Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მესაკუთრის თქმით, შუახევის მუნიციპალიტეტში „კონსერვატიულ მოძრაობას" ოფისი დააცლევინა - პარტიის პასუხი


„კონსერვატიული მოძრაობის" ოფისი ჭიათურაში
„კონსერვატიული მოძრაობის" ოფისი ჭიათურაში

შუახევში მცხოვრები დავით დავითაძე ამბობს, რომ ოთხი დღის წინ შუახევის ცენტრში მისი ოფისი ადგილობრივებმა იქირავეს და უთხრეს, რომ „კონსერვატიული პარტიის" წარმომადგენლები არიან. მისივე თქმით, შენობაზე აბრებიც გააკრეს, რომლებზეც „კონსერვატიული მოძრაობა" ეწერა.

„ვიფიქრე, ზვიად ძიძიგურის პარტიაა-მეთქი. მერე დამირეკა ჩემმა მეგობარმა და მითხრა, პრორუსული მოძრაობის წევრები არიანო შენს ოფისშიო. მე შვილმკვდარი მამა ვარ და ვიცი, რა სიმწარეა, ახლა ბავშვები რომ იხოცება უკრაინაში. ამას ვერ შევეგუებოდი. მე თვითონ 17 წელი მოსკოვში ვიცხოვრე, მაგრამ ეს ის რუსები აღარ არიან“.

დავით დავითაძის თქმით, „კონსერვატიული მოძრაობის" ადგილობრივი წევრები მისი ნაცნობი და მეგობრის შვილები იყვნენ, სწორედ ამიტომ დაუთმო ქირის სანაცვლოდ ოფისი. თუმცა დილით, მისი მოთხოვნით, ოფისიდან ავეჯი გაიტანეს და აბრებიც ჩამოხსნეს.

„ვკითხე, რატომ მომატყუეთ-მეთქი? ჩვენც არ ვიცოდით, მოვტყუვდითო, - მიპასუხეს და დღესვე ორივე ბიჭმა (ერთი ჩემი მეგობრის შვილია) დატოვა ეს მოძრაობა“.

განახლება

შუახევის ორგანიზაციიდან წევრების წასვლას არ ადასტურებს „კონსერვატიული მოძრაობისა" და „ალტ-ინფოს" ერთ-ერთი დამფუძნებელი კონსტანტინე მორგოშია: „შუახევისა და ხულოს ოფისების მეპატრონეებთან მხოლოდ სიტყვიერი მოლაპარაკება გვქონდა და ანგარიშსწორებაზე შეთანხმებული ვიყავით. საიჯარო ხელშეკრულება ჯერ არ იყო გაფორმებული და არც ოფისები გვქონდა გახსნილი. შესაბამისად, ვერც დაცლას მოგვთხოვდნენ. შუახევსა და ხულოში ჩაერთო „ნაციონალური მოძრაობის" აქტივი და ძმები წულუკიძეების დაჯგუფება და მეიჯარეებზე მოხდა ზეწოლა. ამ ორივე მუნიციპალიტეტში ოფისს გავხსნით, რა თქმა უნდა, ოღონდ არა დღეს და ხვალ“, - თქვა კონსტანტინე მორგოშიამ.

მისი თქმით, საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ორგანიზაციამ 60-ზე მეტი ოფისი გახსნა, მათ შორის, აჭარის ოთხ მუნიციპალიტეტში - ბათუმში, ქობულეთში ხელვაჩაურსა და ქედაში.

XS
SM
MD
LG