Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დასავლური სანქციები რუსულ ბანკებზე მხოლოდ ნაკაწრია „რუსულ ციხესიმაგრეზე“ 


ავტორები: ტომი უილკსი და ჯონ მაკკრანკი, როიტერსი

შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირმა და ბრიტანეთმა ახალი სანქციებით უპასუხეს მოსკოვის გადაწყვეტილებას, დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ეღიარებინა ორი სეპარატისტული რეგიონი უკრაინაში.

მათ მთავარ სამიზნედ რუსეთის ბანკები და მათი საერთაშორისო ოპერაციები იქცა, მაგრამ ახალი სანქციების გავლენა, სავარაუდოდ, მინიმალური იქნება. დასავლეთის მთავრობები ჯერჯერობით ამჯობინებენ, სანქციების უფრო დიდი, ადრე დაგეგმილი პაკეტი არ გამოიყენონ და იმ შემთხვევისთვის შემოინახონ, თუ კრიზისი კიდევ უფრო გამწვავდება. ყოველივე ეს კი ნიშნავს, რომ რუსი ბანკირები, ისევე როგორც მათი დასავლელი კოლეგები რუსეთში საქმიანი კავშირებით, ამ სანქციების გამო ძილს დიდად არ გაიტეხენ.

ამის დასტურია ისიც, რომ ამერიკული ბანკები არ ელიან, რომ გლობალური სანქციები დიდ გავლენას მოახდენს ამერიკულ საბანკო ბიზნესზე, იმის გათვალისწინებით, რომ კრედიტორები ნაკლებად ექვემდებარებიან რუსეთის ეკონომიკას, - ამბობს სამი აღმასრულებელი პირი, ვისაც კარგად ესმის ინდუსტრიის შიდა სტრუქტურა.

რა ვიცით ჯერჯერობით?

ევროპის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ, სანქციები დაუწესონ 27 პირსა და ორგანიზაციას, მათ შორის ბანკებს, რომლებიც აფინანსებენ ოპერაციებს სეპარატისტულ რეგიონებში და რუს ე.წ. გადაწყვეტილების მიმღებ პოლიტიკურ ელიტას.

სანქციების პაკეტი ასევე მოიცავს რუსეთის დუმის ქვედა პალატის ყველა წევრს, რომლებმაც ხმა მისცეს სეპარატისტული რეგიონების აღიარებას.

ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა გენადი ტიმჩენკოს და ორ სხვა მილიარდერს, რომლებსაც მჭიდრო კავშირი აქვთ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან და ხუთ ბანკს, ესენია: Rossiya, IS Bank, GenBank, Promsvyazbank და The Black Sea Bank.

ისინი მსხვილმასშტაბიანი კრედიტორებით ვერ დაიკვეხნიან და რუსეთის ცენტრალური ბანკის სისტემურად მნიშვნელოვანი საკრედიტო ინსტიტუტების სიაში მხოლოდ სამხედრო ბანკი Promsvyazbank-ია.

ამასთანავე, Bank Rossiya უკვე ექვემდებარება აშშ-ის სანქციებს 2014 წლიდან კრემლის ოფიციალურ პირებთან მჭიდრო კავშირების გამო.

ვაშინგტონმა სანქციები დაუწესა Promsvyazbank-ს და VEB ბანკს.

აშშ-მ ასევე ახალ დონეზე აიყვანა აკრძალვები რუსეთის სუვერენულ ვალთან მიმართებით, რაც, პრეზიდენტ ბაიდენის თქმით, ნიშნავს, რომ რუსეთის მთავრობა დასავლეთისგან ფინანსებს ვეღარ მოიპოვებს. აშშ-ის ხაზინამ განაცხადა, რომ მიმდინარე აკრძალვები ასევე შეეხება მეორად ბაზარზე არსებულ რუსეთის ცენტრალური ბანკისა და სხვა სუბიექტების მიერ 1 მარტის შემდეგ გამოშვებულ ობლიგაციებს.

აშშ-ის სანქციების შესახებ გამოცხადების შემდეგ კიდევ უფრო გაუფასურდა რუსული ობლიგაციები დოლარში - მონაცემების მიხედვით, გრძელვადიანი ობლიგაციების ფასი 90-იანი წლების შუა პერიოდის რეკორდულად დაბალ მაჩვენებლამდე დაეცა.

როგორი იქნება ახალი სანქციების გავლენა?

ამ ეტაპზე - მინიმალური.

რუსეთის მსხვილი ბანკები ღრმად არიან ინტეგრირებული გლობალურ ფინანსურ სისტემაში, რაც ნიშნავს, რომ სანქციები უმსხვილეს ინსტიტუტებზე შეიძლება „იგრძნონ“ რუსეთის საზღვრებს მიღმაც. მაგრამ ახალი სანქციები კონცენტრირებულია წვრილ კრედიტორებზე.

რუსული ბანკების წინააღმდეგ მიღებული ახალი ზომები ჯერ კიდევ არ არის ისეთი ვრცელი, როგორც რუსეთის მიერ 2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ, თუმცა საგულისხმოა ისიც, რომ მაშინდელი სანქციებიდან ბევრი ძალაში რჩება.

მაშინ დასავლეთმა შავ სიაში შეიყვანა კონკრეტული პირები, ცდილობდა შეეზღუდა რუსეთის სახელმწიფო ფინანსური ინსტიტუტების წვდომა დასავლურ კაპიტალის ბაზრებზე, მიზანში ამოიღო მსხვილი სახელმწიფო კრედიტორები და დააწესა ფართო შეზღუდვები ტექნოლოგიით ვაჭრობაზე.

ბრიტანეთი ამ ეტაპზე თავს იკავებს უმსხვილესი სახელმწიფო ბანკებისთვის ლიმიტების დაწესებისგან, რუსული კომპანიებისთვის კაპიტალის შეწყვეტისგან ან სხვა ცნობილი ე.წ. რუსი ოლიგარქების ბრიტანეთიდან განდევნისგან.

რუსეთის უმსხვილესი ბანკების, Sberbank-ისა და VTB-ის აქციების ფასი საგრძნობლად გაიზარდა მას შემდეგ, რაც აშკარა გახდა, რომ კრემლის მიერ კონტროლირებადი ჯგუფები ამ ეტაპზე სანქციებს გადაურჩნენ.

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ რუსული ინსტიტუტები უკეთესად უმკლავდებიან შეზღუდულ სანქციებს, ვიდრე რვა წლით წინ და რომ რუსეთის სახელმწიფო ბანკებმა შეამცირეს დასავლეთის ბაზრების გავლენა თავიანთ კაპიტალსა და ფინანსურ ოპერაციებზე.

საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის იანვრის მოხსენების თანახმად, რუსეთი 2014 წლიდან აშშ-ის ხაზინისა და დოლარისგან დივერსიფიკაციას ახერხებს - ევრო და ოქრო რუსეთის რეზერვებში უფრო დიდ წილს შეადგენს, ვიდრე დოლარი.

რუსეთს ასევე აქვს ძლიერი მაკროეკონომიკური თავდაცვა, მათ შორის, 635 მილიარდი დოლარის მყარი სავალუტო რეზერვები, ნავთობის ფასი 100 დოლართან ახლოს ბარელზე და ვალის შეფარდება მშპ-სთან 18% 2021 წელს.

„დღევანდელი ზომები არცთუ ისე მნიშვნელოვანი იყო”, - თქვა სამუელ ჩარაპმა, არაკომერციული, RAND Corporation-ის უფროსმა პოლიტოლოგმა, აშშ-ის სანქციების შესახებ.

„საქმე ისაა, საით წავალთ აქედან, - თქვა მან, - მე სულ უფრო პესიმისტურად ვარ განწყობილი და ვფიქრობ, რომ დიდია ალბათობა, რომ რუსეთი სამხედრო მოქმედებებს განაგრძობს - ამ შემთხვევაში კი ჩვენ ვიხილავთ რეალურად თვისებრივად უფრო დამანგრეველ ზომებს, ვიდრე აქამდე”.

რა იქნება შემდეგ?

ევროკავშირმა განაცხადა, რომ მზად არის დააწესოს „მასშტაბური შედეგების მქონე სანქციები“ რუსეთის ეკონომიკაზე, მაგრამ ბრიუსელი ასევე ამბობს, რომ ევროკავშირის რუსეთთან მჭიდრო ენერგეტიკული და სავაჭრო კავშირების გათვალისწინებით, მას სურს სანქციების ეტაპობრივად გამკაცრება.

ბრიუსელსა და ვაშინგტონში ამბობენ, რომ სამშაბათის სანქციები ეს მხოლოდ პირველი რაუნდია.

ჯერ კიდევ უცნობია, იმ კრედიტორების გარდა, რომლებიც უშუალოდ აწარმოებენ ბიზნესს სეპარატისტულ რეგიონებთან, ევროკავშირი უმსხვილეს ბანკებსაც ამოიღებს მიზანში თუ არა.

ვაშინგტონმა მოამზადა მთელი რიგი ზომებისა - მათ შორისაა აშშ-ის ფინანსური ინსტიტუტებისთვის ტრანზაქციების დამუშავების აკრძალვა რუსეთის ძირითადი ბანკებისთვის, - განუცხადეს წყაროებმა Reuters-ს გასულ კვირას.

საერთაშორისო გადარიცხვების აკრძალვა რუსეთისთვის მძიმე დარტყმა იქნებოდა. მაგრამ ამ ზომებს, როგორც ჩანს, ჯერჯერობით რეზერვში ინახავენ.

ამერიკული სანქციები დაემუქრებათ რუსეთის სბერბანკსა და VTB-საც, თუ მოსკოვი განაგრძობს უკრაინაში შეჭრას, განუცხადა ჟურნალისტებს აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა.

თუ ასე მოხდა, ამერიკული ბანკები საპასუხო დარტყმისთვის უნდა იყვნენ მზად, - აცხადებს ჩარაპი, რომლის აზრით, კრემლმა შესაძლოა კიბერშეტევები გამოიყენოს ამ მიზნისათვის.

რა დაარტყამს რუსეთს ყველაზე მწარედ?

რეგიონის ბანკებსა და დასავლელ კრედიტორებს ყველაზე მეტად აშინებთ სცენარი, რომ რუსეთი გაითიშოს გლობალური გადახდის სისტემა SWIFT-იდან, რომელსაც იყენებს 11 000-ზე მეტი ფინანსური ინსტიტუტი 200-ზე მეტ ქვეყანაში.

ეს მძიმე დარტყმა იქნებოდა რუსებისთვის, მაგრამ შესაძლოა ამას არაერთგვაროვანი შედეგები მოჰყვეს. SWIFT-ის აკრძალვა ასევე ნიშნავს, რომ ევროპელ კრედიტორებს გაუჭირდებათ რუსეთში დაბანდებული ფულის დაბრუნება, თანაც რუსეთი უკვე აყალიბებს გადახდის ალტერნატიულ სისტემას.

საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის (BIS) მონაცემები აჩვენებს, რომ სწორედ ევროპელი კრედიტორები ფლობენ ლომის წილს უცხოური ბანკების მიერ რუსეთში დაბანდებული 30-მილიარდიანი კაპიტალიდან.

მოწყვლადი უცხოური ბანკები

ევროპული ბანკები - განსაკუთრებით ავსტრიაში, საფრანგეთსა და იტალიაში - მსოფლიოში რუსეთის ყველაზე უფრო დიდი კრედიტორები არიან.

იტალიურ და ფრანგულ ბანკებს 2021 წლის მესამე კვარტალში რუსეთთან დაახლოებით 25 მილიარდი დოლარის ოდენობის კრედიტი აქვთ გაცემული, BIS-ის მონაცემებით. ავსტრიულ ბანკებს 17,5 მილიარდი დოლარი ჰქონდათ. შედარებისთვის, შეერთებული შტატების წილი $14,7 მილიარდია.

ყველაზე დიდი რისკის ქვეშ მყოფ კრედიტორებს შორისაა ავსტრიული RBI, რომელიც მასშტაბურ ფინანსურ ოპერაციებშია ჩართული უკრაინასა და რუსეთში. ბანკი აცხადებს, რომ აქვს „კრიზისის გეგმა“, რომელიც ძალაში შევა, თუ სიტუაცია გაუარესდება. ორშაბათს მათი აქციები 7.5 პროცენტით გაუფასურდა.

თუმცა ბევრმა უცხოურმა ბანკმა 2014 წლის შემდეგ მნიშვნელოვნად შეამცირა რუსეთის მიმართ გახსნილობა, რის გამოც ზოგ დასავლელ ბანკირს სანქციების საფრთხე ნაკლებად აწუხებს.

XS
SM
MD
LG