Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საია შს სამინისტროსგან მოითხოვს სამირა ბაირამოვას უსაფრთხოების დაცვას


„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ დაიცავს მარნეულელი სამოქალაქო აქტივისტის, სამირა ბაირამოვას უფლებებს, რომელიც რამდენიმე დღის წინ, პროტესტის ნიშნად „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისის უკრაინის ფერებში შეღებვის გამო მათგან მუქარის სამიზნე სამიზნე გახდა.

საია წერს, რომ მუქარის შემდეგ, 16 მარტს, რადიკალური ჯგუფის წევრებმა მარნეულში ვიდეომიმართვა ჩაწერეს, რომელიც, თავისი ფორმითა და შინაარსით, ასევე შეიცავდა მუქარას.

„ვიდეო მიმართვაში ძალადობრივი ჯგუფი პარტიის სიმბოლიკის გადაღებვას, რელიგიური სიმბოლოს - ჯვრის შეურაცხყოფად წარმოაჩენს, რითაც ცდილობს პრორუსული პარტიის მიმართ გამოხატულ პროტესტს ქრისტიანულ რელიგიასთან დაპირისპირების სახე მისცეს. პარტიული დროშა/პლაკატი, რომელიც შესაძლოა ჯვრის ფორმის მოხატულობას შეიცავდეს, მას რელიგიურ სიმბოლოდ არ აქცევს. მსგავსი ინტერპრეტაცია მიუღებელი და საფრთხის შემცველია“, - წერს საია.

ორგანიზაცია მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოს:

  • გაატაროს სათანადო ზომები სამირა ბაირამოვას უსაფრთხოების დასაცავად;
  • გააკეთოს მკაფიო განცხადება, რომ ძალადობრივი ჯგუფების ქმედებები არ დარჩება დაუსჯელი;
  • დროულად გამოიძიოს მუქარის შემცველი ყველა ეპიზოდი და გამოავლინოს პასუხისმგებელი პირები.

ბოლო ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით (მუქარა) დაიწყო. თუმცა, როგორც "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" განცხადებაში ვკითხულობთ, ამ ჯგუფის მიერ 5-6 ივლისს განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ამგვარი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდება ამ დრომდე დაუსჯელია, რაც გამოძიების მიმართ ნდობას ამცირებს და ახალისებს მოძალადე ჯგუფების ქმედებებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამირა ბაირამოვას მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებაც დაიწყო და მის მიმართ იერსახის დამახინჯების მუხლით ოქმი შეადგინა.

სამირა ბაირამოვას მიმართ მუქარის ფაქტზე პარლამენტში მისულ შს მინისტრს, ვახტანგ გომელაურს სასწრაფო რეაგირება მოსთხოვეს პარლამენტის დეპუტატებმა ნინო წილოსანმა და თეონა აქუბარდიამ.

XS
SM
MD
LG