უკვე ორი კვირაა პოლონეთში ვარ. ამ დროის მანძილზე არ შემწყდარა კითხვები მათგან, ვისაც ჩამოსვლა და მოხალისედ მუშაობა სურს. ცალ-ცალკე ყველასთვის მიწერა რთულია, ამიტომ გადავწყვიტე, ჩემს გამოცდილებაზე დაყრდნობით, აქ დამეწერა მოკლე რჩევები ყველასთვის, ვინც მოხალისეობითაა დაინტერესებული.
რა უნდა იცოდეს მოხალისემ, რომელიც უკრაინის დასახმარებლად მოდის?
#1 - საზღვარზე ფიზიკური დახმარება საჭირო არ არის
ამ ეტაპზე მაინც, დანამდვილებით. გამოხიზნულებს გვერდში დაუდგნენ მოქალაქეები თითქმის მთელი პოლონეთიდან. ანაწილებენ ჰუმანიტარულ დახმარებას და საკვებს, არიგებენ ჰიგიენურ საშუალებებს. თუ მაინცდამაინც საზღვარზე გინდათ ყოფნა, ერთ თვეში, ორ თვეში ჩამოდით. ეს კრიზისი კიდევ ძალიან დიდხანს გაგრძელდება და პოლონეთის მოხალისეების რესურსი უსასრულო არაა.
#2 - რისი დეფიციტია და, შესაბამისად, საჭიროება
მეორე მნიშვნელოვანი თემაა ომს გამოქცეულების საჭიროებები. არ ჰყოფნის მოხალისეები, ვინც იცის რუსული ენა. უკრაინელებს აქ ხვდებიან პოლონელები და ევროპის სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები, რომლებსაც არათუ რუსულად, ინგლისურადაც კი არ შეუძლიათ საუბარი. არადა, პოლონეთში გადმოსულ უკრაინელებს ყველაზე მეტად ინფორმაცია სჭირდებათ - სად არის წყალი, სად დაიძინოს ბავშვმა, სად გაიკეთოს ინსულინის ნემსი, რომელი მატარებელი რომელი ბაქნიდან გავა და რა დროს. თუ რუსულს არ ფლობთ, დამიჯერეთ, ხელს უფრო შეუშლით პროცესს, ვიდრე დაეხმარებით.
კიდევ ერთი საჭიროება, ღამე მუშაობაა. აქ მცხოვრები მოხალისეები ღამე სახლში მიდიან. თუ შეგიძლიათ, ღამე იმუშაოთ და რუსული იცით, კარგი კანდიდატი ხართ.
თუ გაქვთ სპეციფიკური პროფესიული ცოდნა - მაგალითად, რუსულად მოსაუბრე ფსიქოლოგი ხართ, ეგეც ძალიან გამოსადეგია.
#3 - კონკრეტულად სად არის დახმარება საჭირო
ყველა მოხალისე საზღვარს მიაწყდა, არადა, იქ დევნილები ერთი-ორი დღე თუ დარჩებიან და მალევე ნაწილდებიან ძირითადად კრაკოვსა და ვარშავაში. სადგურები და თავშესაფრები სავსეა და რუსულის თუ ინგლისურის მცოდნე ყველგან საჭიროა. პოლონეთში ბევრი უძრავი ქონება არ არის. ვარშავა იმდენად გადავსებულია, რომ უკვე ფიქრობენ, ხალხი პატარა ქალაქებში გადაიყვანონ, სადაც სიტუაციის მართვა უფრო მარტივი იქნება.
#4 - კარგად გაიაზრეთ, რა ხარჯები გელოდებათ
ყველა ხარჯის დაფარვა თავად მოგიწევთ. ჯერჯერობით, არ არსებობს არავითარი „მოხალისეთა ცენტრი“, სადაც ვიღაც დაგაკვალიანებთ, გაჭმევთ და გაცხოვრებთ (რატომღაც ყველას ასე ჰგონია). საზღვართან ღამის გასათევის პოვნა თითქმის შეუძლებელია; უფრო მარტივად დარჩებით დიდ ქალაქში. სქემა კი ასეთია: ჩადიხართ, მიდიხართ ყველაზე დიდ სადგურში, რეგისტრირდებით დახლთან და იწყებთ საქმიანობას. ინსტრუქციებს ნურავისგან დაელოდებით; აქ ხელმძღვანელობა არ არის.
#5 - სანამ წამოხვალთ, კიდევ ერთხელ ჰკითხეთ საკუთარ თავს - ნამდვილად მზად ვარ?
და ბოლოს, არ წამოხვიდეთ, თუ არ ხართ მზად, უთვალავი საათის და გრძელზე გრძელი დღეების განმავლობაში განუწყვეტლივ გქონდეთ კომუნიკაცია უკიდურეს სტრესში მყოფ ადამიანებთან. თუ არ ხართ მზად, რომ უსასრულო მოთმინებით მიუდგეთ საქმეს, აჯობებს, უბრალოდ თანხა გადარიცხოთ რომელიმე ფონდში. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ჩემ თვალწინ, ბევრი საყვარელი, გულთბილი მოხალისე ერთ ღამეში გაღიზიანებულ, გადამწვარ ადამიანად გადაიქცა, რომელიც ლტოლვილებს წვრილმანებზე უყვირის, რა არის აქ გაუგებარიო. მოხალისეობა მარათონია, საკმაოდ რთული და საპასუხისმგებლო საქმე, რომელსაც ფიზიკური და მორალური მზაობა სჭირდება.