უკრაინის თქმით, მის საზღვრებთან განლაგებული რუსეთის ჯარები ჯერ არ არის იმ რაოდენობის, რომ სრულმასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის განხორციელება შეძლოს, თუმცა შეერთებული შტატები კვლავაც ირწმუნება, რომ თავდასხმა შესაძლოა „გარდაუვალი“ იყოს.
რუსეთმა უკრაინის საზღვრებთან 100 ათასზე მეტ ჯარისკაცს და სამხედრო ტექნიკას მოუყარა თავი. აშშ-ისა და მისი მოკავშირეების აზრით, ეს შეიძლება მოასწავებდეს, რომ მოსკოვი უკრაინაში შეჭრას აპირებს.
როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა 2 თებერვალს უცხოეთის მედიასთან შეხვედრაზე, უკრაინის საზღვრებთან თავმოყრილი რუსეთის ჯარების რაოდენობა და შემადგენლობა „საკმარისი არ არის სრულმასშტაბიანი შეჭრისთვის“, თუმცა კიევი „თვალს ადევნებს შემდგომ დინამიკას“, - თქვა მან.
კულებამ ასევე კომენტარი გააკეთა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებაზე უკრაინიდან აშშ-ის საელჩოს თანამშრომელთა ოჯახის წევრების გაყვანის შესახებ. მინისტრის თქმით, ეს ნაადრევი ნაბიჯი იყო.
მისი თქმით, კვირების განმავლობაში ლაპარაკობენ გარდაუვალ ომზე და ის ფაქტი, რომ არაფერი მომხდარა, იმის ნიშანია, რომ დიპლომატიურ ძალისხმევას შედეგი მოაქვს.
კულებამ დასავლეთს მოუწოდა, საბოლოოდ მიაღწიოს შეთანხმებას, უკრაინაში ინტერვენციის შემთხვევაში რა სანქციებს დაუწესებდა რუსეთს და ეს ზომები ახლავე შეატყობინოს კრემლს.