Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინასთან დაკავშირებული მზარდი დაძაბულობის ფონზე, აშშ და ევროპა ერთიანი პოზიციით გამოდიან


აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დასავლეთის ძალებს შორის "ტოტალურ" ერთიანობაზე ილაპარაკა მას შემდეგ, რაც ევროპის ლიდერებს ვიდეოზარით ესაუბრა რუსეთის შეკავებაზე უკრაინაში შეჭრისგან.

საუბარი, რომელიც 80 წუთის განმავლობაში გაგრძელდა, შედგა 24 იანვარს, მზარდი შეშფოთების ფონზე, რომ რუსეთმა, შესაძლოა, მალე გადადგას სამხედრო ნაბიჯი უკრაინაში შესაჭრელად. პენტაგონი აცხადებს, რომ 8500 ამერიკელი სამხედრო მზადყოფნაშია მოყვანილი, ნატოს წევრ სახელმწიფოებში შესაძლო დისლოცირებისთვის.

ვაშინგტონი ცდილობს ტრანსატლანტიკური ერთიანობის შენარჩუნებას და მოსკოვის მიმართ სანქციების დამაჯერებელი მუქარის შემუშავებას, იმ ფონზე, როცა არსებობს შეშფოთება, რომ რუსეთი, რომელიც ევროკავშირისთვის მოხმარებული ბუნებრივი აირის დაახლოებით 40 პროცენტის მიმწოდებელია, ამას გამოიყენებს ბერკეტად მოკავშირეებს შორის უთანხმოების გამოწვევისთვის.

27-წევრიანი ბლოკის სახელმწიფოებს მნიშვნელოვნად განსხვავებული მიდგომები და კავშირები აქვთ რუსეთთან. კიევის მხრიდან განსაკუთრებული კრიტიკის სამიზნე გახდა გერმანიის ახალი მთავრობა, რომელიც უარს ამბობს უკრაინისთვის თავდაცვითი იარაღის გაგზავნაზე. გერმანია, რომელიც ევროკავშირში უმსხვილეს ეკონომიკას წარმოადგენს, ასევე ყოყმანობს განხილულებს შორის ერთ-ერთ ყველაზე მკაცრ სანქციასთან მიმართებით - მოსკოვის გათიშვაზე SWIFT-ის გლობალური გადახდის სისტემიდან.

თუმცა, ბაიდენთან საუბრის შემდეგ, კანცლერმა ოლაფ შოლცმა თქვა, რომ რუსეთს დასავლეთისგან "ძალიან მძიმე შედეგები" ელის, თუ ის უკრაინას თავს დაესხმება და დასძინა, რომ "რუსეთზეა დამოკიდებული ხილული დეესკალაციის განხორციელება".

"ძალიან, ძალიან, ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა - ტოტალური ერთიანობა ევროპის ყველა ლიდერთან", - უთხრა ბაიდენმა ჟურნალისტებს მას მერე, რაც დაასრულა ვიდეოზარი მოკავშირეებთან - ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, პოლონეთის, ევროპული საბჭოს, ევროკომისიის და ნატოს ლიდერებთან.

XS
SM
MD
LG