Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსახლეობა ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებას აქტიურად ემხრობა - NDI


აშშ-ის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაკვეთით საქართველოში 2021 წლის დეკემბერში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, საქართველოს მოსახლეობა კვლავაც აქტიურად უჭერს მხარს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებას.

საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი - ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი მისაღებია 83%-ისთვის, ივლისის შემდეგ ამ გადაწყვეტილების მომხრეთა რაოდენობა 7%-ით არის გაზრდილი. NDI-ის მიერ 2021 ივლისში გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების თანახმად, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას 76%-ი ემხრობოდა.

გაზრდილია ასევე საქართველოს ნატოში გაწევრიანების მომხრეთა პროცენტული რიცხვი. თუ გასულის წლის ივლისში ამ აზრის მომხრე იყო 74%, დეკემბერში ეს რიცხვი 77%-მდე გაიზარდა.

თუ წლების მიხედვით დინამიკაში შევხედავთ, 2013 წლის ნოემბრის შემდეგ, როცა მოსახლეობის 81% უჭერდა მხარს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას, დღეს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, არსებული მაჩვენებელი ერთ-ერთი ყველაზე მაღალია.

NDI-ის დაკვეთით, კვლევა კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა (CRRC-საქართველომ) 2021 წლის 7-13 დეკემბრის პერიოდში ჩაატარა, საქართველოს მასშტაბით 2 099 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის, გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.4 პროცენტია.

XS
SM
MD
LG