Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი აცხადებს, რომ ჩაახშო უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა


რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ „უკრაინის შეიარაღებული ძალების ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებები ჩახშობილია“ და „მწყობრიდანაა გამოყვანილი საავიაციო ბაზების ინფრასტრუქტურა".

სამინისტროს მტკიცებით, რუს სამხედროებს "მაღალი სიზუსტის საშუალებებით მწყობრიდან გამოჰყავთ უკრაინის სამხედრო ინფრასტრუქტურა, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა, აეროდრომები და ავიაცია, არანაირ სარაკეტო იერიშებს არ ახორციელებენ უკრაინის ქალაქებზე და სამოქალაქო მოსახლეობას არაფერი ემუქრება“.

თავის მხრივ, უკრაინის არმიის გენერალური შტაბი აცხადებს, რომ გაერთიანებული ძალების სამხედრო ქვედანაყოფები პოზიციებზე არიან, რუსეთის შეიარაღებულ ძალებს ღირსეულ წინააღმდეგობას უწევენ და მეტოქეს დანაკარგები აქვს. გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთი უტევს არა მხოლოდ სამხედრო ობიექტებს, არამედ დასახლებულ პუნქტებსაც.

24 თებერვალს, გამთენიისას რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა გამოაცხადა, რომ მიიღო გადაწყვეტილება დონბასში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია "დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან "გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან". უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა აღიარა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობა".

რუსეთის თავდასხმის გამო, უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა. ქვეყნის სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, ადგილობრივი დროით 05:00 საათიდან, რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინის სახელმწიფო საზღვარს არტილერიის და მძიმე ტექნიკის გამოყენებით შეუტიეს როგორც რუსეთის, ისე ბელარუსის ტერიტორიიდან.

XS
SM
MD
LG