Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იანუკოვიჩი პრეზიდენტ ზელენსკის მიმართავს


ფოტო არქივიდან: ვლადიმირ პუტინი და ვიქტორ იანუკოვიჩი. 2013 წლის ივლისი.
ფოტო არქივიდან: ვლადიმირ პუტინი და ვიქტორ იანუკოვიჩი. 2013 წლის ივლისი.

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი, სახელმწიფოს ღალატის ბრალდებით ძებნილი ვიქტორ იანუკოვიჩი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართავს, „სისხლისღვრა ნებისმიერ ფასად შეაჩეროს“. კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული ტექსტის მიხედვით, იანუკოვიჩი უკრაინისგან ცალკე მოიხსენიებს დონბასს.

იანუკოვიჩის მიმართვა დღეს, 8 მარტს გაავრცელა რუსულმა სააგენტომ „რია ნოვოსტი". ტექსტის მიხედვით, იანუკოვიჩი ზელენსკის მიმართავს „დიდმარხვის დაწყებისას, უდიდესი თანაგრძნობის სიტყვებით“ და აცხადებს, რომ „ნებისმიერ ტრაგედიაში არის მომენტი, როცა მისი შეჩერება ჯერ კიდევ შესაძლებელია“.

იანუკოვიჩის მიმართვის თანახმად, ბოლო 8 წლის განმავლობაში ყოველდღე ფიქრობდა, სწორად მოიქცა თუ არა, როცა უკრაინა დატოვა და დღეს "დარწმუნებულია, რომ ეს იყო ფართომასშტაბიანი სამოქალაქო ომის თავიდან აცილების ერთადერთი შესაძლებლობა". რუსეთის მიერ მხარდაჭერილი იანუკოვიჩი უკრაინის პრეზიდენტს მიმართავს, რომ „არ არსებობს ისეთი ხელისუფლება, რომელიც ბავშვების სისხლზე უფრო ძვირფასია“.

„კარგად მესმის, რომ ბევრი „მრჩეველი“ გყავთ, მაგრამ პირადად თქვენ ხართ ვალდებული, ნებისმიერ ფასად შეაჩეროთ სისხლისღვრა და მიაღწიოთ სამშვიდობო შეთანხმებას. ამას თქვენგან ელოდებიან უკრაინაში, დონბასში და რუსეთში. თქვენი მადლიერი იქნებიან უკრაინელი ხალხი და თქვენი პარტნიორები დასავლეთში", - ნათქვამია "რია ნოვოსტის" მიერ გამოქვეყნებულ მიმართვაში.

ვიქტორ იანუკოვიჩი უკრაინის პრეზიდენტი იყო 2010-2014 წლებში. მისმა ხელისუფლებამ 2013 წელს გადაწყვიტა შეეჩერებინა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გაფორმების პროცესი. ამას მოჰყვა მასობრივი საპროტესტო აქციების დაწყება და "ღირსების რევოლუცია", რომელსაც იანუკოვიჩის ხელისუფლება ძალით დაუპირისპირდა და ათეულობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. 2014 წელს, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, იანუკოვიჩმა უკრაინა დატოვა და თავი რუსეთს შეაფარა.

რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ 2022 წლის თებერვლიდან დაწყებული საომარი მოქმედებების ფონზე, სხვადასხვა წყაროთი ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ კრემლის ერთ-ერთი მიზანი პრეზიდენტ ზელენსკის დამხობა და უკრაინის ხელისუფლების სათავეში იანუკოვიჩის დაბრუნებაა.

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ 24 თებერვლიდან აწარმოებს სამხედრო მოქმედებებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი. პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია".

რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. ლტოლვილად იქცა 1.5 მილიონზე მეტი.

XS
SM
MD
LG