საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თბილისში პარლამენტის შენობის წინ შეკრებილ მოქალაქეებს პირდაპირი ვიდეოჩართვით მიმართა. როგორც აქციის ორგანიზატორმა და წამყვანმა, მიშა მშვილდაძემ თქვა, აქციის მონაწილეებისთვის მიმართვის სურვილი პრეზიდენტმა თავად გამოხატა.
"მე ვდგავარ დღეს იქ, სადაც საქართველო უნდა იდგეს! ვდგავარ პრეზიდენტ ზელენსკის გვერდში და უკრაინის გვერდში. ეს არის ჩვენი კულტურისა და ტრადიციის ნაწილი. ქართველი ხალხის ღირსებაა, რომ ჩვენ ვიდგეთ იქ, სადაც იბრძვის ჩვენი მეგობარი ქვეყანა თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისა და ევროპული მომავლისთვის! ჩვენც იქ ვართ და იქ ვიქნებით.
მინდა, რომ აქედან პრეზიდენტ ზელენსკის ჩემი და თქვენი თანადგომა გამოვუცხადო. თქვენ ხართ ის ხალხი, რომელიც დღეს საქართველოს ღირსებას წარმოადგენს! ამისთვის ძალიან დიდი მადლობა!" - თქვა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა.
დღეს, 4 მარტს, მეცხრე დღეა უკრაინა რუსეთის სამხედრო თავდასხმას იგერიებს. უკრაინის მხარდასაჭერად კი თბილისში პარლამენტის შენობის წინ მოქალაქეები შეიკრიბნენ, მათ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დისტანციურად მიმართა. მისი მიმართვის ადრესატები ერთდროულად იყვნენ ევროპის 7 ქალაქში - ფრანკფურტში, პრაღაში, ბრატისლავაში, ლიონში, პარიზში, თბილისსა და ვილნიუსში უკრაინის მხარდასაჭერად შეკრებილი ადამიანები.