ჩეხეთის დედაქალაქ პრაღის აეროპორტმა უარი თქვა პრაქტიკაზე, როცა უკრაინის ავიარეისებზე ჩასხდომის დაწყებას, ჩეხურ და ინგლისურ ენებთან ერთად, რუსულადაც აცხადებდა. ეს გადაწყვეტილება თანამოქალაქეებს ფეისბუკით აცნობა უკრაინის ელჩმა ჩეხეთში ევჰენ პერებიინისმა. ელჩის თანახმად, 1 თებერვლიდან, პრაღის აეროპორტმა პრაქტიკა შეცვალა და ინფორმაციას რეისების შესახებ რუსულად აღარ გამოაცხადებს.
უკრაინელი დიპლომატის განმარტებით, საელჩო დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა ამ პრაქტიკის შეცვლას, რადგან ინფორმაციის რუსულ ენაზე დუბლირება არალოგიკური იყო, თუმცა, აეროპორტის ადმინისტრაცია საელჩოს ყოველთვის იმას პასუხობდა, რომ ეს კეთდება ავიაკომპანიების თხოვნით და ტრანზიტით მიმავალი მგზავრებისთვის.
პერებიინისის განცხადებით, უკრაინის მოქალაქეებს შეუძლიათ გაიგონ ინგლისურ ენაზე მიწოდებული საბაზისო ინფორმაცია, რუსეთის მოქალაქეები კი, უკრაინის გავლით, როგორც წესი, არ დაფრინავენ, რადგან უკრაინას აგრესორ ქვეყანასთან ავიამიმოსვლა შეწყვეტილი აქვს.