Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის სამიტი ევროპის ენერგეტიკული დამოუკიდებლობისა და უკრაინის მხარდაჭერის საკითხებზე იმსჯელებს


ევროკავშირის ლიდერები 10 მარტს საფრანგეთში სამიტზე შეიკრიბებიან, რათა 27-წევრიანმა ბლოკმა უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის შედეგების სასწრაფოდ მოგვარების გზები გამონახოს.

ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის, საფრანგეთის, პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი კრიზისულ სამიტს ვერსალის სასახლეში უხელმძღვანელებს.

"რუსეთის აგრესიული ომი წარმოადგენს ტექტონიკურ ცვლილებას ევროპის ისტორიაში", - ნათქვამია ორდღიანი შეხვედრის საბოლოო დეკლარაციის პროექტში, რომელიც საინფორმაციო სააგენტო AFP-მა მოიპოვა.

ევროკავშირის ლიდერები უნდა მივიდნენ საერთო დასკვნამდე, თუ "როგორ შეუძლია ევროკავშირს შეასრულოს თავისი პასუხისმგებლობა ამ ახალ რეალობაში, დაიცვას ჩვენი მოქალაქეები, ღირებულებები, დემოკრატია და ჩვენი ევროპული მოდელი."

რუსეთის მიერ გაჩაღებულმა კონფლიქტმა, ევროკავშირის მხრიდან უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის მხარდაჭერის ზრდა გამოიწვია და მოსალოდნელია, რომ სამიტი განიხილავს უკრაინის ლიდერის მოწოდებას ევროკავშირის რიგებში უკრაინის სწრაფი გაწევრიანების შესახებ.

ევროპელი დიპლომატების თქმით, სამიტის მთავარი თემა ენერგეტიკის სექტორში ევროკავშირის დამოუკიდებლობის განმტკიცების გზების გადაუდებელი შესწავლა იქნება.

უკრაინაში შეჭრით გამოწვეული ენერგეტიკული ფასების ზრდამ, საფრთხე შეუქმნა ევროკავშირის ეკონომიკას, რომელიც უკვე დასუსტებულია კორონავირუსის პანდემიით.

ევროკავშირი ბუნებრივი აირის დაახლოებით 40 პროცენტის იმპორტს რუსეთიდან ახორციელებს. გერმანია, ევროპის უმსხვილესი ეკონომიკა, განსაკუთრებით დამოკიდებულია ენერგიის ნაკადზე, იტალიასთან და ცენტრალური ევროპის რამდენიმე ქვეყანასთან ერთად.

ევროკავშირის ნავთობის იმპორტის დაახლოებით მეოთხედი ასევე რუსეთზე მოდის.

XS
SM
MD
LG