ფრანგი აქტივისტი პიერ აფნერი აცხადებს, რომ „შტრუმით აიღეს პუტინის ციხე-სიმაგრე“ საფრანგეთის საკურორტო ქალაქ ბიარიცში.
აქტივისტმა ფეისბუკზე გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც ჩანს, რომ ზღვის სანაპიროზე მდებარე ერთ-ერთი ვილის აივანზე დგას უკრაინის დროშით ხელში.
გამოცემა The Insider-ი წერს, რომ ვილა „ალტა მირა“ პუტინის ერთ-ერთ ქალიშვილს ეკუთვნის. პიერ აფნერმა გამოცემას განუცხადა, რომ საკეტები გამოცვალა და ვილა მზად არის მიიღოს პუტინის რეჟიმს გაქცეული ადამიანები, უპირველეს ყოვლისა კი, უკრაინელი ლტოლვილები.
უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ, პუტინის რეჟიმის წარმომადგენლებსა და დაახლოებულ პირებზე ვრცელდება საერთაშორისო სანქციები, რომელთა შედეგად, მათ შორის, აღარ აქვთ ევროპაში ჩასვლის და უძრავ ქონებაზე წვდომის შესაძლებლობა.