Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სატანკო ეკიპაჟები აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან რუსეთში გადაიყვანეს


ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან და აფხაზეთიდან, იქ განთავსებული სამხედრო ბაზებიდან სატანკო ბატალიონების ეკიპაჟები რუსეთში გადაიყვანეს. ვოლგოგრადის რეგიონის სამხედრო ოლქის პრუდბოის საწვრთნელ პოლიგონზე სატანკო ეკიპაჟების სწავლება დაიწყო. იქვე არიან სომხეთში განთავსებული რუსული სამხედრო ბაზის ტანკისტებიც.

რუსეთის ფედერაციის სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახურის ცნობით, სატანკო ეკიპაჟები სატანკო ბიათლონში მონაწილეობისთვის მოემზადებიან და კონკურსის მონაწილეები იასპარეზებენ თანამედროვე T-72B3 ტანკებით.

„ტანკისტებს მოუწევთ დაეუფლონ მათთვის მინდობილ სტანდარტულ აღჭურვილობას, გამოავლინონ უნარ-ჩვევები დისტანციის სწრაფად გავლაში და სხვადასხვა სამიზნეების დაზიანების სიზუსტეში. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სამიზნეების დაზიანების სიზუსტეს“, - იუწყება სამხრეთ სამხედრო ოლქის პრესსამსახური.

სამხრეთ სამხედრო ოლქის სარდლობამ აღნიშნა სამხედრო პერსონალის საბრძოლო მომზადების დონის მუდმივი ზრდა, ასევე ეკიპაჟების მზადყოფნა შეჯიბრებისთვის. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ამ ინფორმაციას ეჭვის თვალით უყურებენ ცხინვალში. მით უმეტეს, რომ სატანკო ბიათლონი რუსეთში, რამდენიმე თვის წინ, უკვე ჩატარდა და რუსეთის გარდა, მასში მონაწილეობას იღებდნენ ოკუპირებული რეგიონების ტანკისტები და რუსეთის მიმართ ლოიალურად განწყობილი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების სატანკო ეკიპაჟები.

რადიო თავისუფლების ცხინვალელი წყარო, სამოქალაქო აქტივისტი მიიჩნევს, რომ წვრთნა მხოლოდ მიზეზია და რუსული სამხედრო ბაზებიდან გაწვეული სატანკო ეკიპაჟების წევრებს უკრაინისკენ გააგზავნიან.

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი. პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. ლტოლვილად იქცა 1.5 მილიონზე მეტი.

XS
SM
MD
LG