საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ტვიტერის (Twitter) პირად გვერდზე შეურთდა უკრაინის მხარდამჭერ კამპანიას - #StandWithUkraine.
ტვიტერზე გამოქვეყნებული განცხადების შესახებ, თავის მხრივ, განცხადება გამოაქვეყნა დავით ზალკალიანის ოფიციალურმა ფეისბუკგვერდმაც:
"ნებისმიერი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საფრთხის წინაშე დაყენება სრულიად მიუღებელია. საქართველო სოლიდარულია უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ. ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით" - წერს ქვეყნის პირველი დიპლომატი Twitter-ის პირად გვერდზე".
ამ შინაარსის განცხადებები ამ ეტაპზე არ არის გამოქვეყნებული საგარეო საქმეთა სამინისტროს ფეისბუკისა და ტვიტერის გვერდებზე.
ბოლო პერიოდში ოპონენტები სულ უფრო ხშირად აკრიტიკებენ ხელისუფლებას იმის გამო, რომ არ კეთდება უკრაინის მხარდამჭერი მკაფიო ოფიციალური განცხადებები და პარლამენტს ჯერჯერობით არ მიუღია უკრაინასთან და ნატოსთან დაკავშირებული რეზოლუციები, რომლებიც ოპოზიციური პარტიების მიერ იყო ინიცირებული.
ამის შესახებ ლაპარაკი იყო უკრაინის საელჩოსთან 23 იანვარს გამართულ სოლიდარობის აქციაზეც.
რუსეთს უკრაინის საზღვრებთან მობილიზებული ჰყავს 100 ათასზე მეტი სამხედრო და მძიმე ტექნიკა.
სადაზვერვო ინფორმაციაზე დაყრდნობით, დასავლეთი შიშობს, რომ რუსეთმა უკრაინაზე მორიგი სამხედრო აგრესია, შესაძლოა, ნებისმიერ დროს დაიწყოს.
მოსკოვი უარყოფს უკრაინასთან ომის დაწყების გეგმას. ჯერჯერობით უშედეგოა დაწყებული დიალოგი დასავლეთსა და რუსეთს შორის.
დასავლეთის ქვეყნები აფრთხილებენ რუსეთს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, გარდაუვალი იქნება "სერიოზული საფასურის" გადახდა. აშშ რუსეთს ჯერ არნახული სანქციებით ემუქრება.