Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დევნილები სანატორიუმ "ქართლიდან" ზურაბ ქირიას დაკრძალვამდე აქციებს წყვეტენ - რა არ უნდა გამოგრჩეს 18 იანვარს


„ეს არ ყოფილა უბედური შემთხვევა, ბატონო მინისტრო“

მაშინ, როდესაც თვითმხილველები ამბობენ, რომ ზურაბ ქირია 16 იანვარს დევნილთა საცხოვრებლის სახურავიდან ხელისუფლების ყურადღების მისაპყრობად გადმოხტა, ჯანდაცვის მინისტრი მომხდარს დევნილების პრობლემას არ უკავშირებს.

გარდაცვლილი მამაკაცი, 52 წლის ზურაბ ქირია გუდაუთიდან იყო. აფხაზეთის ომის შემდეგ სანატორიუმ “ქართლში“ დასახლდა და მას მერე ბინა არ შეუცვლია. ათიოდე წლის წინ მისი მეუღლე სამუშაოდ საზღვარგარეთ წავიდა, ბავშვიც თან წაიყვანა. ზურაბმა ოჯახს რამდენჯერმე ჩააკითხა, მაგრამ დარჩენას ვერ ახერხებდა და ისევ უკან ბრუნდებოდა. არ მუშაობდა. ამას ისიც დაემატა, რომ ორი წლის წინ მის ბინაში მოკლე ჩართვის შედეგად გაჩენილმა ხანძარმა ოთახი ერთიანად ამობუგა.

გუშინ მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა გამოძიების დასრულებამდე ყველას თავშეკავებისკენ მოუწოდა და თქვა, რომ, პირველადი ინფორმაციით, ეს უბედური შემთხვევაა, და რომ ჟურნალისტებმა მომხდარი დევნილების პრობლემასთან არ უნდა დააკავშირონ.

სახალხო დამცველი, რომელიც 17 იანვარს დევნილების საცხოვრებელში მივიდა, მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა და თქვა, რომ არასწორია, როდესაც გამოძიება ერთი დღის დაწყებულია, მაღალი თანამდებობის პირები კი საქმეს ლამის კვალიფიკაციას აძლევენ. გუშინ დევნილებმა კორპუსის წინ ჟურნალისტები მიიწვიეს და ერთობლივი მიმართვა წაიკითხეს.

„ეს არ ყოფილა უბედური შემთხვევა, ბატონო მინისტრო“, - ასე მიმართეს მათ ჯანდაცვის მინისტრს. დევნილები მეზობლის დაკრძალვამდე პროტესტს წყვეტენ.

ათწლეულების განმავლობაში გადაუჭრელი კომუნალური პრობლემები, ნგრევის პირამდე მისული შენობა და პრობლემები, რომელიც დევნილებს არავინ მოუგვარა - წაიკითხე ვრცლად თეა თოფურიას სტატიაში.

ლაშა ბაქრაძე: მუზეუმში დარჩენილი წიგნები დღეს უკვე გადავეცით სამინისტროს

ლიტერატურის მუზეუმის ხელმძღვანელმა ლაშა ბაქრაძემ კულტურის სამინისტროს განცხადების საპასუხოდ „ფეისბუკის" პირად გვერდზე დაწერა, რომ წიგნის „ელენე ბაქრაძე (დარიანი)“ მუზეუმში დარჩენილი ტირაჟი სამინისტროს გადაეცა.

„ამა წლის 16 იანვარს, კვირადღეს, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ მოითხოვა, რომ მთელი ტირაჟი წიგნისა „ელენე ბაქრაძე (დარიანი)“ სამინისტროს გადაეცეს. ლიტერატურის მუზეუმის მიერ გამოცემული ამ წიგნის ბეჭდვა სამინისტროს დაფინანსებულია.

ამავე მოთხოვნის თანახმად, უნდა დავაბრუნოთ უკვე გაყიდული და გაჩუქებული ეგზემპლარები. წიგნის მყიდველების ვინაობას ჩვენ ვერ დავადგენთ და გაყიდული წიგნების უკან დაბრუნება, რასაკვირველია, ვერ მოხერხდება, და მუზეუმი ვერაფრით „მიმართავს შესაბამის ზომებს, მესამე პირებზე გადაცემული ეგზემპლარების დასაბრუნებლად“.

მუზეუმში დარჩენილი წიგნები დღეს უკვე გადავეცით სამინისტროს განკარგულებაში", - წერს ბაქრაძე.

მან კიდევ ერთხელ დააზუსტა, რომ წიგნში დაშვებული შეცდომის შესახებ ინფორმაცია თავად ჯერ კიდევ 2 იანვარს გაავრცელა და ეს არ იყო სიახლე.

კულტურის სამინისტრომ ლიტერატურის მუზეუმის შესახებ განცხადება 17 იანვარს გამოაქვეყნა. სამინისტრო აღნიშნავს, რომ უახლოეს პერიოდში, სამინისტრო ლაშა ბაქრაძესთან გეგმავს საკითხის სერიოზულად განხილვას. „აუცილებელია, გაირკვეს, რამ განაპირობა ესოდენ მასშტაბური რეზონანსის გამომწვევი შეცდომა ისეთ სოლიდურ დაწესებულებაში, როგორიც ლიტერატურის მუზეუმია", - ნათქვამია განცხადებაში.

წაიკითხე მეტი.

გვექნება სუპერვაქცინა?

ახლა, როდესაც კორონავირუსის ახალი შტამი „ომიკრონი“, ფაქტობრივად, ნელ-ნელა ანაცვლებს კოვიდის აქამდე არსებულ შტამებს და ცოტა ხანში, ის, სავარაუდოდ, დომინანტი შტამი გახდება, მათ შორის, საქართველოშიც, მსოფლიოს წამყვანი ეპიდემიოლოგები სუპერვაქცინის აუცილებლობაზე ალაპარაკდნენ. დღეს არსებული კოვიდვაქცინები „ომიკრონის“ წინააღმდეგ ნაკლებეფექტიანი აღმოჩნდა.

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის უსაფრთხოების სააგენტოს უკანასკნელი გამოკვლევის თანახმად, ორი დოზა „ფაიზერი“, მიღებიდან 20 კვირის ანუ 5 თვის თავზე, „ომიკრონით“ ინფიცირების შემთხვევაში, სიმპტომური მიმდინარეობისგან მხოლოდ 10%-ით იცავს ინფიცირებულს. ამავე გამოკვლევის თანახმად, ორი დოზა „ფაიზერი“ კვლავ „კარგ დაცვას“ უზრუნველყოფს მძიმედ მიმდინარე დაავადებისგან. ხოლო ბუსტერ დოზის მიღების შემთხვევაში, 75%-მდე იზრდება სიმპტომური დაავადებისგან დაცვა.

აშშ-ში, უოლტერ რიდის არმიის კვლევითი ინსტიტუტის (WRAIR) მეცნიერები ირწმუნებიან, რომ თითქმის ორწლიანი მუშაობის შედეგად, მათ შექმნეს ვაქცინა, რომელიც ეფექტიანი იქნება COVID-ისა და SARS-ის ყველა შტამის წინააღმდეგ. განცხადება ამის შესახებ მათ 2021 წლის დეკემბრის ბოლოს გააკეთეს. მომდევნო კვირებში გეგმავენ ისინი კიდევ ერთი განცხადების გამოქვეყნებას ამჯერად უკვე ვაქცინაზე მუშაობის დასრულების შესახებ.

პარალელურად „ფაიზერი“ აცხადებს, რომ „ომიკრონის“ საწინააღმდეგო ვაქცინა მარტში იქნება მზად.

ფარმაკოლოგიური გიგანტები სუპერვაქცინის შექმნის პროცესში - წაიკითხე ვრცლად ნინო თარხნიშვილის სტატიაში.

ამ თემაზე ასევე ნახე:

ნატოს კარი და შესაძლებლობების ფანჯარა - რას სთავაზობენ პარტნიორები საქართველოს?

ნატოსა და აშშ-სთან რუსეთის უშედეგოდ დასრულებული, დაძაბული მოლაპარაკებების შემდეგ, უკრაინაზე რუსეთის მორიგი თავდასხმის რეალური საფრთხის ფონზე, ბრიუსელში შეხვედრებს მართავს საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი.

რუსეთთან დასავლეთის დიალოგის გაგრძელების საკითხი გაურკვეველია. მოსკოვი ახლა უკვე არა ზეპირ, არამედ დაწერილ პასუხებს ელოდება იმ ულტიმატუმებზე, რომელთა ერთ-ერთი მთავარი მიზანი აღმოსავლეთით ნატოს გაფართოების შეჩერებაა. ეს საკითხი პირდაპირ შეეხება საქართველოსა და უკრაინას.

შექმნილ ვითარებაში ანალიტიკოსები საქართველოს წინაშე ხედავენ როგორც საფრთხეებს, ასევე შესაძლებლობებსა და მეტი აქტიურობის აუცილებლობას, რომ ქვეყანამ შესაძლო შანსი არ დაკარგოს და თამაშგარე მდგომარეობაში არ აღმოჩნდეს.

17 იანვარს, დავით ზალკალიანისა და იენს სტოლტენბერგის შეხვედრის შემდეგ, ბრიუსელში, პრესკონფერენცია არ იყო დაგეგმილი. ნატოს ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, მხოლოდ ფოტომასალა იქნებოდა ხელმისაწვდომი.

ფოტოები გამოქვეყნდა, მაგრამ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ვებსაიტზე თუ სოციალურ ქსელებში ამ შეხვედრის შინაარსთან დაკავშირებული ინფორმაცია გუშინ საღამოს ჩათვლით, არ იძებნებოდა.

რა შეიძლება მიიღოს ან დაკარგოს საქართველომ შექმნილ რთულ ვითარებაში? საჭიროა თუ არა მეტი აქტიურობა? წაიკითხე ვრცლად ლელა კუნჭულიას სტატიაში.

ბერლინი რუსეთს აფრთხილებს, არ დაესხას თავს უკრაინას

კიევში ვიზიტისას გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა თქვა, რომ მოსკოვსა და დასავლეთს შორის უკრაინის საკითხზე შექმნილი დაძაბული კრიზისის განმუხტვის "ერთადერთი გზა" დიპლომატიაა, და რუსეთი გააფრთხილა, რომ ის "დიდ ფასს" გადაიხდის უკრაინის წინააღმდეგ შეტევის წამოწყების შემთხვევაში.

"ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ საიმისოდ, რომ უკრაინის უსაფრთხოება გარანტირებული იყოს", - თქვა ბერბოკმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, დმიტრო კულებასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. "ყოველ შემდგომ აგრესიულ აქტს რუსეთისთვის დიდი საფასური მოჰყვება, ეკონომიკური, სტრატეგიული, პოლიტიკური თვალსაზრისით", - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ერთი დღით ადრე, სანამ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს მოსკოვში შეხვდება.

წაიკითხე მეტი.

“ახლა შინაომების დრო არ არის” - მიხაელ გალერი უკრაინაზე, რუსეთზე, საქართველოზე...

აშშ-სა და ნატოსთან ერთკვირიანი უშედეგო მოლაპარაკებების შემდეგ, როგორც ჩანს, გერმანია მოლაპარაკებების ერთგვარ დამატებით რაუნდში აპირებს ჩართვას - გერმანულ მედიაში გავრცელებული ცნობების თანახმად, გერმანიის ახალ კანცლერს რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრა იანვრის ბოლომდე სურს. შოლცმა უკვე განაცხადა, რომ გერმანია მიესალმება რუსეთთან მოლაპარაკებების ნებისმიერ ფორმატს - კანცლერი დაინტერესებულია ე.წ. ნორმანდიის ფორმატის აღდგენითაც, რომელიც რუსეთს, გერმანიას, საფრანგეთსა და უკრაინას აერთიანებს. შოლცისა და პუტინის შესაძლო შეხვედრამდე, 18 იანვარს, კიევში ვიზიტის შემდეგ, რუს კოლეგას შეხვდება გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალინა ბერბოკი.

„დათმობას არ ვაპირებთ, და გარწმუნებთ, გერმანია არ იქნება ქვეყანა, რომელიც რუსეთთან დათმობებზე წავა... უკრაინის საზღვრის გადაღმა მდგარი თითოეული რუსული ტანკისთვის უკრაინელებს ერთი “ჯაველინი” ან “მილანი” მაინც უნდა ჰქონდეთ გამზადებული, რათა სათანადოდ „მიესალმონ“ აგრესორს, თუ ის ქვეყანაში შემოჭრას დააპირებს“, - უთხრა „რადიო თავისუფლებას“ ევროპარლამენტარმა გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირიდან, საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრმა მიხაელ გალერმა. მან ასევე უპასუხა საქართველოსთან დაკავშირებულ კითხვებსაც.

უნდა ველოდოთ თუ არა მოსკოვის მიმართ ბერლინის პრაგმატული კურსის ცვლილებას და ზოგადად, რა უნდა დაუპირისპიროს დასავლეთმა რუსულ ულტიმატუმებს? წაიკითხე მეტი ვაჟა თავბერიძის სტატიაში.

უფროსი სოციალური აგენტი ნატალია გაბათაშვილი ჰყვება, რომ ის და მისი კოლეგები გაფიცვის გადაწყვეტილებამდე სააგენტოსთან კომუნიკაციის უშედეგო პროცესმა მიიყვანა - "გაფიცვა ჩვენი იდეაფიქსი არ ყოფილა. იძულებულები გავხდით, მიგვემართა ასეთი პროტესტისთვის".

  • 16x9 Image

    სოფო დათიშვილი

    მულტიმედია ჟურნალისტი, ამზადებს ვიდეოებს Instagram-ის, TikTok-ისა და სხვადასხვა სოციალური მედიაპლატფორმისთვის. მუშაობს საერთაშორისო და ქვეყნის შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2017 წლიდან.

XS
SM
MD
LG