სალომე ასათიანის პოდკასტი
„გსურდეს დაგავიწყდეს როგორ გიყვარდა ვიღაც - და შემდეგ ეს მართლაც დაივიწყო - ზოგჯერ, შეგრძნებით, ჰგავს იმ ლამაზი ფრინველის მოკვლას, რომელმაც, რაღაც მადლით, შენს გულში დაიდო ბინა“.
ამ სიტყვებს მეგი ნელსონი წერს, თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე ორიგინალურ და მნიშვნელოვან მოაზროვნედ მიჩნეული ამერიკელი მწერალი, თავის 2009 წელს დაბეჭდილ წიგნში “Bluets” - რომელიც ერთდროულადაა ფილოსოფიური ესეც, ლირიკული პოემაც და ავტობიოგრაფიაც. „Bluets“ თან ლურჯ ფერს, სილურჯეს უხსნის სიყვარულს, და თან დაკარგულ სიყვარულს, წასულ საყვარელს გლოვობს. ფორმის თვალსაზრისით, „Bluets“ ბევრს სესხულობს ლუდვიგ ვიტგენშტაინისგან - ბევრის მიერ მეოცე საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვან ფილოსოფოსად მიჩნეული ფიგურისგან, რომელსაც გავლენიანი მემკვიდრეობა ეკუთვნის მათ შორის ენის ფილოსოფიის სფეროში. ვიტგენშტაინის ტექსტების კვალდაკვალ, წიგნში „Bluets“ დანომრილი, მცირე ზომის აბზაცები - მოსაზრებები, ციტატები, იდეები - ხან ერთმანეთს ავსებს, ხან ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდის. ჩვენც - მკითხველები - მეგი ნელსონთან ერთად ფრაგმენტულად, მაგრამ მაინც ერთიანი დრამატურგიით თუ მგრძნობელობით ვფიქრობთ დეპრესიაზე, ღმერთზე, ალკოჰოლზე, ლტოლვაზე, ტკივილზე, სიამოვნებასა და სურვილზე, და ამ პროცესში ლურჯ ფერთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან ფიგურებსაც ვიხსენებთ - მათ შორის ჯონი მიჩელს, ბილი ჰოლიდეის, ლენარდ კოენს, ენდი უორჰოლს. თუმცა ვიტგენშტაინი ამ წიგნისთვის სხვა მიზეზითაც მნიშვნელოვანია - მეგი ნელსონის მსგავსად, მასაც ფერი უყვარდა. სიცოცხლის ბოლო თვეებში, კიბოთი დაავადებული, უკანასკნელ ენერგიას ახარჯავდა თავის ტექსტს, „შენიშვნები ფერზე“.
„Bluets“, თავისი ულამაზესი, მკვეთრი ლაჟვარდისფერი ყდით, ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი და საყვარელი წიგნი იყო იმ დღემდე, სანამ ჩემი მეგობარი, ანა ძიაპშიპა, ერთ დღეს მეგი ნელსონის სხვა ტექსტის, „არგონავტების“ წაკითხვას მირჩევდა. 2015 წელს გამოცემული წიგნის, რომელიც მსოფლიოს გარშემო ატარებს საკულტო სტატუსს. „არგონავტებს“ მიენიჭა შეერთებული შტატების წიგნების კრიტიკოსების ეროვნული წრის მთავარი პრემია, მისი გამოცემის შემდეგ მეგი ნელსონი გახდა მაკარტურის ფონდის პრესტიჟული, არაოფიციალური სახელით „გენიოსებისთვის“ განკუთვნილი სტიპენდიის მფლობელი. ნიუ-იორკ ტაიმსმა „არგონავტები“ ბოლო დროის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გამოცემად დაასახელა, და მის შესახებ რეცენზიებში სხვა დროს თავშეკავებული კრიტიკოსები ვერაფრით იკავებდნენ ემოციებს. „ეს წიგნი შეგძრავთ, ამ სიტყვის ყველა მნიშვნელობით“, „ამ წიგნმა შესაძლოა შეცვალოს ის, თუ როგორ ვფიქრობთ და ვლაპარაკობთ საკუთარ თავზე და სხვა ადამიანებზე“, „შეყვარებული ვარ ამ წიგნში. ის გვთავაზობს სრულიად სხვაგვარ ხედვას სექსუალობის, მშობიარობის, დედობის, ზრუნვის, სიყვარულის, სურვილის, იდენტობის და თავისუფლების შესახებ“ - ესაა ის ტონალობა და მოსაზრებები, რომლებიც „არგონავტების“ შესახებ ისევ და ისევ შეგხვდებათ ლიტერატურულ პრესაში. ეს წიგნი - წერენ კრიტიკოსები - უნიკალური ფორმით ახერხებს გადმოსცეს პირადული, ინტიმური და ავტობიოგრაფიული, და ეს ყველაფერი შეუხამოს თეორიულს, ფილოსოფიურს და ენციკლოპედიურს.
„არგონავტები“ ერთი დიდი სიყვარულის ამბავს გვიყვება. რეალურ ამბავს, რომელიც თავად მეგი ნელსონს გადახდა თავს და რომლის შესახებაც ის პირველ პირში, პირადი პერსპექტივიდან მოგვითხრობს. თემები, რომლებსაც ეს წიგნი განიხილავს, თითქოს ძალიან ჩვეულებრივია და ტრადიციული - სიყვარული, სექსი, ქორწინება, ოჯახი, მშობიარობა, დედობა. მაგრამ „არგონავტები“ ამ ყველაფერს განიხილავს ისე, რომ ყველა ეს ნაცნობი ცნება სრულიად ახლებურ და რადიკალურ მნიშვნელობებს იძენს.
და ეს დიდწილად ხდება იმიტომ, რომ მეგი ნელსონს, რომელიც იმ დროისთვის ლიტერატურულ წრეებში უკვე აღიარებული მწერალია, დიდი, ყოვლისმომცველი სიყვარულით უყვარდება კალიფორნიელი ხელოვანი, ჰარი დოჯი - მოქანდაკე, მწერალი და ვიდეოხელოვანი, რომელიც გენდერქვიარია, განსაზღვრული გენდერული იდენტობა არ აქვს. ის თავს არც „ქალის“ კატეგორიასთან აიგივებს, და არც „კაცისასთან“ - თავად ნელსონის სიტყვებით, ჰარი განსაკუთრებულია, „ორივეა ერთში“. ის ტრანსია, ტრანსგენდერი - დაბადებისას ის მდედრობით სქესს მიაკუთვნეს, სოციალურ სიტუაციებში ძირითადად კაცად აღიქვამენ. მაგრამ ჰარი მაინც ორ გენდერს შორის, დაუკონკრეტებელ და კომპლექსურ სივრცეში ირჩევს ცხოვრებას და ცნობისმოყვარე ხალხს პასუხობს, მე „გზაში“ არ ვარ, ერთი კონკრეტული იდენტობიდან მეორეში არ გარდავდივარო.
ეს სიყვარული მეგი ნელსონს, როგორც მწერალს, პირადული და ძვირფასი გამოცდილებით უხსნის გზას იმაზე ფიქრისთვის, მაინც როგორია ცხოვრება მაშინ, როცა ადამიანი, თავისი გენდერული იდენტობის, თუ სექსუალობის კომპლექსურობით არ, და ვერ ესადაგება განსაზღვრულ და სავალდებულო კატეგორიებს, მათ შორის ენობრივ კატეგორიებს - „კაცი/ქალი“, „ჰეტეროსექსუალი/ჰომოსექსუალი“. ამ წიგნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ხდება ენა და სიტყვები - ის, თუ როგორ გამოვხატავთ, ან ვერ გამოვხატავთ სათქმელს, ემოციას, გრძნობას, როგორ მუშაობს სიტყვები ადამიანების სხეულების, გენდერის, სექსუალობის სახელდების პროცესში. უკვე ინტენსიურ, ვნებიან სასიყვარულო ურთიერთობაში მყოფმა, ნელსონმა არ იცის თავისი პარტნიორი როგორ უნდა აღიქვას, ან რომელი ნაცვალსახელით მოიხსენიოს - “he”, თუ „she”. როცა მათი ურთიერთობა ღრმავდება და ქორწინებით, როგორ არქმევენ ხოლმე „ქვიარ“ ოჯახის შექმნით გრძელდება, წყვილი საზოგადოებაში აწყდება დაბნეულობას, გაკვირვებას, მიუღებლობას. ზოგჯერ ფიზიკურ ძალადობასთან ახლოს მყოფ, მტრულ დამოკიდებულებასაც - მაგალითად მაშინ, როცა ჰარი კაც მიმტანებს, ან სხვა უწყებების თანამშრომლებს, თავის საკრედიტო ბარათს აწვდის, რომელსაც ქალის სახელი აწერია.
სხვა ბევრი მოაზროვნის იდეების მიღმა, ენის შესაძლებლობებზე თუ შემოსაზღვრულობაზე ფიქრისას ნელსონს „არგონავტებშიც“ ვიტგენშტაინი ეხმარება - მისი მოსაზრება, რომ მნიშვნელობები მუდმივად იქმნება, იბადება, მაშინ, როცა ჩვენ ენას, სიტყვებს ვიყენებთ, რომ ის, რაც იდუმალია, რისი მოხელთებაც და სახელდებაც სიტყვებით შეუძლებელია, რაღაცნაირად მაინც არის ხოლმე მოქცეული იმაში, რასაც ენით გამოვხატავთ. ხოლო სათაურს - „არგონავტები“ - მეგი ნელსონი ფრანგი მოაზროვნის, როლან ბარტისგან სესხულობს. არგონავტები, წერს ბარტი, თავიანთი ეპიკური მოგზაურობის განმავლობაში ხომალდს თანდათან ნაწილებს უცვლიან და სრულად ანახლებენ - მაგრამ მისი სახელი, „არგო“, უცვლელი რჩება. ასე ვიქცევით ჩვენც, როცა კიდევ და კიდევ წარმოვთქვამთ ფრაზას „მე შენ მიყვარხარ“ - ამ ფრაზას და სიტყვებს უცვლელად ვტოვებთ, მაგრამ მას ყოველ ჯერზე ახალი მნიშვნელობებით, ნიუანსებით, ემოციებით ვტვირთავთ.
„ჩვენ თავისუფლებისკენ მცირე ნაბიჯებს, მცირე პრაქტიკებს უნდა დავუბრუნდეთ და არ ვიოცნებოთ ერთ დიდ, გრანდიოზულ, საყოველთაოდ გამათავისუფლებელ ღამეზე“ - ამბობს თავად მეგი ნელსონი, რომელიც, და ამას განსაკუთრებული სიხარულით ვწერ, „ასათიანის კუთხის“ ამ ეპიზოდის სტუმარია. „ნამდვილად არ მგონია, რომ ერთ დღესაც გავიღვიძებთ და გადავჭრით ყველა კონფლიქტს, რომლებიც მიემართება ადამიანად ყოფნას, ენის გამოყენებას, კატეგორიულ და არაკატეგორიულ აზროვნებას. კომპლექსურ საკითხებს როცა ვეხებით - მაგალითად გენდერს - შეგვიძლია ვიფიქროთ, ვიაროთ იმ გზით, რომელიც შეამცირებს კატეგორიულობისგან მომდინარე ძალადობას ადამიანებზე. მცდელობა უნდა გავაგრძელოთ საიმისოდ, რომ გაიზარდოს სოლიდარობის ხარისხი და ადამიანებს ნაკლები წნეხი, ნაკლები ზიანი მიადგეს“.
მეგი ნელსონი გვიყვება „არგონავტების“ შექმნის ისტორიას, გვესაუბრება იმაზე, თუ რატომ გადაწყვიტა ამ წიგნში უჩვეულო და ძლიერი გულწრფელობით აღწერა ძალიან პირადული და სხეულებრივი გამოცდილებები, მათ შორის ორსულობის, მშობიარობის, დედად ყოფნის ამბები, ეხება მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში შექმნილ მწვავე კონფლიქტებს გენდერის და სექსუალობის თემატიკის გარშემო. ჩვენი სტუმარი გვესაუბრება თავის ხელობაზეც, იმაზე, როგორ იყენებს ენას და სიტყვებს, მათ შორის სექსის, ეროტიკული გამოცდილებების შესახებ წერის დროს.
ეპიზოდის განმავლობაში, ცხადია, ნაწყვეტებსაც წავიკითხავთ მეგი ნელსონის ტექსტებიდან, უწინარესად მისი მშვენიერი და ფიქრიანი „არგონავტებიდან“. ეს წიგნი - ამბობს თავად ავტორი - „ცდილობს აჩვენოს ადამიანები, რომლებიც უბრალოდ ძალიან ცდილობენ ერთმანეთზე ზრუნვას და სიყვარულს. ‘არგონავტებში’ ბევრი მარცხია. თუმცა, ამავე დროს, არის ძალიან ბევრი სიყვარული“.