საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ტელეფონით ესაუბრა უკრაინელ კოლეგას, დმიტრო კულებას. ზალკალიანმა ვიდეომიმართვაში აღნიშნა, რომ მან დაადასტურა საქართველოს ურყევი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და მტკიცე თანადგომა გამოუცხადა არსებულ რთულ ვითარებაში. როგორც მინისტრი აღნიშნავს, საქართველო და უკრაინა ოკუპაციასთან დაკავშირებული საერთო გამოწვევების წინაშე დგანან.
„საქართველოს ხელისუფლება, ქართველი ხალხი სოლიდარულია მეგობარი უკრაინის სახელმწიფოს და ხალხის მიმართ ამ მძიმე პერიოდში", - აცხადებს დავით ზალკალიანი.
მინისტრის თქმით, მხარეებმა გაცვალეს ინფორმაცია უკრაინის საზღვრებთან დღეს შექმნილ ვითარებაზე. მათ ასევე ისაუბრეს დასავლელი პარტნიორების რუსეთთან მიმდინარე დიალოგის პარალელურად, უკრაინისა და საქართველოს მაღალი დონის წარმომადგენლებთან კომუნიკაციაზე.
ზალკალიანის განცხადებით, მხარეებმა დადებითად შეაფასეს საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა და მათი ერთმნიშვნელოვანი პოზიცია, რომ საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, ისევე როგორც ორი ქვეყნის სუვერენული უფლება - აირჩიოს საკუთარი მომავალი და ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებები - არის ის წითელი ხაზი, რომლის გადახედვაც მოლაპარაკების პროცესში არ მოხდება და გადაწყვეტილებები საქართველოსა თუ უკრაინის შესახებ არ იქნება მიღებული ამ ქვეყნების ჩართულობის გარეშე.
მინისტრის თქმით, სატელეფონო საუბრის დროს შეთანხმდნენ, რომ გაგრძელდება მაღალი დონის კონტაქტები მიმდინარე პროცესებზე ინფორმაციის გაცვლის და პოზიციების გაზიარების მიზნით.
რუსეთს უკრაინის საზღვრებთან კონცენტრირებული ჰყავს 100 ათასზე მეტი სამხედრო და მძიმე ტექნიკა.
სადაზვერვო ინფორმაციაზე დაყრდნობით, დასავლეთი შიშობს, რომ რუსეთმა უკრაინაზე მორიგი სამხედრო აგრესია, შესაძლოა, ნებისმიერ დროს დაიწყოს. მოსკოვი უარყოფს უკრაინასთან ომის დაწყების გეგმას. ჯერჯერობით უშედეგოა მრავალეტაპიანი დიალოგი დასავლეთსა და რუსეთს შორის.
დასავლეთის ქვეყნები აფრთხილებენ რუსეთს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, გარდაუვალი იქნება "სერიოზული საფასურის" გადახდა. აშშ რუსეთს ჯერ არნახული სანქციებით ემუქრება.