Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაჭარაშვილი ტყის პრემიერ-მინისტრის ცოლისთვის გადაცემაზე: უფრო ცუდია, რაც მინისტრმა თქვა, რომ 5 მილიონ ადამიანს შეუძლია დაინაწევროს ტყეები


ირაკლი მაჭარაშვილი
ირაკლი მაჭარაშვილი

"მწვანე ალტერნატივის" ბიომრავალფეროვნების პროგრამის კოორდინატორმა ირაკლი მაჭარაშვილმა რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ დაბა ბაკურიანში პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ცოლისთვის, ნუნუ თამაზაშვილისთვის ტყის, 5958 კვ/მ ფართობის მიწის გადაცემის საკითხის კომენტირებისას აღნიშნავს, რომ უფრო ცუდია ის, რაც ამ ფაქტის განმარტების სახით თქვა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და რაც ტყის დანაწევრების შესაძლებლობას შეეხება:

„ყველაზე ცუდი ის კი არ არის, რომ პრემიერ-მინისტრს გადაეცა ნახევარი ჰექტარი გარკვეული პირობებით, უფრო ცუდი არის ის, რაც გუშინ მინისტრმა თქვა, რომ 5 მილიონ ადამიანს შეუძლია დაინაწევროს ტყეები. ეს არის ყველაზე ცუდი და ბუნებრივია, ამას არ გავაკეთებ მე და არავინ არ უნდა გააკეთოს“, - აღნიშნა ირაკლი მაჭარაშვილმა „დილის საუბრებში“. მისი განმარტებით, საჭიროა თითოეული გადაწყვეტილება, რომელიც ამა თუ იმ სახით ეხება ადგილობრივი მოსახლეობის უფლებრივ, ქონებრივ სოციალურ მდგომარეობას, მიიღებოდეს საჯარო განხილვების საფუძველზე:

„კოდექსის მიხედვით, არსებობს ტყით სარგებლობის ბევრი ფორმა, მათ შორის ის, რა ფორმითაც გადაეცა [ნუნუ თამაზაშვილს] სარეკრეაციო და მრავალმხრივ გამოყენებით ტყის გამოყენება, ასევე სასოფლო სამეურნეო თვალსაზრისით, ასევე პლანტაციური მოწყობის თვალსაზრისით, სამონადირეო მეურნეობის თვალსაზრისით და ასე შემდეგ...მაგრამ პრობლემა არის რაში, რომ ასეთი სარგებლობა შეიძლება იყოს საზოგადოების ფართო ფენების ინტერესის საგანი, ვინაიდან შეიძლება შეეხოთ მათ უფლებრივ მდგომარეობებს. და ამიტომ მიზანშეწონილი იყო და ჩვენ, „მწვანე ალტერნატივა“, ამაზე ვსაუბრობდით, დასაბუთებულად ვეუბნებოდით პარლამენტში, რომ აუცილებელი არის ასეთი ტიპის გადაწყვეტილების მიღების დროს გამოყენებული იქნეს ეგრეთ წოდებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოება. რას ნიშნავს, რომ სანამ ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, ესა თუ ის ტყის ფართობი ხანგრძლივვადიანად გასცეს რაიმე გამოყენებით, უნდა მოხდეს საზოგადოების ჩართულობით მისი განხილვა ანუ კონსენსუსი. ამის საპირისპიროდ მიიღება ეგრეთ წოდებული მარტივი ადმინისტრაციული წესით ანუ ვიღაცა შეიტანს განცხადებას და რაღაც კულუარებში მიიღებენ გადაწყვეტილებას“, - აღნიშნა ირაკლი მაჭარაშვილმა. მისი შეფასებით, როდესაც გადაწყვეტილების მიღება გაუმჭვირვალედ ხდება, ყოველთვის არის საშიშროება და შესაძლებლობა იმისა, რომ ადგილი ჰქონდეს ინტერესთა კონფლიქტს.

ირაკლი მაჭარაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ სამინისტროს კონკრეტულად ნუნუ თამაზაშვილისთვის დაბა ბაკურიანში ტყის ნაწილის გადაცემის საკითხზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დოკუმენტაცია პროაქტიულად, მოთხოვნის გარეშე თავად არ გაუვრცელებია და შესაბამისად დაწვრილებით დეტალებს ჯერჯერობით არ იცნობს, მაგრამ ვარაუდობს, რომ კანონდარღვევა არ იქნებოდა:

„უფრო მგონია რომ არ იქნებოდა, მაგრამ კანონია ისეთი, რომ იმას დარღვევა არ სჭირდება...თვითონ ამ კანონში არის გაპარებული ბევრი ისეთი რამ, რაც საშუალებას იძლევა, რომ ისეთი ქმედებები, რაზეც ეხლა ვსაუბრობთ, გააკეთო ისე, რომ კანონი არ დაარღვიო, თუმცა ეს იყოს უსამართლო“, - განაცხადა ირაკლი მაჭარაშვილმა „დილის საუბრებში“.

ტვ პირველის გამოძიების თანახმად, დაბა ბაკურიანში, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 5 958 კვადრატული მეტრი ტყის 49 წლით სარგებლობის უფლება, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ცოლმა, ნუნუ თამაზაშვილმა აუქციონის წესით მოიპოვა. საჯარო რეესტრის დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ თამაზაშვილის წარმომადგენელმა ეროვნულ სატყეო სააგენტოს სარგებლობასა და მფლობელობასთან დაკავშირებული უფლების წარმოშობის რეგისტრაციისთვის განცხადებით 2021 წლის 28 დეკემბერს, 16:37 საათზე მიმართა, სარეგისტრაციო წარმოება კი თანხმობით იმავე დღის 18:37 საათზე დასრულდა. პრემიერმინისტრს ამ თემაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა 31 მაისს გამართულ ბრიფინგზე ნუნუ თამაზაშვილისთვის ტყის გადაცემის საკითხის კომენტირებისას თქვა, რომ ტყის იჯარით აღება ყველას შეუძლია.

XS
SM
MD
LG