Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაიდენის წინასწარმეტყველებით, რუსეთი უკრაინაში „შეიჭრება“


ჯო ბაიენი პრეს-კონფკერენციაზე, 2022 წლის 19 იანვარი
ჯო ბაიენი პრეს-კონფკერენციაზე, 2022 წლის 19 იანვარი

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, გამოთქვა მოლოდინი, რომ რუსეთი უკრაინაში „შეიჭრება“, მაგრამ, მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, სავარაუდოდ, არ მიუღია გადაწყვეტილება და რუსეთს, სამხედრო იერიშის შემთხვევაში, შეხვდება სერიოზული ეკონომიკური პრობლემები. „არ ვარ დარწმუნებული, რომ ზუსტად იცის, რას მოიმოქმედებს. მგონია, რომ შეიჭრება. რამე უნდა გააკეთოს,“ - განაცხადა ბაიდენმა თანამდებობაზე მოსვლის ერთი წლისთავის გამო გამართულ პრეს-კონფერენციაზე 19 იანვარს.

მაგრამ, განაცხადა ბაიდენმა, ეს იქნება რუსეთისთვის „კატასტროფა“, რომელსაც მოჰყვება ჰუმანიტარული, ეკონომიკური და პოლიტიკური დანაკარგები. პუტინი ასეთ შემთხვევაში შეეჩეხება დასავლეთის სანქციებს, „რომლებიც აქამდე არ უნახავს“, განაცხადა ჯო ბაიდენმა პრესკონფერენციაზე.

ბაიდენმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის ერთ-ერთი შესაძლო შედეგი დაასახელა. მისი თქმით, რუსეთის ბანკები ვეღარ შეძლებენ ოპერაციების წარმოებას დოლარებში.

ბაიდენმა აღიარა, რომ რუსეთი დიდ სამხედრო უპირატესობას ფლობს უკრაინასთან შედარებით და, სავარაუდოდ, ფართო მასშტაბის სამხედრო კონფლიქტის შემთხვევაში შეძლებს გამარჯვების მოპოვებას. მაგრამ მისთვის ამას ექნება უსიამოვნო შედეგები - როგორც მყისიერი, ისე გრძელვადიანი.

ჯო ბაიდენის თქმით, მას არ სჯერა, რომ ვლადიმირ პუტინს უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი სამხედრო კონფლიქტი სურს. აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ დასავლეთის საპასუხო ზომები დამოკიდებული იქნება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის კონკრეტულ მოქმედებებზე, მათ მასშტაბსა და შედეგებზე.

პუტინის შესახებ ბაიდენმა თქვა, რომ მისი აზრით, რუსეთის პრეზიდენტს, „არ სურს სრულმასშტაბიანი ომი“, მაგრამ, გამწვავებას და კონფრონტაციას ესწრაფვის.

რუსეთმა უკრაინის საზღვრებთან და ანექსირებულ ყირიმში თავი მოუყარა ასი ათასამდე სამხედროს, რასაც დასავლეთის ქვეყნებში განგაში მოჰყვა იმის თაობაზე, რომ მოსკოვი ემზადება უკრაინის წინააღმდეგ შემდეგი სამხედრო მოქმედებებისთვის.

ბაიდენის თქმით, მისი აზრით, პუტინს სურს ნატო გამოცადოს. რუსეთის ქმედებაზე პასუხი, აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, დამოკიდებულია მის მასშტაბსა და დასავლეთის უნარზე, გადალახოს უთანხმოება.

21 იანვარს ჟენევაში გაიმართება აშშ-ის სახელმწიფო მდივნისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამტკიცებს, რომ მოსკოვი არ ემზადება უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციისთვის.

XS
SM
MD
LG