Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობახიძის თქმით, ჯაფარიძემ არ მოინანია და ამის გამო პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღეს


"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ "ლელოს" ლიდერს, ბადრი ჯაფარიძეს საპარლამენტო უფლებამოსილება სისტემასთან დაპირისპირების გამო შეუწყვიტეს. კობახიძე ამბობს, რომ თუკი ჯაფარიძე "ჩადენილ დანაშაულს" აღიარებდა, შეიძლებოდა "სასჯელი შემსუბუქდებოდა".

"როდესაც შენ აღიარებ წარსულში ჩადენილ დანაშაულს, არ უპირისპირდები სისტემას, არამედ გამოხატავ გარკვეულ სინანულს, ეს შეიძლება გახდეს პოლიტიკური გადაწყვეტილების საფუძველი. ძალიან მარტივად არის აქ საქმე, ბადრი ჯაფარიძემ სხვა რამ არჩია, არჩია დაპირისპირებოდა სისტემას და ჩვენ გვაბრალებდა სასამართლოსთვის დაკვეთის მიცემას - ეს არის სისტემის წინააღმდეგ დაპირისპირება. როდესაც სისტემას უპირისპირდება პოლიტიკოსი, სისტემა სცემს პასუხს...

მონანიება სამართლებრივადაც არის შემსუბუქების საფუძველი, მით უმეტეს, როდესაც პოლიტიკურ გადაწყვეტილებას იღებ, რა თქმა უნდა, მონანიება და სისტემის წინააღმდეგ არდაპირისპირება, შეიძლება გახდეს შენი პოლიტიკური გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველი", - თქვა კობახიძემ.

კობახიძემ განმარტა, რომ დეპუტატ ჯაფარიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება და არა სამართლებრივი:

"პარლამენტი იღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, სასამართლო იღებს სამართლებრივ გადაწყვეტილებებს. პარლამენტს უფლებაც კი არ აქვს, რომ სამართლებრივი გადაწყვეტილება მიიღოს - სამართლებრივი საფუძვლით იღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს. ჩვენ უნდა გვემსჯელა პოლიტიკური კუთხით მანდატის შეწყვეტის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით", - თქვა კობახიძემ.

იმავე ტიპის განცხადებები კობახიძემ "პალიტრანიუსის" ეთერიდან გუშინ, 16 თებერვალს გააჟღერა, რასაც 17 თებერვალს ბიუროს სხდომაზე ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია"-ს თავმჯდომარემ პოლიტიკური რეპრესიები უწოდა.

"ეს არის პოლიტიკური რეპრესიების და მართლმსაჯულების კიდევ ერთი აშკარა და ღია მაგალითი", - თქვა ხატია დეკანოიძემ.

საქართველოს პარლამენტმა "ლელოს" ერთ-ერთ ლიდერს, ბადრი ჯაფარიძეს პარლამენტის მანდატი 15 თებერვალს შეუწყვიტა. ამ საკითხს მხარი დარბაზში მყოფმა "ქართული ოცნების" 77-ვე დეპუტატმა დაუჭირა, ოპოზიციიდან კი - არავინ. მმართველმა გუნდმა ჯაფარიძის მანდატის გაუქმების საფუძვლად გამოიყენა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მოსამართლემ ის დამნაშავედ ცნო, თუმცა დანაშაულის ხანდაზმულობის გამო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა.

XS
SM
MD
LG