Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი უკრაინაში "სიჩუმის რეჟიმს" აცხადებს


რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ მოსკოვის დროით 10:00 საათიდან უკრაინაში დაიწყება „სიჩუმის რეჟიმი“.

თავდაცვის სამინისტროს თანახმად, ამ დროიდან გაიხსნება ჰუმანიტარული დერეფნები, რათა მშვიდობიანმა მოქალაქეებმა დატოვონ ქალაქები მარიუპოლი და ვოლნოვახა. რუსეთი აცხადებს, რომ ჰუმანიტარული დერეფნები და მარშრუტები შეთანხმებულია უკრაინულ მხარესთან. თავად უკრაინას ეს ინფორმაცია ჯერჯერობით არ დაუდასტურებია.

3 მარტს, ბელარუსის ტერიტორიაზე გამართული მოლაპარაკებისას უკრაინის და რუსეთის წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ შეეცდებიან ჰუმანიტარული დერეფნების გახსნას.

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.

პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია".

რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე.

XS
SM
MD
LG