Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა სანქციები დაუწესა რუსეთის ცენტრალურ ბანკს


შეერთებულმა შტატებმა უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებით სანქციები დაუწესა რუსეთის ცენტრალურ ბანკს, რუსეთის ფინანსთა სამინისტროსა და ეროვნული კეთილდღეობის ფონდს, ასევე რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდს, მის მმართველ კომპანიასა და მის ხელმძღვანელ კირილ დმიტრიევს. სანქციების განახლებული სია აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ვებსაიტზეა გამოქვეყნებული.

რუსეთის ცენტრალურ ბანკსა და ეროვნული კეთილდღეობის ფონდს უწყდებათ წვდომა აშშ-ში ან დოლარებში ნომინირებულ აქტივებზე. სანქციების სიაში არ მოხვდა ზოგიერთი ტრანსაქცია, რომელიც ენერგომატარებლების მიწოდებასთანაა დაკავშირებული.

მანამდე რუსეთის ცენტრალურ ბანკს მსგავსი ზომები დაუწესა ევროპის კავშირმა. სხვადასხვა შეფასებით, დოლარებსა და ევროებშია ნომინირებული რუსეთის ცენტრალური ბანკის სავალუტო რეზერვების დაახლოებით ნახევარი (25 თებერვლის მონაცემებით, რეზერვები 500 მილიონ დოლარს შეადგენდა). ორშაბათს მოსკოვის ბირჟაზე რუბლის კურსი 100 რუბლზე დაბლა დაეცა დოლართან მიმართებაში.

ორშაბათს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სხდომა გამართა ეკონომიკური უწყებებისა და ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელთა მონაწილეობით. მან დასავლეთს „სიცრუის იმპერია“ უწოდა შესავალ სიტყვაში, ისევე, როგორც უკრაინაში სამხედრო ოპერაციის დაწყების წინ გამოსვლაში. სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ ჯერჯერობით არ იტყობინებიან.

ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა ელვირა ნაბიულინამ განაცხადა, რომ ფინანსური შეტყობინებების გადაცემის რუსულ სისტემას შეუძლია შეცვალოს საერთაშორისო სისტემა SWIFT-ი, რომლიდანაც რუსეთის ბანკებს უახლოეს მომავალში გამოთიშავენ. მან ასევე აღიარა, რომ ცენტრალური ბანკის წინააღმდეგ დაწესებულმა სანქციებმა შეზღუდა მისი შესაძლებლობები, სავალუტო ინტერვენცია განახორციელოს რუბლის კურსის მხარდაჭერისთვის.

XS
SM
MD
LG