რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ბრძანება გასცა, რუსეთის არმიის შემაკავებელი ძალები განსაკუთრებულ რეჟიმში იქნენ გადაყვანილი. ამის შესახებ მან 27 თებერვალს განაცხადა კრემლში თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსთან და გენშტაბის უფროსთან, ვალერი გერასიმოვთან შეხვედრაზე. მიზეზად პუტინმა დაასახელა დასავლეთის ლიდერთა „აგრესიული გამონათქვამები“ რუსეთის მისამართით.
„ნატოს წამყვანი ქვეყნების უმაღლესი თანამდებობის პირები ჩვენი ქვეყნის მისამართით აგრესიულ გამონათქვამებს უშვებენ, ამიტომ თავდაცვის მინისტრსა და გენშტაბის უფროსს ვუბრძანებ, რუსეთის არმიის შემაკავებელი ძალები მორიგეობის საგანგებო რეჟიმში გადავიდნენ“, - თქვა პუტინმა.
დასავლეთის ქვეყნებმა მწვავედ გააკრიტიკეს უკრაინაში რუსეთის შეჭრა. რუსეთის წინააღმდეგ აწესებენ სანქციებს და აცხადებენ, რომ უკრაინას იარაღის მიწოდებას უზრდიან. ამასთან, ისინი ამბობენ, რომ ნატოს სამხედრო მოსამსახურეებს არ გაგზავნიან უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად.
შემაკავებელ ძალებში, სხვათა შორის, შედის სტრატეგიული ბირთვული ძალები, მათ შორის სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ჯარები.
უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის შეჭრა 24 თებერვალს დაიწყო. ვლადიმირ პუტინმა მას „იძულებითი ზომა“ უწოდა, ვინაიდან, მისი თქმით, დასავლეთის ქვეყნები არ დათანხმდნენ რუსეთის წინადადებებზე ე.წ. უსაფრთხოების გარანტიების საკითხში. პუტინის თქმით, ეს რუსეთს დიდ საფრთხეს უქმნიდა, მათ შორის უკრაინის მხრიდან.