რუსეთის ფედერაციის კულტურის სამინისტრომ გამოაქვეყნა პრეზიდენტის განკარგულების პროექტი, რომელმაც, ერთი მხრივ, უნდა დაიცვას რუსეთის მოქალაქეები „თავსმოხვეული დასავლური ღირებულებებისაგან“, მეორე მხრივ კი, გააძლიეროს რუსეთის ფედერაციაში შემავალი ხალხების ტრადიციული ღირებულებები. პროექტის ტექსტში ჩამოთვლილია როგორც ტრადიციული ანუ სასარგებლო ღირებულებები, ასევე მიუღებელი და უცხო იდეები, რომლებიც საფრთხეს უქმნის რუსეთის ეროვნულ ინტერესებს. დასავლური ღირებულებებისაგან თავის დაცვის მექანიზმის შემუშავების გარდა, რუსეთის მთავრობა, პრეზიდენტ პუტინის დავალებით, ასევე მუშაობს „ინტერნეტის ტოქსიკური კონტენტის რეესტრის“ შექმნაზე.
რუსეთის ფედერაციის კულტურის სამინისტრომ ტრადიციულ ღირებულებებს მიაკუთვნა:
- ადამიანის სიცოცხლე
- ადამიანის ღირსება
- ადამიანის უფლებები და თავისუფლებები
- პატრიოტიზმი, მოქალაქეობა
- მამულის მსახურება და პასუხისმგებლობა მის ბედზე
- მაღალი ზნეობრივი იდეალები
- ოჯახის სიმტკიცე
- შემოქმედებითი შრომა
- სულიერის მატერიალურზე უპირატესობა
- ჰუმანიზმი
- მოწყალება
- სამართლიანობა
- კოლექტივიზმი
- ურთიერთდახმარება და ურთიერთპატივისცემა
- ისტორიული მეხსიერება და თაობებს შორის მემკვიდრეობითობა
- რუსეთის ხალხთა ერთობა
რუსეთის კულტურის სამინისტროში მიიჩნევენ, რომ რუსეთის მოქალაქეებზე დამანგრეველ იდეოლოგიურ და ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას ახდენს რუსეთის ხალხისათვის უცხო და რუსეთის საზოგადოების დამანგრეველი იდეებისა და ღირებულებითი სისტემის - დესტრუქციული იდეოლოგიის დანერგვა, ასეთად კი მიჩნეულია:
- ეგოიზმის კულტი
- ყველაფრის ნებადართულობის (დაუსჯელობის) კულტი
- უზნეობის კულტი
- პატრიოტიზმის იდეალების უარყოფა
- სამშობლოს მსახურების იდეალების უარყოფა
- მოდგმის გამრავლების იდეალების უარყოფა
- შემოქმედებითი შრომის იდეალების უარყოფა
- მსოფლიო ისტორიაში რუსეთის პოზიტიური წვლილის იდეალების უარყოფა
- კულტურის სფეროში რუსეთის დადებითი წვლილის იდეალების უარყოფა
რუსეთის ფედერაციის კულტურის სამინისტროს მიერ მომზადებულ პრეზიდენტის განკარგულების ამ პროექტს ბევრი კრიტიკოსი გამოუჩნდა. ჟურნალისტ დმიტრი კოლეზევის თქმით, ღირებულებების ვრცელ ჩამონათვალში ბევრი წინააღმდეგობაა.
„თუ თითოეული ცალკე აღებული ღირებულების შესახებ ვიმსჯელებთ, თანამედროვე რუსეთში შეიძლება მოვძებნოთ უამრავი რამ, რაც ეწინააღმდეგება ამ განკარგულებას, მათ შორის ის, რასაც აკეთებს რუსეთის ხელისუფლება. გარდა ამისა, სია წინააღმდეგობრივია. ავიღოთ ჰუმანიზმი, ადამიანის სიცოცხლე, რომელიც პირველ ადგილზეა და ავიღოთ კოლექტივიზმი, რომელიც ასევე შეტანილია სიაში. ეს ღირებულებები პრინციპულად ბევრ რამეში ეწინააღმდეგება ერთმანეთს, რადგან კოლექტივიზმი გულისხმობს რაღაც ჯგუფის (ერის, სახელმწიფოს, პარტიის, სამხედრო გაერთიანების და ა.შ.) ინტერესების უპირატესობას პიროვნების, ცალკე აღებული ადამიანის ინდივიდუალურ ინტერესებზე. ვფიქრობ, ეს არის მთავარი საკითხი რუსეთში, ეს არის პრობლემებისა და დავის ქვაკუთხედი: რა უფრო მნიშვნელოვანია, ადამიანის ინდივიდუალური უფლებები, მისი სოცოცხლე, მისი გრძნობები, კომფორტ-დისკომფორტი, განცდები, სიმდიდრე-სიღარიბე თუ სახელმწიფოს ინტერესები? რუსეთი ერთმნიშვნელოვნად (მათ შორის, ამ დოკუმენტითაც) უპასუხებს, რომ სახელმწიფოს ინტერესები უფრო მნიშვნელოვანია, რომ ადამიანმა უნდა დათმოს თავისი პირადი ინტერესები რამე დიდისა და მნიშვნელოვანის სასარგებლოდ“.
რუსი მიმომხილველები ასევე მიუთითებენ კიდევ ერთ წინააღმდეგობაზე, რომელიც განათლების სფეროსა და მეცნიერების განვითარებას უკავშირდება. გაზეთ „ვედომოსტის“ ყოფილი რედაქტორის ქსენია ბოლეცკაიას თქმით, რუსეთის პრეზიდენტის განკარგულების პროექტი ტრადიციური ღირებულებებისათვის ერთ-ერთ საფრთხედ განიხილავს მეცნიერებასა და განათლებაში რეფორმის ჩატარებას ტრადიციების გაუთვალისწინებლად.
„მეგონა, ელემენტარული იყო იმის ცოდნა, რომ მეცნიერება დგას ნოვაციაზე, სიახლეებსა და ექსპერიმენტებზე, ანუ ტრადიციული ღირებულებების სრულიად საპირისპირო რამეზე. თუ მეცნიერება იძულებული იქნება, სულ მუდამ უკან, ტრადიციებისაკენ იყუროს, ეს გარემოება აუცილებლად მიიყვანს მას სრულ იმპოტენციამდე, რაც დამტკიცებულია მრავალი საუკუნის გამოცდილებით. ასე რომ, სალამი, შუა საუკუნეებო! მაგრამ, იქნებ, არ გვინდა?“ - წერს რუსი ჟურნალისტი.
რუსეთის პრეზიდენტის განკარგულების პროექტში დიდი ადგილი აქვს დათმობილი მტრებს, რომლებიც ხელყოფენ რუსეთის ტრადიციულ ღირებულებებს და საფრთხეს უქმნიან რუსულ კულტურას. სცენარისტ ივან ფილიპოვის თქმით, დოკუმენტიდან გამომდინარე, არსებობენ მტრები, უპირატესად უცხოელები, რომლებიც რუსეთის ღირებულებებსა და კულტურას ემუქრებიან და, მეტიც, განადგურებას უპირებენ.
„ამგვარი მტრების არსებობა იმას ნიშნავს, რომ რუსეთის კულტურა საჭიროებს სასწრაფო დაცვას, რაც ნამდვილი სიგიჟეა. აზრი იმის შესახებ, რომ რუსეთის კულტურა უმწეოა და საჭიროებს დაცვას ვინმესგან, შეურაცხმყოფელია. რა გამოდის, ჩვენ, ჩვენი იტალიელი ხუროთმოძღვრებით, რომლებიც აშენებდნენ კრემლს, იტალიელი არქიტექტორებით, რომლებიც სხვა ბევრ რამეს აშენებდნენ, შოტლანდიელი ადმირალებით, ფრანგი გენერლებით, გერმანელი დედოფლებით... - აი, ამ ისტორიული მარაგით, ჩვენ უნდა გვაშინებდეს ვესტერნიზაცია? რატომ? მთელი მე-19 საუკუნე, რუსეთის მთელი არისტოკრატია ან არ ლაპარაკობდა მშობლიურ ენაზე, ან ძლივს ლაპარაკობდა. რამენაირად ხელი შეუშალა ამ გარემოებამ რომელიმე დიდ რუს მწერალს? ტატიანამ ცუდად იცოდა რუსული და ონეგინსაც მისთვის ჩვეულ ფრანგულ ენაზე უგზავნიდა წერილებს და რა? საუკუნეების განმავლობაში რუსულმა კულტურამ დამაჯერებლად დაამტკიცა, რომ ის თვითონ გაუმკლავდება დროის ყველა გამოწვევას. სხვაგვარად შეუძლია იფიქროს მხოლოდ იმ ადამიანმა, რომელმაც სრულებით არ იცის თავისი ქვეყნის ისტორია“, - ამბობს ივან ფილიპოვი.
სახელმწიფოს და სახელმწიფოს მხარდამჭერი საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ჩვეული ენთუზიაზმით მოიწონეს რუსეთის პრეზიდენტის განკარგულების პროექტი, რომელიც გამოქვეყნდა რუსეთის ნორმატიულ-სამართლებრივი აქტების პროექტების ფედერალურ პორტალ regulation.gov.ru-ზე, სადაც რუსეთის მოქალაქებს შეუძლიათ ხმის მიცემით გამოხატონ თავიანთი დამოკიდებულება პროექტის მიმართ. როგორც რუსი მიმომხილველები აღნიშნავენ, დიდი ელექტორალური ბრძოლები გამართულა like-ებისა და dislike-ების მსურველთა შორის. „აღმოჩნდა, განკარგულების მომხრეები ძირითადად რატომღაც სამუშაო საათებში აქტიურობენ“, - შენიშნა პოლიტოლოგმა ეკატერინა შულმანმა, რომელმაც რადიოსადგურ „ეხო მოსკვის“ ეთერში იმის შესახებ ილაპარაკა, თუ როგორ და საიდან გაჩნდა რუსეთის პრეზიდენტის განკარგულების პროექტი და რაში შეიძლება მდგომარეობდეს მისი საჭიროება.
„2021 წლის 2 ივლისს, პრეზიდენტმა პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას რუსეთის ფედერაციის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის შესახებ, რომელშიც არის ერთი პუნქტი კულტურის, ისტორიული მეხსიერებისა და სულიერ-ზნეობრივი ფასეულობების შესახებ. ასე რომ, არ იფიქროთ, კულტურის სამინისტროში კრეატივის მოულოდნელი აფეთქება მოხდა, მოდი დღეიდან ტრადიციული ღირებულებები დავიცვათო. სამინისტრო ვალდებული იყო დაეწერა განკარგულების პროექტი, რომელშიც ბევრი რამ გადმოღებულია ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიიდან, კერძოდ, ფასეულობების ის ჩამონათვალი, რომელმაც ასე „გაახარა“ ყველა, აშშ და მისი მოკავშირეები, რომლებიც აქტიურად ესხმიან თავს ჩვენს სულიერებას, კულტურასა და ისტორიულ მეხსიერებას, დისკრედიტაცია, ისტორიის დამახინჯება და ა.შ., - ეს ყველაფერი წარმოდგენილია 2021 წლის 2 ივლისს ხელმოწერილ ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში, თუმცა არის რაღაც, რაც copy-paste-ით არ არის გადმოტანილი. ახალ განკარგულებაში შეტანილია პუნქტი, რომელიც ითვალისწინებს ისეთი ღირებულებების დასაცავი უწყებათაშორისი საკოორდინაციო ორგანოს შექმნას, რომელიც აღჭურვილი იქნება უფლებამოსილებით, ჩაატაროს საორგანიზაციო-საკადრო ღონისძიებები, მათ შორის, საკადრო დანიშვნების შეთანხმების ჩათვლით“.
ღირებულებების დასაცავი უწყებათაშორისი საკოორდინაციო ორგანოს ამგვარი უფლებამოსილებით აღჭურვა კი იმას ნიშნავს, რომ რუსეთის პრეზიდენტის განკარგულებით განსაზღვრული ღირებებულების ჩამონათვალი რაღაც სახით გამოყენებული იქნება სახელმწიფო მოხელეების თანამდებობაზე დანიშვნისას (სავარაუდოდ, შეამოწმებენ მათ შესაბამისობას).
„ამ სიით რომ პრეზიდენტი შეამოწმონ, ნამდვილად ჩაიჭრება, ისევე, როგორც ბევრი სხვა ოფიციალური პირი", - შენიშნა თავის იუტუბარხზე ცნობილმა რუსმა პოლიტიკოსმა და საზოგადო მოღვაწემ, გიორგი სატაროვმა, - რაც შეეხება მაღალ ზნეობრივ იდეალებსა და ოჯახის სიმტკიცეს, შესაძლოა, მე არ ვარ სამაგალითო, მაგრამ პრეზიდენტი კი ნამდვილად „სამაგალითოა“... სულიერის მატერიალურზე უპირატესობაზე შეიძლება ითქვას, რომ ამის დემონსტრირებას ახდენს როგორც პრეზიდენტი თავისი სასახლით, ასევე მისი გარემოცვა თავისი უზარმაზარი რაოდენობის სასახლეებით. და კორუფცია? რაც შეეხება გულმოწყალებასა და სამართლიანობას. რა თქმა უნდა, ამ მხრივ ჩვენი სასამართლოებია სამაგალითო... ასევე ურთიერთდახმარება და ურთიერთგაგება, რომელსაც სრული პროგრამით აფრქვევს სახელმწიფო მედია... მოკლედ, ასეთი ცინიზმი, სინამდვილის ასეთი აბუჩად აგდება, ძნელი წარმოსადგენია“.
"ტოქსიკური კონტენტის რეესტრი"
გასული კვირის ბოლოს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა მთავრობას ასევე დაავალა, შეადგინოს ინტერნეტის ტოქსიკური კონტენტის რეესტრი.
„რა გვაქვს ჩვენ ტოქსიკური? ჰაერი, წყალი და რადიოაქტიური სამარხები, კიდევ „ნოვიჩოკი“... თუმცა ამ ყველაფერს თავი უნდა დავანებოთ და ინტერნეტში ტოქსიკური კონტენტის გამოვლენით უნდა დავკავდეთ“, - შენიშნა ცნობილმა რუსმა სამოქალაქო აქტივისტმა, ფიზიკოსმა, ვერა აფანასევამ.
ბუნებრივია, ვლადიმირ პუტინის დავალებასა და „ინტერნეტის ტოქსიკური კონტენტის რეესტრის“ შექმნის იდეას მხარი დაუჭირა რუსეთის მმართველმა პარტიამ. სენატორმა ალექსეი პუშკოვმა განაცხადა, რომ რეესტრის შექმნა მნიშვნელოვანი თემა და ინიციატივაა.
„აუცილებლად ვიმსჯელებთ ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის კომისიის უახლოეს სხდომაზე. ეს ე.წ. ახალი ღირებულებები უნდა გახდეს ჩვენს საზოგადოებაში Persona non grata“, - განაცხადა რუსმა სენატორმა.
„მაინც ასეთი რა ღირებულებებია, რომლებიც პერსონებად უნდა იქცნენ? ბევრს ეჭვი არ ეპარება, რომ ყველაფერი სწორედაც რომ გარკვეული პერსონების დევნით დასრულდება“, - დაწერა სოციალურ ქსელ ტელეგრამში ადვოკატმა ივან პავლოვმა, რომლის თქმითაც, უცხოეთის აგენტებსა და არასასურველ პირებს დაემატებიან ტოქსიკურები ანუ ისინი, ვინც ვერ დააშოშმინეს არსებული რეესტრებით, ახლა კი შეეცდებიან, დაუბლოკონ ანგარიშები, შეუმცირონ რეიტინგები, გააძევონ პლატფორმებიდან და ა.შ.
ე.წ. ტოქსიკურ კონტენტში იგულისხმება ძალადობის შემცველი ინფორმაცია, გამიზნულად მცდარი და მავნე ინფორმაციის გავრცელება, რადიკალური ფემინიზმი, ლგბტ თემატიკის წასახალისება და ზოოფილია.
რუსი უფლებადამცველების განმარტებით, „ტოქსიკურ კონტენტში“ იოლად შეიძლება წამების მამხილებელი მასალების ხელოვნურად შეტანა; ასევე ლგბტ თემატიკის წახალისებად ჩათვალონ გამოძიება ჩეჩნეთში გეების მკვლელობებზე, რადიკალურ ფემინიზმად მიიჩნიონ ოჯახური ძალადობის მამხილებელი მასალები, ზოოფილია კი, როგორც ჩანს, უბრალოდ სამოქალაქო საზოგადოების აბუჩად ასაგდებად არის დამატებული.
უფლებადამცველები ვარაუდობენ, რომ „ინტერნეტის ტოქსიკური კონტენტის რეესტრი“ იქმნება ჟურნალისტური გამოძიებებისა და უფლებადამცავი ორგანიზაციების მიერ გავრცელებული ინფორმაციის დასაბლოკად. მოსალოდნელია რეესტრის ჩამონათვალის მნიშვნელოვანი გაფართოება. საყურადღებოა, რომ ინტერნეტის შემზღუდავი მორიგი იდეა გახმოვანდა რუსეთის პრეზიდენტის გარემოცვის შესახებ რომან ბადანინისა და მისი საინფორმაციო სააგენტოს მიერ ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიების გამოქვეყნებიდან ერთი კვირის თავზე.
როგორც რადიო თავისუფლების რუსული რედაქცია იტყობინება, ვლადიმირ პუტინს ინტერნეტის ტოქსიკური კონტენტის რეესტრის შექმნის შესახებ განკარგულების პროექტი 1 ივნისამდე უნდა მიაწოდონ. 1 ივნისი კი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა, რაც, სავარაუდოდ, უბრალო დამთხვევა არ უნდა იყოს, რადგან ფორმალურად ყველაფერი ბავშვთა და მოზარდთა ინტერესების დაცვისთვის კეთდება.
მომზადებულია რადიო თავისუფლების რუსული რედაქციის რეპორტაჟების მიხედვით.