Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში იზრდება დეფოლტის შესაძლებლობა


უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების გამო რუსეთისთვის დაწესებულმა საერთაშორისო სანქციებმა მნიშვნელოვნად გაზარდა დეფოლტის შესაძლებლობა ქვეყნის სახელმწიფო ვალის დოლარით გადახდისას. სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, ასეთი პროგნოზი აქვთ ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო ბანკის, ამერიკული JPMorgan-ის ანალიტიკოსებს.

ამ თვეში რუსეთს უწევს 700 მილიონი დოლარის სახელმწიფო ობლიგაციების გადახდა და მიუხედავად იმისა, რომ საგარეო ვალის დასაფარად თეორიულად გააჩნია საკმარისი რეზერვები, პრაქტიკულად გადახდას, შესაძლოა, ხელი შეუშალოს სანქციების გამო ზოგიერთი აქტივის გაყინვამ და სხვა ზომებმა. JPMorgan-ი კლიენტებს აფრთხილებს, რომ აშშ-ის მიერ რუსეთის სახელმწიფო სტრუქტურებისთვის დაწესებული სანქციები და რუსეთში მიღებული კონტრზომები საზღვარგარეთ გადარიცხვების შესაზღუდად, რუსეთისთვის ქმნის დიდ ბარიერებს უცხოეთში გადახდის განსახორციელებლად.

დეფოლტის შესაძლებლობის შესახებ Reuters-ის შეკითხვას რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა და ფინანსთა სამინისტრომ არ უპასუხეს.

უკრაინაზე თავდასხმის გამო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციები რუსეთის ცენტრალურ ბანკსაც ეხება.

  • პრეზიდენტ პუტინის განკარგულებით, რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრნენ.
  • პუტინმა "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოაცხადა უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს აწარმოებს სამი მხრიდან - ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან(დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან(ანექსირებული ყირიმი).
  • 1 მარტს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ კიდევ ერთ ამოცანად გამოაცხადა „რუსეთის დაცვა დასავლეთის ქვეყნების მიერ შექმნილი სამხედრო საფრთხისგან“.
  • უკრაინაზე თავდასხმის გამო, რუსეთის ეკონომიკის, საფინანსო სისტემის, ხელისუფლების და მასთან დაახლოებული პირების წინააღმდეგ სერიოზული სანქციები აამოქმედეს ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა სახელმწიფოებმა.
  • რუსეთისთვის სანქციებით გამოცხადებული ბრძოლის გარდა, დასავლეთი უკრაინას უწევს ფინანსურ და სამხედრო დახმარებას.
  • ამ ფონზე, 27 თებერვალს პრეზიდენტმა პუტინმა განსაკუთრებულ რეჟიმში გადაიყვანა რუსეთის არმიის შეკავების ძალები, რომელთა არსენალში ბირთვული იარაღიცაა.
XS
SM
MD
LG