გაეროში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა კახა იმნაძემ, 28 თებერვალს გამართულ გაეროს გენერალური ასამბლეის საგანგებო სპეციალურ სხდომაზე, რომელზეც უკრაინაში მიმდინარე პროცესები შეაფასეს, დაგმო რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და რუსეთის ფედერაციას მოუწოდა, დაუყოვნებლივ შეაჩეროს სამხედრო მოქმედებები და გაიყვანოს შეიარაღებული ძალები უკრაინის ტერიტორიიდან. ასევე ასამბლეის წევრებს მოუწოდა უკრაინის შესახებ რეზოლუციის მხარდაჭერისკენ.
„ჩვენ დღეს შევიკრიბეთ საგანგებო სესიაზე, ახლა ჩვენზეა დამოკიდებული გენერალურ ასამბლეაზე, სადაც ყველას გვაქვს თანაბარი უფლება, რომ ხმა მივცეთ და ნათელი გავხადოთ, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მოქმედებს სწორედ ისე, რა მიზნისთვისაც ის შეიქმნა.
გაეროს ერთი წევრი ქვეყნის მიერ შეიარაღებული ძალების გამოყენება მეორე წევრი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ, არღვევს გაეროს ქარტიის 2.4 მუხლს და წარმოადგენს აგრესიის აქტს, რომელიც განსაზღვრულია 3314 რეზოლუციით და რომელიც კონსენსუსითაა მიღებული.
ის, რასაც უკრაინაში ვხედავთ, არის აგრესიის აქტი რუსეთის მხრიდან და ამას ვგმობთ. გასულ კვირაში სწორედ ამ ტრიბუნიდან ვისაუბრე რუსეთის მუდმივ ქცევებზე მისი მეზობლების წინააღმდეგ. რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია ჩემი ქვეყნის წინააღმდეგ ყველასათვის გამოსაფხიზლებელი სიგნალი უნდა ყოფილიყო, მაგრამ საბოლოოდ, მაინც ვერ იქნა შესაძლებელი, რომ თავიდან აგვერიდებინა ანალოგიური სცენარი, რომელიც რამდენიმე წლის თავზე უკრაინაში განმეორდა.
ისევ რომ არ გავიმეორო საკუთარი სიტყვები, გეტყვით, რომ ჩვენ, საქართველოში, ნამდვილად ვიცით, რას ნიშნავს შემზარავი ომი. ვიცით, როგორია მისი გამანადგურებელი შედეგები და ესენი არიან ადამიანები, უდანაშაულო მოქალაქეები, ქალები და ბავშვები, რომლებიც იხდიან უმაღლეს ფასს. ეს გამანადგურებელია არა მხოლოდ მათთვის, ვის თავსაც ეს იმ მომენტში ხდება, არამედ ის გადაეცემა თაობიდან თაობას.
ვიქნები უფრო მკაფიო, გაეროს ქარტიის ძირითადი პრინციპების, „ჰელსინკის აქტის“, ქარტიის „პარიზი ახალი ევროპისთვის“ და ბუდაპეშტის მემორანდუმის თანახმად აღებული ვალდებულებები არ ექვემდებარება განხილვას და გადახედვას არცერთი ქვეყნის მიერ და არ აქვს მნიშვნელობა, ქვეყანა რამდენად დიდი და ძლიერი შეიძლება იყოს.
ძალების გამოყენებით ტერიტორიების დაუფლება ან ამ მიზნით მუქარა, არის არაკანონიერი და დაუშვებელი. საქართველო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ შეაჩეროს სამხედრო მოქმედებები და გაიყვანოს შეიარაღებული ძალები უკრაინის ტერიტორიიდან; უფლება მისცეს ყველა საერთაშორისო ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებათა მექანიზმებს, დაუყოვნებლივი წვდომა ჰქონდეთ უკრაინის მთელ ტერიტორიაზე; შეცვალოს გადაწყვეტილებები უკრაინის განუყოფელი ნაწილების - დონეცკის, ლუგანსკისა და ყირიმის რეგიონების მიმართ და ანალოგიური გააკეთოს საქართველოსთან მიმართებაშიც - გაიყვანოს შეიარაღებული ძალები, დაუშვას ჰუმანიტარული წვდომა, უკუაგდოს გადაწყვეტილება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ.
საქართველო არის გენერალური ასამბლეის რეზოლუციის კანონპროექტის ერთ-ერთი მხარდამჭერი, რომელიც მალე უნდა განვიხილოთ. მიუხედავად იმისა, რომ ეს რეზოლუცია ეხება უკრაინას, ეს ყველა ჩვენგანისთვის წყალგამყოფი მომენტია. მოგიწოდებთ, მხარი დაუჭიროთ წარმოდგენილ კანონპროექტს. მხარი დაუჭიროთ, მომავალი თაობების გადარჩენას, მხარი დაუჭიროთ გაერთიანებულ ერებს. და ბოლოს, ჩვენ მივესალმებით გაეროს გენერალური მდივნის გადაწყვეტილებას, გაზარდოს უკრაინის ტერიტორიაზე ჰუმანიტარული ოპერაციები.
და ნება მომეცით, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას უკრაინის დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტისა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ყირიმისა და დონბასის ჩათვლით და უკრაინის ნავიგაციის უფლებას მის ტერიტორიულ წყლებში“, - განაცხადა კახა იმნაძემ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას.
25 თებერვალს რუსეთმა ვეტო დაადო გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის პროექტს, რომელიც გმობს რუსეთის შეჭრას უკრაინაში, ხოლო ჩინეთმა კენჭისყრისგან თავი შეიკავა - რასაც დასავლეთის ქვეყნები აღიქვამენ გამარჯვებად რუსეთის საერთაშორისო იზოლაციის დემონსტრირების პროცესში.
აშშ-ის მიერ შედგენილ რეზოლუციის პროექტზე კენჭისყრისგან თავი შეიკავეს ასევე არაბეთის გაერთიანებულმა საამიროებმა და ინდოეთმა. უშიშროების საბჭოს დანარჩენმა 11-მა წევრმა რეზოლუციას მხარი დაუჭირა. რეზოლუციის პროექტს ახლა განიხილავს 193-წევრიანი გაეროს გენერალური ასამბლეა.
გაეროს უშიშროების საბჭოში რუსეთი ვეტოს უფლებით სარგებლობს, აშშ-სთან, ჩინეთთან, საფრანგეთსა და ბრიტანეთთან ერთად.