Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართველ მოხალისეთა ნაწილი უკრაინაში ჩავიდა


უკრაინაში დაჭრილების დასახმარებლად და საჭიროების შემთხვევაში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად, ქართველ მოხალისეთა ერთი ჯგუფი უკრაინაში ჩავიდა. დაახლოებით 50-მდე ადამიანმა უკრაინაში ჩასვლა სარფის საბაჟო პუნქტის გადაკვეთით მოახერხა. ისინი უკრაინაში 28 თებერვალს გაემგზავრნენ.

ამის ამსახველი ფოტო ჯგუფის ორგანიზატორმა გამოაქვეყნა.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკის 3 მარტს თქვა, რომ 16 000 მოხალისე უკვე ჩადის ქვეყანაში. მისი თქმით, ეს მხოლოდ პირველი ნაკადია.

ქართველი მოხალისეების სურვილს უკრაინაში საბრძოლველად წასულიყვნენ, პირველ მარტს დიპლომატიური სკანდალი მოჰყვა. ომში მყოფი უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოდან ელჩი გაიწვია, რის ერთ-ერთ მიზეზად დაასახელა მოხალისეებისთვის უკრაინაში წასვლის ხელშეშლა. საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსნებმა დაადასტურეს, რომ ფრენებზე ნებართვა თბილისმა არ გასცა, რადგან ჩათვალა, რომ მოხალისეების უკრაინაში წასვლა "ომში ჩართვის" ტოლფასი იქნებოდა.

თვეების განმავლობაში არსებული დაძაბულობის შემდეგ, რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი უკრაინაში 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან - ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).

სამხედრო აგრესიას რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიერ უკრაინის სეპარატისტული დონბასისა და ლუგანსკის "დამოუკიდებლობის" აღიარება უძღოდა წინ.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ მათი მიზანი "უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაციაა".

XS
SM
MD
LG