ევროკავშირის სანქციების პაკეტი, რომელსაც მოსკოვს დაუწესებენ უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ინტერვენციის შემთხვევაში, შეიძლება მოიცავდეს გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2-საც“. ამის თაობაზე ხუთშაბათს განაცხადა ბუნდესტაგში გამოსვლისას გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა.
მას დეტალებზე არ უსაუბრია. გერმანიის ხელისუფლებას, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას უჭერს მხარს უკრაინის გარშემო ვითარების ესკალაციის შემთხვევაში, უკანასკნელ დრომდე ერთმნიშვნელოვნად არ ულაპარაკია იმაზე, გავრცელდება თუ არა სანქციები „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ზეც“.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ნედ პრაისმა ახლახან განაცხადა, რომ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში ამ გაზსადენში ბუნებრივი აირი არ გაივლის. სანქციებს ეხება საქმე თუ პროექტზე გერმანიის უარს, მას არ დაუკონკრეტებია.
აშშ ეწინააღმდეგება „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ ექსპლუატაციაში გაშვებას, მაგრამ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ამ მომენტში ეწინააღმდეგება სანქციებს, რათა არ გაართულოს გერმანიასთან ურთიერთობები. მაგრამ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში ვითარება შეიძლება შეიცვალოს.