Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილი: გთავაზობთ, სასწრაფოდ შეიქმნას ევროკავშირში ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა


პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებისას საქართველოს პრეზიდენტი გამოვიდა ინიციატივით, შეიქმნას ევროკავშირში ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა და აპარატი, რომლის ხელმძღვანელიც შესაძლოა იყოს "ოპოზიციის წიაღიდან."

"მინდა მივმართო მთავრობას და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, ამ ურთულეს პერიოდში გამოყენებული იქნას ყველა ძალისხმევა, რათა შევძლოთ ერთიანი პოზიციების ჩამოყალიბება: ერთი მხრივ, ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე და მეორე მხრივ, უკრაინასთან მიმართებაში. ისე, რომ არცერთი საკითხი არ იქნას გამოყენებული ვიწრო, პოლიტიკური ინტერესებისათვის. მივესალმები გაწევრიანების შესახებ პრემიერის განცხადებას, მივესალმები რეზოლუციას, რომელიც მუშავდება პარლამენტში და ყველას მოვუწოდებ, რომ ეს რეზოლუცია ერთსულოვნად იქნას მიღებული. ასევე გავეცანი რამდენიმე არასამთავრობოს მიერ შექმნილ განცხადებას, საზოგადოების სხვა პეტიციებს თუ ინიციატივებს, რომლებსაც ასევე მივესალმები.

გთავაზობთ, რომ ყველა ეს წამოწყება იყოს გაერთიანებული და ყველამ ერთად მოვაწეროთ ხელი ერთ დოკუმენტს, რომელიც იქნება ჩვენი განაცხადის მხარდამჭერი და ნიშანი ამ საკითხზე ჩვენი სრული ერთიანობისა. და გადაეგზავნოს ევროკავშირს ერთ პაკეტად საქართველოს სახელით.

გთავაზობთ, რომ სასწრაფოდ შეიქმნას ევროკავშირში ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა და აპარატი, რომელიც შეიძლება ოპოზიციის წიაღიდან იქნას შერჩეული. ის განახორციელებს კოორდინაციას, რათა გაწევრიანების მოთხოვნები მყისიერად იქნას შესრულებული, როგორც სხვა კანდიდატი ქვეყნების შემთხვევაში ხდება", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას. მან მთავრობას მოუწოდა, შეიქმნას უსაფრთხოების საბჭოს გაფართოებული ფორმატი, რომელშიც ოპოზიციაც იქნება ჩართული და ასევე თქვა, რომ მნიშვნელოვანია გამოცხადდეს მორატორიუმი სიძულვილის ენის გამოყენებაზე.

საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება 2022 წლის 2 მარტს მას შემდეგ მიიღო, რაც, მიმდინარე ომის ფონზე, ანალოგიური გააკეთა უკრაინამ. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შესაბამის დოკუმენტს ხელი 3 მარტს მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს წარადგინა მოლდოვამაც.

სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას პარლამენტში ესწრებიან პარლამენტის დეპუტატები, მთავრობის წევრები, სახელმწიფო ინსტიტუტების პირველი პირები, დიპლომატები, რომელთა მიწვევაც, პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლის დროს, ერთგვარ ტრადიციას წარმოადგენს. პარლამენტში იმყოფება პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. პარლამენტში არიან სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და სასულიერო პირები.

XS
SM
MD
LG