვილნიუსში. კორპორაციამ ამის შესახებ 17 მარტს გამოაცხადა. მანამდე რამდენიმე დღით ადრე მოსკოვში რადიო თავისუფლების ბიურო იძულებული გახდა, შეეწყვიტა მუშაობა რუსეთის ხელისუფლების მხრიდან ზეწოლისა და ჟურნალისტების უსაფრთხოებისთვის მუქარის გამო.

ბალტიის ქვეყნებში ახალ ბიუროებში იმუშავებენ რადიო თავისუფლების რუსული რედაქციის ჟურნალისტები, რომლებიც მანამდე მოსკოვში მუშაობდნენ, ასევე რადიო თავისუფლებისა და „ამერიკის ხმის“ ერთობლივი ტელეპროექტის, Current Time-ისა და რადიო თავისუფლების ბელარუსული რედაქციის ჟურნალისტები, რომლებიც იძულებული შეიქნენ, დაეტოვებინათ ბელარუსი ოპოზიციისა და დამოუკიდებელი მედიის მიმართ რეპრესიების გამო.

როგორც კორპორაციის პრეზიდენტმა ჯეიმი ფლაიმ განაცხადა, „რთე/რთ-ის ახალი ბიუროები საშუალებას მოგვცემს, მივმართოთ ჩვენს აუდიტორიას რუსეთსა და ბელარუსში, მიუხედავად ამ ქვეყნების ხელისუფალთა ყოველგვარი მცდელობისა, ჩაახშონ დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის ხმა. ჩვენ გავაფართოებთ ჩვენს წარმატებულ საქმიანობას რუსეთსა და ბელარუსში აუდიტორიასთან ურთიერთქმედების თვალსაზრისით, ჩვენ მას იმავე მნიშვნელოვან ინფორმაციას მივაწვდით, რომელსაც ისინი მოელიან ჩვენგან და რომლის მწვავე საჭიროებასაც განიცდიან“. ფლაიმ მადლობა გადაუხადა ლიეტუვასა და ლატვიას სიტყვის თავისუფლების მხარდაჭერისთვის და ჟურნალისტების დახმარებისთვის, რომლებიც იძულებული იყვნენ, დაეტოვებინათ საკუთარი ქვეყნები.

რიგაში რთე/რთ გახსნის მულტიმედიურ ბიუროს, სადაც იმუშავებენ რადიო თავისუფლების რუსული რედაქციისა და Current Time-ის ჟურნალისტები. რიგაში განთავსდება ასევე კორპორაციის ახალი ქვედანაყოფი, რომელიც საგამოძიებო ჟურნალისტიკაში იმუშავებს. ვილნიუსის ბიუროში იმუშავებენ რადიო თავისუფლების ბელარუსული რედაქციისა და Current Time-ის იმ პროექტების მონაწილეები, რომლებიც ბელარუსის რუსულენოვან აუდიტორიაზეა გათვლილი.

6 მარტს რთე/რთ-მ გამოაცხადა, რომ წყვეტს რუსეთში თავისი ბიუროს მუშაობას. მანამდე რუსეთის ფედერალურმა საგადასახადო სამსახურმა მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს მიმართა მოთხოვნით კორპორაციის ძალდატანებით გაკოტრებულად გამოცხადების შესახებ. გაკოტრების ტექნიკური მიზეზია რთე/რთ-ის უარი, გადაეხადა ჯარიმები, რომლებსაც მას „როსკომნადზორი“ აკისრებდა იმის გამო, რომ კორპორაცია საკუთარ მასალებს არ ურთავდა იარლიყს „უცხოეთის აგენტი“.

XS
SM
MD
LG