Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხოვრება ბლოკადაში. რა დარჩება რუსეთის ეკონომიკისა და ფინანსებისგან?


  • როგორ გადაიქცევიან რუსული ბანკები შემნახველ სალაროებად?
  • რა დარჩება რუსეთის ცენტრალურ ბანკს აქტივების დაბლოკვის შემდეგ?
  • რისთვის არის საჭირო ნაღდი ფული, რით იმგზავრებენ და იფრენენ რუსეთის მოქალაქეები?
  • რა მიმართულებით უნდა გაიქცნენ, როცა ქვეყნიდან წასვლას გადაწყვეტენ?

28 თებერვალი რუსული ვალუტის მორიგი „შავი“ დღე იყო. Forex საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე ვაჭრობის გახსნის შემდეგ, რუბლმა ვერტიკალური ვარდნა განიცადა. დოლარმა იოლად გადალახა 100 რუბლის ზღვარი და 117-ის მახლობლობაში გაჩერდა. ევროპული ვალუტა იმავე სიმსუბუქით ავიდა 130-ზე. მოსკოვის ბირჟაზე დილის ვაჭრობა არ გახსნილა. სესიის დაწყება 15:00 საათისთვის გადაიდო. 5 მარტამდე ბირჟაზე უქმდება დილის და საღამოს სავაჭრო სესიები.

დოლარის კურსი. 2022 წ. 28 თებერვალი. ტომსკი
დოლარის კურსი. 2022 წ. 28 თებერვალი. ტომსკი

გარდა ამისა, რუსეთის ბანკმა აუკრძალა ბროკერებს არარეზიდენტებისგან ფასიანი ქაღალდების გაყიდვის ბრძანებების შესრულება. დასაკარგი, მთლიანობაში, აღარაფერია. ჯერ კიდევ წინა ხუთშაბათს გამოვემშვიდობეთ რუსულ ვალუტას და ფინანსურ ბაზრებს.

ახლა შეიძლება მოგვიწიოს საკრედიტო ბაზართან დამშვიდობებაც. 28 თებერვალს დილიდან ცენტრალურმა ბანკმა სასწრაფოდ გაზარდა ძირითადი განაკვეთი წლიურ 20 პროცენტამდე. სინამდვილეში, ეს არის ამკრძალავი დონე, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ ზომამაც კი შეაკავოს ინფლაცია, რომელიც გამოწვეული იქნება რუბლის გაუფასურებით და რუსეთში ექსპორტის შეზღუდვით, რასაც განაგრძობენ განვითარებული ქვეყნები. არის რამდენიმე დამამშვიდებელი ამბავიც. იმავე ცენტრალურმა ბანკმა ურჩია კომერციულ ბანკებს, მოახდინონ ვალების რესტრუქტურიზაცია და არ დააწესონ ჯარიმები, თუ სანქციების გამო მსესხებლების ფინანსური მდგომარეობა გაუარესდება. თუმცა ბოლო დათქმა ყველაფერს წყალში ყრის, რადგან საკმაოდ რთული იქნება იმის დამტკიცება, რომ ფინანსური მდგომარეობა სწორედ სანქციების გამო გაუარესდა. ეს გარემოება ქმნის საბანკო თვითნებობის წინაპირობას. ვიღაცის ვალები რესტრუქტურიზდება და ვიღაცას კი ჯარიმების გადახდასაც აიძულებენ.

გასაგებია, რომ რუსეთის ფინანსური ბლოკადის შედეგად ასევე დაზარალდება მსოფლიო ფინანსებიც, მაგრამ ისინი მხოლოდ დაზარალდებიან, რუსეთი კი რისკავს, აღმოჩნდეს ნანგრევებზე ან იმიტაციურ სტრუქტურებზე, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ „შიდა მოხმარებისთვის“ იქნება გამოსადეგი.

კალინინგრადის მოსახლეობას მასობრივად გამოაქვს ფული საბანკო ანგარიშებიდან. 28 თებერვალი, 2022 წ.
კალინინგრადის მოსახლეობას მასობრივად გამოაქვს ფული საბანკო ანგარიშებიდან. 28 თებერვალი, 2022 წ.

ორშაბათს დილით, 28 თებერვალს, ყველა შესაძლო სანქციიდან ყველაზე მკაცრი უკვე მაგიდაზე იდო. რუსეთი ფაქტობრივად გარიყულ ქვეყანად იქცა და აღმოჩნდა ერთ კამპანიაში ირანთან, სირიასთან, ავღანეთსა და ვენესუელასთან.

ახლა იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს ეს ყველაფერი. უპირველეს ყოვლისა, უკვე აზრი არ აქვს რუსული ბანკების დაყოფას სანქციების ქვეშ მოქცეულ და ჯერ კიდევ სანქციებარშეხებულ ბანკებად. გარდა ამისა, ამერიკული სანქციები დაწესებულია ისე, რომ ის პირები და ორგანიზაციები, რომლებიც განაგრძობენ საქმიან კავშირებს იმათთან, ვინც შეტანილია სანქციების სიაში, ადრე თუ გვიან ასევე აღმოჩნდებიან ამავე სიაში. მაგალითად, არ მეგულება რუსული ბანკი, რომელიც უარს იტყვის თავისი კლიენტების ფულის VTB-ში გადარიცხვაზე ან, პირიქით, რუსეთის სიდიდით მეორე სახელმწიფო ბანკიდან გადახდების მიღებაზე. ასე რომ, მთელი რუსული საბანკო სისტემის „ჭირიან ქოხში“ მოქცევა ძალიან მოკლე დროის საკითხია.

გარდა ამისა, გასული კვირის ბოლოს შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა მიიღეს ფუნდამენტური გადაწყვეტილება რუსეთის SWIFT-იდან გათიშვის შესახებ. რჩება მხოლოდ გადასაწყვეტი, გამორთონ ყველა რუსული ბანკი თუ დატოვონ ერთი-ორი შეზღუდული რაოდენობის ოპერაციებისთვის, რომლებიც დაკავშირებულია სანქციებს მიღმა დარჩენილი ექსპორტისა და იმპორტის მომსახურებასთან, რაც, სხვათა შორის, სულ უფრო და უფრო ნაკლები რჩება.

კვირის ბოლომდე არსებობდა მცირე იმედი, რომ სისტემა ქვეყნის შიგნით შეუფერხებლად გააგრძელებდა მუშაობას. რუბლისა და რუსეთის საფონდო ბაზრის გამანადგურებელი კოლაფსის შემდეგ, რუსეთის ბანკმა დაიწყო სტაბილიზაციის ზომების მიღება. იყო ინტერვენციები სავალუტო ბაზარზე. რუბლის კურსი დასტაბილურდა და შემდეგ გამყარდა. 50-60 პროცენტით გაიაფებულმა აქციებმაც იპოვეს თავიანთი მყიდველები. პარასკევს რაღაც ნახტომისმაგვარიც დაფიქსირდა. РТС ინდექსმაც "მხოლოდ" მესამედით ნაკლებ ნიშნულზე დაასრულა კვირა.

თუმცა კვირას, როცა რუსეთში არც ვალუტით და არც აქციებით არ ვაჭრობდნენ, მოხდა ისეთი რამ, რისიც არავის სჯეროდა. განვითარებული ქვეყნები შეთანხმდნენ რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების შეზღუდვაზე. ეს კი იმას ნიშნავს, რომ რუსეთის კუთვნილი 630 მილიარდი დოლარი შეიძლება იქცეს უბრალოდ ლამაზ რიცხვად ბევრი ნულით. რა თქმა უნდა, რუსეთი მთელ რეზერვს არ დაკარგავს.

დაახლოებით მეხუთედი ინახება რუსეთში ოქროს ზოდების სახით. კიდევ 14% - ჩინეთში იუანებში. ამ თანხით შესაძლებელი იქნება ჩინური სამომხმარებლო საქონლის შეძენა, აი, ამერიკულ და კანადურ დოლარს, ევროს, ბრიტანულ ფუნტს კი უკეთეს დროებამდე უნდა დავემშვიდობოთ. ცენტრალური ბანკი აღმოჩნდება იმ მომსახურე ბანკის როლში, რომლის ანგარიშიც დროებით დაბლოკილია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სავალუტო ბაზარზე არანაირი ინტერვენცია არ იქნება შესაძლებელი. მეტიც, თავად სავალუტო ბაზარი დაკარგავს მთავარ, მსხვილ მოთამაშეებს. „მკაცრი“ სანქციების ქვეშ მოქცეული ВТБ სავალუტო ოპერაციებს ვერ განახორციელებს. მხოლოდ ნაღდ ფულს თუ გასცემს მეანაბრეებზე. შედარებით "რბილი" შეზღუდვები დაუწესდა შემნახველ ბანკს.

ასე რომ, 26 მარტისთვის, როცა ეს ყველაფერი ამოქმედდება, რუსეთში სავალუტო ბაზრისგან, დიდი ალბათობით, აღარაფერი დარჩება, თუმცა, ვფიქრობ, ეს ბევრად უფრო მალე მოხდება. ცენტრალური ბანკი, ისევე როგორც საბჭოთა პერიოდში, ყოველდღიურად გამოაქვეყნებს სავალუტო კურსებს, რომლებიც გამოყენებული იქნება რაღაც ანგარიშებისთვის, მაგრამ მათ საერთო არაფერი ექნებათ რეალობასთან.

ცხადია, რელევანტურია ვიკითხოთ, რუსეთის ეკონომიკის მოახლოებული ნებაყოფლობით-იძულებითი დევალვაციის ფონზე, რამდენად გამართლებულია უცხოური ვალუტის მომარაგება. ქვეყნის შიგნით ვალუტის კურსის ზრდაზე ფულის გამომუშავება, დიდი ალბათობით, შეუძლებელი იქნება. ცხადია, არ იგულისხმება შავი ბაზარი.

ნათქვამის დასტურად, 26 თებერვალს დილით შერემეტიევოს აეროპორტში ვალუტის გადამცვლელ პუნქტში 1 დოლარს ყიდულობდნენ 70 რუბლად, გაყიდვით კი 115 რუბლად ყიდდნენ. სბერბანკის მობილური აპლიკაციაც დოლარს 105 რუბლად ყიდდა, მაშინ როცა თვითონ 85 რუბლად ყიდულობდა. 28 თებერვალს დილით სბერბანკმა 1 დოლარის გასაყიდ ფასად 122 რუბლი დაადგინა, შესყიდვისად კი - 99 რუბლი. ყიდვა-გაყიდვას შორის ასეთი განსხვავებებით ფულის შოვნა დიდად არ გამოვა.

გერმან გრეფი, რუსეთის შემნახველი ბანკის პრეზიდენტი
გერმან გრეფი, რუსეთის შემნახველი ბანკის პრეზიდენტი

ვალუტა სჭირდება იმათ, ვინც უახლოეს მომავალში გეგმავს რუსეთის დატოვებას. თანაც სჭირდება ნაღდი ფულის სახით. რუსული ბანკების ბარათები, რომლებიც შეტანილია სანქციების სიაში, აბსოლუტურად უსარგებლო იქნება რუსეთს გარეთ. საერთაშორისო გადახდის სისტემები წყვეტენ მათ მომსახურებას. ეს ეხება როგორც ტრადიციულ Visa-ს და MasterCard-ს, ასევე შედარებით ბოლოდროინდელ Apple pay -ს, Google pay-სა და Samsung pay -ს.

ფაქტობრივად, ქვეყნის ფარგლებს გარეთ რუსული ბანკები სწრაფად იქცევიან შემნახველ სალაროებად, რომლებიც, საუკეთესო შემთხვევაში, ფულის შესანახად თუ ივარგებენ, თუმცა იმის დათქმით, რომ არანაირი გარანტია არ იარსებებს, რომ ხვალ ეს ფული არ დაიბლოკება. თითქმის ყველა რუსული კომპანია, რომელიც რაღაც ფორმით მაინც არის მიბმული ექსპორტ-იმპორტის ოპერაციებთან, დაწყებული ნედლეულის ექსპორტიორებით, ძალიან უსიამოვნო მდგომარეობაში აღმოჩნდება. რუსული კერძო საწარმოების მასობრივი გაკოტრებაც მხოლოდ დროის საკითხია. რუსეთის მთავრობა გადაარჩენს მის დაქვემდებარებულ სექტორებს, თუმცა საკითხავია, გასწვდება თუ არა მისი შესაძლებლობები ყველას.

ისინი, ვინც მიჩვეული არიან ფულის გადახდას თავიანთი სმარტფონებით, უკვე წააწყდნენ პრობლემებს რუსეთის ტერიტორიაზე. კვირის ბოლოს, ბევრმა ვერ შეძლო სმარტფონის აპლიკაციით მოსკოვის მეტროში შესვლა. ვინც სახლიდან გასვლისას პლასტიკური ბარათი ან ნაღდი ფული არ გაიყოლა, იძულებული გახდა უკან დაბრუნებულიყო.

ნაღდი ფულის შესახებ. მთელი გასული კვირა რუსები აქტიურად აცარიელებდნენ თავიანთ ანგარიშებს როგორც უცხოური ვალუტისგან, ასევე რუსული რუბლისგან. ყველაფერს, რაც ხდება, ჯერ პანიკას ვერ დავარქმევთ, მაგრამ ვერ ნახავთ რუსეთში ფულიან ბანკომატს, რომელთანაც რიგები არ დგას.

ავხსნათ, რა აზრი აქვს ყველაფერ ამას. პლასტიკური ბარათებისა და მობილური ბანკინგის აპლიკაციების მუშაობა კრიტიკულად არის დამოკიდებული ინტერნეტის ხელმისაწვდომობაზე. ინტერნეტი კი რუსეთში ბოლო დღეებში, რბილად რომ ვთქვათ, არც ისე კარგად მუშაობს. ამის მიზეზი ბევრია. მაგალითად, საერთაშორისო ჰაკერულმა ჯგუფმა Anonymous-მა ომი გამოუცხადა რუსეთს. ასე რომ, ძნელად თუ ვინმე აიღებს თავის თავზე რუსეთის გადახდის სისტემის გამართული მუშაობის გარანტიას. მხოლოდ რუსეთის ბანკს შეუძლია ეს, მაგრამ მისიც ცოტა ვინმეს თუ სჯერა. ვფიქრობ, უახლოესი მომავლის საქმეა „სუვერენულ ინტერნეტზე“ გადასვლა, მაგრამ IT სპეციალისტების უმეტესობა არ არის დარწმუნებული, რომ ეს ქსელი გამართულად იმუშავებს. მეტიც, დროთა განმავლობაში, დაუცველობა გაიზრდება, რადგან ინტერნეტი, პირველ რიგში, მოწყობილობებია, რასთან დაკავშირებითაც დიდი პრობლემები გვექნება, რადგან ფინანსური ბლოკადის გარდა, ასევე გამოცხადებულია ტექნოლოგიური ბლოკადა.

რუსეთის საბანკო სისტემას, უკვე მიღებული საერთაშორისო სანქციების შედეგად, 1990-იანი წლების დასაწყისში დაბრუნება ემუქრება, მაგრამ ხელისუფლება მის მუშაობას, ავად თუ კარგად, როგორღაც გააუმჯობესებს. ბოლოს და ბოლოს, ფულის წარმოებისთვის არანაირი განსაკუთრებული ტექნოლოგია საჭირო არ არის. გაცილებით უარესი ვითარებაა ეკონომიკის რეალურ სექტორში. სავაჭრო შეზღუდვებმა, რომლებიც უკვე შემოიღეს ან ახლახან გამოაცხადეს განვითარებულმა ქვეყნებმა - აშშ-დან იაპონიამდე, შეიძლება მთელი რიგი დარგების გარეშე დატოვოს რუსეთის ეკონომიკა და დააბრუნოს ისიც გასული საუკუნის 90-იან წლებში.

ჯერჯერობით პრაქტიკულად შეუძლებელია რუსეთის მოქალაქეების ყველა დანაკარგის შეფასება. ერთი რამ ცხადია: რუბლის მსყიდველობითუნარიანობა ჩამოიშალა. ასევე მკვეთრად დაეცემა ცხოვრების დონე და ხარისხი. ვერც მთავრობა და ვერც ცენტრალური ბანკი ამას ვერაფერს მოუხერხებენ. რუსეთს წინ ელის სამობილიზაციო ეკონომიკა ანუ ეკონომიკა, რომლის რესურსები კონცენტრირებულია და გამოიყენება ქვეყნის, როგორც ერთიანი სისტემის წინაშე არსებული საფრთხეების დასაძლევად.

ავტორი: მაქს ბლანტი, რადიო თავისუფლების რუსული სამსახური

XS
SM
MD
LG