უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, გაერთიანებული ძალების ოპერაციის რაიონში ჩამოაგდეს რუსეთის 5 სამხედრო თვითმფრინავი და ვერტმფრენი. ამ ინფორმაციას უარყოფს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო.
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, გაერთიანებული ძალების სამხედრო ქვედანაყოფები პოზიციებზე არიან, რუსეთის შეიარაღებულ ძალებს ღირსეულ წინააღმდეგობას უწევენ და მეტოქეს დანაკარგები აქვს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, 24 თებერვალს, 05:00 საათზე რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის არმიის ქვედანაყოფებს ქვეყნის აღმოსავლეთში გაუხსნეს ინტენსიური ცეცხლი და რაკეტებით დაბომბეს ბორისპოლის, ოზერნის, კრამატორსკის და კიდევ რამდენიმე აეროდრომი და უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ობიექტები. უკრაინის არმიის სარდლობის განცხადებით, აგრესორმა სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ საარტილერიო იერიში მიიტანა დასახლებულ პუნქტებზეც.
24 თებერვალს, გამთენიისას რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა გამოაცხადა, რომ მიიღო გადაწყვეტილება დონბასში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია "დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან "გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან". უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა აღიარა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობა".
რუსეთის თავდასხმის გამო, უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა. ქვეყნის სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, ადგილობრივი დროით 05:00 საათიდან, რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინის სახელმწიფო საზღვარს არტილერიის და მძიმე ტექნიკის გამოყენებით შეუტიეს როგორც რუსეთის, ისე ბელარუსის ტერიტორიიდან.