სხვა კლდიაშვილიც ხელოვანი იყო, თუმცა სხვა კლდიაშვილი თავის სათქმელს არა მხატვრული ტექსტებით, არამედ ნახაზებით, უფრო ზუსტად, შენობა-ნაგებობების დაპროექტებით ამბობდა და, როგორც "ივერიის" თანამშრომელი, იაკობ მანსვეტაშვილი წერს თავის „მოგონებანში“, ამბობდა დიდებულად, რადგან სწორედ ამ სხვა კლდიაშვილს ეკუთვნის ის „საუცხოო და დიადი შენობა, რომელიც ვაკედან ამაყად დაჰყურებს ქალაქს, რომელიც მტერს თვალს უყენებს და მოყვარეს გულს უხარებს; შენობა, სადაც დღეს ქართული უნივერსიტეტი იმყოფება“.
ეს „სხვა კლდიაშვილი“, ცხადია, სვიმონ კლდიაშვილია, აკადემიკოს ვახტანგ ბერიძის თქმით, პირველი ქართველი ხუროთმოძღვარი, რომელმაც ევროპული ტიპის სპეციალური აკადემიური განათლება მიიღო.
1865 წლის 14 თებერვალს სოფელ ქვიშხეთში დაბადებული სვიმონ კლდიაშვილი იყო გრიგოლ კლდიაშვილისა და ეფროსინე (ეფრო) ყიფიანის შვილი. გრიგოლი - ქუთაისის საგუბერნიო 68-ე ბატალიონის პოდპორუჩიკი - ერთი ხანობა სვანეთში მუშაობდა სამოქალაქო სამსახურში, ეფრო კი - დიდი დიმიტრი ყიფიანის ძმისშვილი - ცნობილი იყო როგორც ქართული თეატრის დიდი მოამაგე, სცენისმოყვარე, ლიტერატორი და ენერგიული საზოგადო მოღვაწე, რომელსაც მეგობრული და საქმიანი ურთიერთობა ჰქონდა თავისი ეპოქის ლამის ყველა გამოჩენილ ადამიანთან, მათ შორის აკაკი წერეთელთან.
"ათს ამ თვეს ერთმა მტკაველმა აფიშამ გვაუწყა, რომ სცენის მოყვარენი წარმოადგენენ კომედიას “შემოსავლიან ადგილს“. ჩვენ მეტად გვეუცხოვა, რომ აფიშაში ვერ ვნახეთ გამოცხადებული სახელი აქაური გამოჩენილი მოთამაშეებისა. მაგალითად ეფროსინე კლდიაშვილისა, ვ. აბაშიძისა, თ. ლეჟავასი...“ - წერს აღშფოთებული აკაკი გაზეთ „დროების“ 1874 წლის 22 ნოემბრის ნომერში („ლუკმა გავარდესო, ჯამში ჩავარდესო...“).
ეფრო ასევე იყო დედა ნიჭიერი ახალგაზრდა ქიმიკოსისა, საბა კლდიაშვილისა, რომელიც 1905 წელს ოდესაში შავრაზმელებმა მოკლეს „პოგრომის“ დროს და, ვისი ნეშტის საქართველოში ჩამოსვენებაც გრანდიოზულ მოვლენად იქცა (ეფრო კლდიაშვილი მოესწრება კიდევ ორი შვილის, ლუარსაბის და მარიამის გარდაცვალებას).
1899 წლისათვის, როცა თბილისის სათავადაზნაურო სკოლისა („თბილისის გიმნაზიის“) და მომავალი პირველი ქართული უნივერსიტეტის შენობის პროექტის შესადგენად მოიწვიეს, ახალგაზრდა სვიმონ კლდიაშვილს უკვე მოესწრო უმაღლესი განათლების მიღება მოსკოვის „ფერწერის, ქანდაკებისა და ხუროთმოძღვრების სასწავლებელში“ (დაასრულა ვერცხლის მედლით), რამდენიმე შენობის დაპროექტება კოსტრომის გუბერნიასა და სოხუმში (რუსული ყაიდის სასტუმრო, საარქიელო კარის ეკლესია და სხვ.), სადაც ქალაქის არქიტექტორად მსახურობდა.
საბუთების მიხედვით, ქართული გიმნაზიის სამშენებლო კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკო ცხვედაძის მიერ თბილისში, ვარაზისხევის გადაღმა 21 002 მანეთად და 15 კაპიკად ნაყიდ 6 დესეტინა მიწაზე თბილისის გიმნაზია უნდა აშენებულიყო, თუმცა ნიკო ცხვედაძეს, როგორც მისი მეგობრები იხსენებდნენ, თავიდანვე გადაწყვეტილი ჰქონდა აეშენებინა შენობა, რომელშიც, ადრე თუ გვიან, პირველი ქართული უნივერსიტეტი გაიხსნებოდა, რის ნებართვასაც მეფის რუსეთის ადმინისტრაცია არ იძლეოდა მრავალი ათეული წლის განმავლობაში ქართული საზოგადოების დაჟინებული მოთხოვნის მიუხედავად.
„ერთხელ ჰკითხეს ნიკოს, რა საჭიროა გიმნაზიისთვის ასეთი გრანდიოზული სახლიო?“, - წერს თავის მოგონებებში უნივერსიტეტის დამფუძნებელი საზოგადოების მდივანი, მწერალი ილია ზურაბიშვილი, რომელიც იქვე ამხელს ნიკო ცხვედაძის ფარულ ჩანაფიქრს, -„რას ჩამაცივდით თქვენი გიმნაზიით, თითქო მასზე ჩამოწყვეტილიყოს მთელი ქვეყნის ბედი? - იყვირა ნიკომ - ნუთუ, უფრო უკეთესის, უფრო დიდი რამის წარმოდგენის უნარი დაგეკარგათ?“
საქმეც ის იყო, რომ ნიკო ცხვედაძეს, ილია ჭავჭავაძეს, იაკობ გოგებაშვილსა და ქართული საზოგადოების სხვა გამორჩეულ წარმომადგენლებს სულ ჰქონდათ ფიქრად ქართველებისთვის „ყველაზე უფრო უკეთესის და დიდი რამის“ მშენებლობა, რასაც, როგორც აკადემიკოსი ვახტანგ ბერიძე ამბობს 1954 წელს დაწერილ სტატიაში, „გაცილებით უფრო დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, ვიდრე ერთი სასკოლო შენობის აგებას შეიძლება ჰქონდეს“.
„რუსეთის ცარიზმის პირობებში ეს დიდი პატრიოტული საქმე იყო, „დიდებული საქმე ქართველი ერისა“, როგორც მაშინ წერდნენ. სკოლას სახელმწიფო ან კერძო პირი - კაპიტალისტი კი არ აშენებდა, როგორც სხვა შენობებს, არამედ თვით ქართველობა, რომელსაც ამითაც სურდა დაემტკიცებინა (სხვისთვისა და თავისთვისაც!) თავისი ეროვნული ღირსება, თვით თავისი ეროვნული არსებობაც კი. სკოლის ასაგებადაც ცნობილი ვინმე თბილისელი არქიტექტორი კი არ მიიწვიეს, არამედ - ესეც ნიშანდობლივია - ჯერ კიდევ ახალგაზრდა, ნაკლებ გამოცდილი სვიმონ კლდიაშვილი“, - ვახტანგ ბერიძე.
1899 წელს სვიმონ კლდიაშვილს უკვე მზად ჰქონდა ესკიზური პროექტი, ხოლო 1900 წლის 14(26) ოქტომბერს, დიდძალი საზოგადოების თანდასწრებით სკოლის ახალ შენობას ჩაუყარეს საძირკველი.
„14 ოქტომბერს თბილისის სათავად-აზნაურო სკოლის გამგე-კომიტეტის მიერ შეძენილს ადგილზედ, ამ სკოლის ახალი შენობის საძირკველი ჩაჰყარეს და აკურთხეს“, - წერდა გაზეთი „ივერია“ 1900 წლის 225-ე ნომერში. საზეიმო პარაკლისს, რომელიც გიმნაზიის მასწავლებელმა, დეკანოზმა კალისტრატე ცინცაძემ გადაიხადა, დაესწრნენ ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, იაკობ გოგებაშვილი, მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანი, ნიკო ცხვედაძე და სხვები. შენობის საძირკველში ჩადებული რამდენიმე აგურის ერთ მხარეს ამოტვიფრული ყოფილა „ქართული გიმნაზია“, მეორეზე კი - „ქართული უნივერსიტეტი“...
პირველი ქართული უნივერსიტეტის შენობას, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით, სვიმონ კლდიაშვილი, ნიკო ცხვედაძე და მთელი ქართული საზოგადოება აშენებდა.
სვიმონ კლდიაშვილს იქვე, ეზოში, პატარა სადგომი ჰქონდა მოწყობილი და დაუღალავ ნიკო ცხვედაძესთან ერთად დღეს და ღამეს ასწორებდა მუშაობაში. სვიმონ კლდიაშვილმა თავისი საცხოვრებელი სახლიც კი იქვე, მშენებლობის მოპირდაპირე მხარეს, ვარაზისხევს გამოღმა ააშენა.
ნიკო ცხვედაძე და სვიმონ კლდიაშვილი ადგენდნენ სამუშაო განაწესსა და განსაზღვრავდნენ მუშახელის ანაზღაურებას, რომელიც „მოზრდილი“ მუშისთვის 65 კაპიკი იყო, ხოლო „მორჩილისთვის“ 55 კაპიკი. სამუშაო დღე დილის 6 საათიდან საღამოს 7 საათამდე გრძელდებოდა და ითვალისწინებდა ერთ 0,5-საათიან და ერთ 1,5-საათიან შესვენებას.
1906 წლის 26 ნოემბერს ქართული გიმნაზია სრულად გადავიდა ახალ მისამართზე, თუმცა შენობის მშენებლობა მხოლოდ 1916 წელს დასრულდა, რისთვისაც, ჯამში, იმ დროისათვის კოლოსალური თანხა, 690 ათასი ოქროს მანეთი დაიხარჯა.
ახალ შენობაში ქართული გიმნაზიის გადასვლა ფართოდ გააშუქა მაშინდელმა ქართულმა პრესამ. „ცნობის ფურცლის“ სურათებიანი დამატების მიხედვით, შენობის სადგომები შემდეგნაიარად ყოფილა განაწილებული:
„ძირს ნახევარ სართულში: სასადილო დარბაზი, ხელსაქმის კლასები, სამზარეულო, ბუფეტი, კანცელარია, არხივი, საგიმნასტიკო დარბაზი და სხვ. პირველ სართულში კანტორა, დირექტორის, ინსპექტორისა და მასწავლებელთა კაბინეტები, ორი სარეკრეაციო დარბაზი, 9 კლასი და სხვა... მე-2 სართულში: ეკლესია, სადღესასწაულო აქტის გასამართი დარბაზი, სხვადასხვა სამეცნიერო კაბინეტები, 9 კლასი, სამუსიკო კლასი და სხვ. მესამე სართულში: პანსიონის სადგომი. სულ შენობა დაიტევს 800 მოწაფეს, პანსიონი 300-ს, ეკლესია - 800-ს“.
აკადემიკოს ვახტანგ ბერიძის შეფასებით, რუსული Ш-ს ფორმის მქონე სიმეტრიულ შენობას დიდი სასწავლებლის ტრადიციული სახე აქვს და მისი გარეგნობა სავსებით შეესაბამება დანიშნულებას.
„ყველა სადგომი - ფართო, სინათლიანი, მოხერხებულად განლაგებული დერეფნები (ყველა უშუალოდ ნათდება ბუნებრივი შუქით) და დიდი კლასები. როგორც კლასების, ისე დერეფნების ზომა სკოლისათვის გადაჭარბებული ჩანს, მაგრამ მშენებელთ ამ მხრივ თავი არ შეუზღუდავთ. ამ საქმის მეთაურს ნიკოლოზ ცხვედაძეს, არა ერთხელ უთქვამს, აქ ოდესმე ჩვენი უნივერსიტეტი მოთავსდებაო: უეჭველია, არაოფიციალურად ეს ცნობილი იყო არქიტექტორისთვის და, ალბათ, ამისდამიხედვით განსაზღვრავდა ფართობებსაც. უნივერსიტეტის გეგმა, მისი ფართო დერეფნები, ვრცელი, ნათელი აუდიტორიები მოწმობს, როგორი გულისყურით ეკიდებოდა ხუროთმოძღვარი შენობის ფუნქციურ მხარეს. მისი გარეგნობა-ფასადების მარტივი გაწონასწორებული კომპოზიცია, დახვეწილი პროპორციები, ძუნწი მორთულობა, მონუმენტური და თანაც ხალისიანი იერი ზედმიწევნით შეესაბამება დიდი სასწავლებლის მხატვრულ-ხუროთმოძღვრულ სახეს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობა თბილისის ერთი საუკეთესო ნაგებობათაგანია“, - წერს ვახტანგ ბერიძე „თბილისის ხუროთმოძღვრების“ II ტომში.
თბილისში, უნივერსიტეტის პირველი კორპუსის გარდა, სვიმონ კლდიაშვილის პროექტით აშენებული არაერთი შენობა დგას. სვიმონ კლდიაშვილის პროექტით გაუკეთდა კაპიტალური რესტავრაცია ქობულაშვილების დიდ სახლს გრიბოედოვის ქუჩაზე (სამხატვრო აკადემიის შენობა) 1902 წელს.
სვიმონ კლდიაშვილის პროექტით არის აშენებული ილია ჭავჭავაძის სახლი ჩუბინაშვილის ქუჩაზე და კიდევ დაახლოებით 60-მდე შენობა, რომლებშიც, როგორც ეკლექტიზმის ხანის ტიპურ წარმოადგენელს, გამოყენებული აქვს მოდერნული და „რენესანსულ-ბაროკული“ ფასადები.
სვიმონ კლდიაშვილის ღვაწლი მხოლოდ არქიტექტორის შრომით არ შემოისაზღვრება. 1902 წელს მან ექვთიმე თაყაიშვილთან ერთად იმოგზაურა საქართველოს სამხრეთ რაიონებში, სადაც ძველი ქართული ხუროთმოძღვრების 20-მდე ძეგლი გაზომა, მათ შორის, რამდენიმე დიდმნიშვნელოვანიც: ბანა, ჩაისი, ვაშლობი, ამპური, ჩომარდო, კოტასი, სანსუტი, ველი, ერუშეთი, ზაქი, სოლომონ-ყალა, ჩახუსი, გოგუბა, კიაღმის-ალთი, წყაროსთავი და სხვ.
როგორც ქართველი ხელოვნებათმცოდნეები შენიშნავენ, რამდენიმეს გამოკლებით, ამ ძეგლებზე სხვა მასალა, გარდა კლდიაშვილის განაზომებისა, არ არსებობს და, შესაბამისად, ეს განაზომები დღემდე ერთადერთ გრაფიკულ საბუთებად ითვლება.
1907 წელს სვიმონ კლდიაშვილი აირჩიეს საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფო საზოგადოების წევრად. 1910 წელს იგი ექვთიმე თაყაიშვილს ახლდა რაჭა-ლეჩხუმში, 1914 წელს კი შედიოდა მცხეთის ჯვრის შემკეთებელ კომისიაში, ასევე იყო სვეტიცხოვლის განმაახლებელი კომიტეტის წევრი.
ავადმყოფობის გამო სვიმონ კლდიაშვილის აქტიური პროფესიული და საზოგადოებრივი საქმიანობა 1914 წლიდან წყდება, თუმცა არქიტექტორი მოესწრო მის მიერ დაპროექტებულ შენობაში პირველი ქართული უნივერსიტეტის გახსნას და მხოლოდ ორი წლის შემდეგ, 1920 წლის 26 მაისს გარდაიცვალა.
სვიმონ კლდიაშვილის გარდაცვალებას ნეკროლოგით გამოეხმაურა გაზეთი „თეატრი და ცხოვრება“.
„მიმდევარი და თაყვანისმცემელი იყო კლასიკური ყაიდის ხუროთმოძღვრებისა, სხვადასხვა შეჯიბრებაში მიღებული ჰქონდა ჯილდოდ ვერცხლისა და ოქროს მედლები. წევრად ირიცხებოდა სახელოვნებო საზოგადოებაში და თითქმის ყველა საზოგადო საქმიანობაში მონაწილეობდა“, - ნეკროლოგი, რომელსაც იოსებ არიმათიელი (იმედაშვილი) აწერს ხელს, ასე მთავრდება:
„მტკიცე მამულიშვილი იყო, ნამდვილი ქართველი და მშობელი ერის დიდი გულშემატკივარი. უჭკნობი ხსენება სამშობლოსა და ხალხისათვის მარად მოაზრე-მზრუნველთა ხსოვნას!“
სვიმონ კლდიაშვილი დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.