Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შიშებზე აგებული ,,ქართული ოცნების“ პოლიტიკა - ანუ რუსული ხისტი ძალა - კონტროლი აქტორებზე


ავტორი: მაკა თოხიშვილი

ომის ზღვარზე მყოფი უკრაინის მხარდამჭერი სადაო ქართული რეზოლუციის ფონზე, დღის წესრიგში დგება ,,ქართული ოცნების“ შიშებზე აგებული პოლიტიკის ანალიზი.

რუსული ხისტი თუ რბილი ძალის მთავარ დასაყრდენს პოლიტიკური ელიტა წარმოადგენს და განსაკუთრებით მმარველ ძალას მოწყვლადს ხდის, თუ ეს უკანასკნელი რეაქტიულ და არა პროაქტიულ პოლიტიკას წარმართავს.

რუსეთის მიერ აქტორებზე- ქართულ საპარლამენტო პოლიტიკურ პარტიებზე კონტროლი რამდენიმე მექანიზმით შეიძლება განხორციელდეს, მათ შორისაა, პოლიტიკური მუქარა, შანტაჟი, პოლიტიკური კურსის ძალისმიერი შეცვლის მცდელობა, შიშის სინდრომი ნატოს პოლიტიკასთან მიმართებით, რუსეთის უძლეველობის სინდრომის დანერგვა (ეს უკანასკნელი რბილი ძალის ნარატივადაც შეგვიძლია მოვიაზროთ) და სხვა.

ხისტი ძალის პოლიტიკის შედეგობრივი კონტექსტი შესაძლებელია გაიზომოს სახელმწიფო პოლიტიკური პირების შეცვლილი ან ფორმირებული ქცევების და რიტორიკის შესაბამისად, რომელიც გავლენას ახდენს პოლიტიკურ ლანდშაფტზე.

შიშის სინდრომის ფაქტორზე რუსეთის მიმართ პოლიტიკა, პროდასავლური კურსისა და ნატოში ინტეგრაციის მიმართ სახელმწიფოს შეცვლილ ქცევასა თუ რიტორიკაში ვლინდება:

2012 წელს არჩევნებით მოსულმა ,,ქართულმა ოცნებამ“ რუსეთთან ,,ნორმალიზების პოლიტიკა“ გამოაცხადა, რაც გამოიხატა შერბილებულ რიტორიკასა თუ პოლიტიკურ ქცევაში. ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკა კონცეფციის დონეზე არ განახლებულა ,,ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში, არ დაწერილა უსაფრთხოების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, მიუხედავად იმისა, რომ შიდაპოლიტიკურ თუ რეგიონულ დონეზე ამ წლებში უამრავი რამ შეიცვალა.

2017 წელს მიღებულ ,,თავდაცვის სტრატეგიულ მიმოხილვაში“, ჰიბრიდული ომის შესახებ ჩანაწერი არ გვხვდება, საფრთხეების შეფასების ნაწილში განხილულია რუსული უკანონო ,,ბორდერიზაცია“, ,,მცოცავი ოკუპაცია“, ასევე ოკუპირებულ რეგიონებზე არსებული რუსული საფრთხეები, ,,რბილი ძალის“ ინსტრუმეტების გამოყენება და რუსეთის ხელში ჩავარდნილი ეკონომიკური ბერკეტები (საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, 2017).

ჰიბრიდული ომის საფრთხეებზეა საუბარი ,,საგარეო პოლიტიკის სტრატეგიაში“, რომელიც 2019-2020 წლებისთვის დამტკიცდა მთავრობის მიერ და საუბარია მზარდ მილიტარიზაციაზე ოკუპირებულ რეგიონებში, საოკუპაციო ზოლს მიღმა გადაადგილების შეზღუდვის, ხელოვნური ბარიერების პრობლემები, ადამიანთა უფლებების დარღვევა და სხვა რუსეთისგან მომავალი საფრთხეები (საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, 2019-2020).

ამრიგად, როდესაც განვიხილავთ ხისტი ძალის დასაყრდენს - რუსეთთან შერბილებულ რიტორიკას, ეროვნულ დოკუმენტებში ნაწილობრივ იკვეთება.

ამ პერიდში ევროატლანტიკური მისწრაფების მნიშვნელოვანი ნაბიჯია ხელმოწერა ნატო-ს საწვრთნელი ბაზის გასხნაზე, რაც უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია საგარეო პოლიტიკური უსაფრთხოების კურსის მხრივ.

თუმცა, ხშირად პოლიტიკურ ქმედებასთან თანხვედრაში არა მმართველი პოლიტიკოსების რიტორიკა და პირიქით, რაც შესაძლებელია შეფასდეს, როგორც რუსეთისგან მომდინარე შიშებზე რეაქცია.

მაგალითად, ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც ,,ქართული ოცნების“ დამფუძნებელია და განიხილება, როგორც არაფორმალური მმართველი, რომლის ხელშიც თავმოყრილია ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, 2013 წელს კითხვაზე, რამდენად შესაძლებელია რუსეთთან ,,ნორმალიზების პოლიტიკა“ და ნატოში გაწევრიანება, განაცხადა, რომ ,,ქართველებისთვის სომხეთი კარგი მაგალითია, რომელიც კარგ ურთიერთობაშია რუსეთთან და მეგობრული ურთიერთობები აქვს ამერიკასთან და ნატო-ს სხვა წევრ ქვეყნებთან. შესაბამისად, ეს ყველაფერი შესაძლებელია და მივიჩნევ, რომ ვალდებულები ვართ და დიდი იმედი მაქვს, რომ ამ ყველაფრის შეთავსებას შევძლებთ” (ინტერპრესნიუსი, 2013).

,,ქართული ოცნების“ 2012 წლის პარტიული პროგრამის რიგით მე-4 ჩანაწერში რუსეთთან მოლაპარაკებებში კონკრეტული შედეგების მიღწევაა დეკლარირებული და აღნიშნულია, რომ ამისი მიღწევა შესაძლებელია საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის შედეგად (ბლოკი ,,ბიძინა ივანიშვილი- ქართული ოცნება", 2012, გვ. 1-20).

სწორედ აღნიშნული გამოწვევების შესაბამისად, გაჟღერებულია ხედვა, რომ ,,საქართველოს ფაქტორი აღარ უნდა არსებობდეს დასავლეთსა და რუსეთს შორის წინააღმდეგობრივ საკითხთა ნუსხაში“, აღნიშნულია რუსეთთან დიალოგის საჭიროება, ასევე ჩრდილოკავკასიელ ხალხებთან ურთიერთობის განვითარება, რომელიც არ უნდა გახდეს რუსეთთან დაპირისპირების გაღრმავების საგანი, ხოლო ეკონომიკის ხედვებში საექსპორტო ბაზარზე ევროკავშირთან და აშშ-სთან მჭიდრო თანამშრომლობასთან ერთად დასახელებულია რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობის აღდგენის საჭიროება, რუსეთისა და სხვა ტრადიციულ ბაზრებზე დაბრუნება (ბლოკი ,,ბიძინა ივანიშვილი- ქართული ოცნება", 2012, გვ. 22-45).

2012 წლის პარტიის პროგრამა აჩვენებს, რომ ერთი მხრივ, ეფექტიანადაა ამოქმედებული რუსული ხისტი ძალის აქტორებზე კონტროლის მაჩვენებელი, პარტიამ წარადგინა რეაქტიული ხედვა რუსეთის ძალის პოლიტიკაზე, რაც ჩანასახშივე აჩვენებდა, რომ პარტია შეეცდებოდა შიშებზე აგებული პოლიტიკის წარმოებას და ნატოში გაწევრიანების საკითხის შერბილებას, რადგან ,,საქართველო არ უნდა გამხდარიყო დასავლეთსა და რუსეთს შორის დავის საგანი.“ შესაბამისად, აქტორების ქცევის ბერკეტები რუსეთის ძალის პოლიტიკის სადავეებშია მოქცეული.

უკანონო ბორდერიზაციის პოლიტიკასთან მიმართებით ,,არგაღიზიანების პოლიტიკაზე“ ისაუბრა ,,ქართული ოცნების“ დეპუტატმა- გუგული მაღრაძემ სიღრმისეული ინტერვიუს ფარგლებში. მან განაცხადა, რომ მათ, როგორც მმართველ ძალას მეტი პასუხისმგებლობა მართებთ, პოლიტიკა არ უნდა იყოს ემოციებზე აგებული და ,,უაზროდ მტრის გაღიაინებას არაფერი აზრი არა აქვს. უნდა გააღიზიანო მაშინ, როცა ხედავ რეზულტატს“.

დღესდღეოსობით დეოკუპაციის საკითხების შესახებ საუბარი უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოდან სულ უფრო ნაკლებად ისმის, რაც ასევე შეიძლება უკავშირდებოდეს ძალის პოლიტიკის მიმართ შიშებს- ,,კონტროლი აქტორებზე“. ის, რომ საქართველოს პარლამენტში დეოკუპაციის საკითხები ნაკლებად განიხილება, მოწმობს ,,ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომიიის“ სხდომის ოქმებიც: კომისიის დებულებით გათვალისწინებული თვეში მინიმუმ 2 სხდომა წლების განმავლობაში არ ტარდება (საქართველოს პარლამენტი, 2020).

უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაში კი რუსეთის არმოხსენიებამ კვლავ განაახლა დისკურსი მმართველი პარტიის შიშების მიმართ. ხელისუფლების მიერ ოკუპანტი ქვეყნის არდასახელება, მაშინ, როცა გეოპოლიტიკური ძვრები ყოველდღიურად იცვლება რუსეთის წინააღმდეგ, საქართველოს უსაფრთხოების გარანტიებს და ადგილს საერთაშორისო თანამეგობრობაში კიდევ უფრო ეჭვქვეშ აყენებს.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG