Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრემიერმა ხელი მოაწერა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი მოაწერა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს. ვიდეო-მიმართვაში, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა, ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ეს არის ისტორიული დღე და მნიშვნელოვანი ეტაპი საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე.

" ისტორიამ ქართველი ხალხის ევროპული არჩევანი სტრატეგიულ მიზნად აქცია. დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, ჩვენი ქვეყანა თანმიმდევრულად განაგრძობს წინსვლას ამ მიმართულებით და დღევანდელი დღე ჩვენი ძალისხმევის კიდევ ერთი დემონსტრირებაა.

დღეს საქართველო ისე, როგორც არასდროს, ახლოს არის ევროკავშირთან" - ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი ვიდეომიმართვაში.

ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, საქართველო როგორც ევროკავშირის ასოცირებული პარტნიორი სახელმწიფო, წარმატებით ასრულებს შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს და მნიშვნელოვან პროგრესს განიცდის ევროკავშირთან სამართლებრივი, ეკონომიკური და პოლიტიკური დაახლოების კუთხით.

"დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებების დაცვა, კარგი მმართველობა უკვე ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სოციალური ცხოვრების ყველა სფეროში აქტიურად ვამკვიდრებთ ევროპულ ნორმებსა და სტანდარტებს" - ესაა ნაწყვეტი პრემიერ-ის განცხადებიდან.

საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება 2 მარტს მას შემდეგ მიიღო, რაც უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე უკრაინამ გააკეთა დაჩქარებული წესით მოთხოვნა ევროკავშირის წევრობაზე 28 თებერვალს. საქართველოსა და უკრაინის გარდა ევროკავშირი წევრობაზე განაცხადის გაკეთებას ელის მოლოდავასგანაც.

XS
SM
MD
LG