"ბედნიერი ოჯახი მქონდა. რად მინდა მე ახალი წელი ან რამე აწი. ამ ამბის შემდეგ რამდენჯერ გახდა ჩემს სახლში სასწრაფო დახმარების გამოძახება საჭირო, ვინ მოსთვლის. ბავშვები შოკში იყვნენ და წამლებით გვყავდა რამდენიმე თვე. 7 წლის ლუკა, ჩემი დედა და მამაო დაიძახებს და ეხუტება დივანზე დადებულ მშობლების სურათებსა და ნივთებს", - მეუბნება 78 წლის ფრიად ჩერქეზია გვალია, ობლად დარჩენილი ლუკას, სოფოს და ნიკოს ბებია. მას იანვრის დასაწყისში, გალის სოფელ წარჩეში შევხვდი.
ფრიადის შვილი და რძალი იმ ოთხ ადამიანს შორის იყო, რომლებიც გასული წლის 6 აპრილს მდინარე ენგურში დაიხრჩვნენ.
ენგურის ხიდი დეკემბრის ბოლოს ბინადრობის მოწმობით გადავკვეთე.
"უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის" განკუთვნილი ეს დოკუმენტი, რომელიც გალის რაიონის მკვიდრ ეთნიკურ ქართველებზე აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით 2017 წლიდან გაიცემა, 4 წლისა და მრავალი მცდელობის შემდეგ მოვიპოვე.
"მთავრობამ მომიკლა ისინი. ჩვენი ტრაგედიის შემდეგ, მეორე დღეს გაიხსნა გზა"
გვალიების სახლის მიგნება წარჩეში ადვილია - 8 თვის წინ დატრიალებული ტრაგედიის კვალი - ერთ დღეს ენგურში დაღუპული ცოლ-ქმრის ფოტოსურათი - სახლის გარეთა კედელზე კიდია.
ეზოში გვალიების მეორე რძალი, ია გვალია მხვდება. ია გვერდით სახლში ცხოვრობს. როგორც კი ჩემი მისვლის მიზეზს იგებს, ცრემლებს ვერ იკავებს. - ერთ ოჯახად ვართ იქამდეც და მით უმეტეს მერე, მიხსნის - და ოჯახის 78 წლის დიასახლისის გასაცნობად მიმიძღვება.
"მთავრობამ მომიკლა ისინი. ჩვენი ტრაგედიის შემდეგ მეორე დღეს გაიხსნა გზა [მოიხსნა საქართველოს მთავრობის მიერ დაწესებული 5-დღიანი კარანტინი რ.თ.]", - ამბობს ფრიად ჩერქეზია გვალია.
დიდ ოთახში, დივანზე რძლისა და შვილის, მაყვალა გამისონიასა და ჯონი გვალიას კუთხე აქვს მოწყობილი. 8 თვე გავიდა და დღემდე ცარიელია ტელევიზორის მაგიდა. გლოვის ნიშნად საქართველოს რეგიონებში, ბევრგან, პირველ დღეებში, სახლში ტელევიზორს არ რთავენ.
ფრიადი 21 წლის ნიკოს და 7 წლის ლუკას უვლის. მაყვალას და ჯონის მესამე შვილი, 17 წლის სოფო გათხოვილია. ახალდაბადებული შვილიშვილისთვის და შვილისთვის ტანსაცმელების ყიდვა სურდათ, როდესაც 2021 წლის 6 აპრილს, გალიდან ზუგდიდში გასასასვლელად სახიფათო და მათთვის ტრაგიკული გზის - ენგურის გადალახვა გადაწყვიტეს.
ფრიად გვალია იხსენებს, რომ შვილსა და რძალს ენგურის ხიდის გადასაკვეთად საჭირო საბუთი კი ჰქონდათ, მაგრამ შემოვლითი, ე.წ. შავი გზით გადასვლა, იმ დროს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ დაწესებული სავალდებულო 5-დღიანი კარანტინის შემოღების გამო გადაწყვიტეს.
"გოგო გაუთხოვდა და რაღაცების ყიდვა უნდოდათ. ჩემი გემოვნებით ვუყიდიო ბავშვს. 5-დღიანი კარანტინი რომ არ ყოფილიყო, ენგურის ხიდით წავიდოდნენ და საღამოს სახლში იქნებოდნენ", - გვითხრა ფრიადმა. მან როგორც იცის, მოულოდნელად ადიდებულმა ენგურმა მის 36 წლის რძალსა და 46 შვილს გამთენიისას შუა მდინარეში მიუსწრო.
ახალგაზრდა ცოლ-ქმრის დაღუპვამ მაშინ მთელი საქართველო შეძრა. გვალიებს სრულიად უცნობმა ადამიანებმაც გამოუხატეს თანაგრძნობა - დაეხმარნენ ფინანსურად, მათ შორის უცხოეთიდანაც. ოჯახი თითოეულ მათგანს დღემდე ემადლიერება. დახმარება გამოყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამაც.
რადიო თავისუფლებას დევნილ მთავრობაში უთხრეს, რომ მაშინ მდინარე ენგურში დაღუპულების ყველა ოჯახს ერთჯერადად, თითო დაღუპულ წევრზე, 10 000 ლარით დაეხმარნენ და დაფარეს დაკრძალვასთან დაკავშირებული ხარჯებიც.
21 წლის ნიკოს ოპერაციის თანხაც საქართველოს მთავრობამ დაფარა. მას ორივე თვალზე აქვს პრობლემა, რომელიც მშობლების დაღუპვის შემდეგ, ემოციურ ფონზე, კიდევ უფრო გაუმწვავდა და ბოლო 2 თვეში ორი ოპერაცია დასჭირდა. ნიკოს ხშირად უწევს თბილისში ექიმთან ჩასვლა.
"თავიდან იყო საუბარი ბინით უზრუნველყოფაზე, მაგრამ მერე შეწყდა. სოფელი, მოგეხსენებათ, როგორი შრომატევადია. მძიმის აწევა უწევს ადამიანს და თვალის გამო, ნიკოს ძალიან გაუჭირდება, ჯანმრთელ ადამიანსაც კი უჭირს აქ ცხოვრება. იქნებ რამე საშუალება გამოინახოს, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მშვიდობიანად რომ იცხოვრონ. ვერაფერს აკეთებს. საჭმლის ღეჭვაც მოქმედებს, ცალ თვალზე სიგნალს აძლევს და აწუხებს", - ამბობს ია გვალია.
ჩემი წარჩეში ყოფნისას ნიკო შინ არ იყო. მოგვიანებით, ფეისბუკით ვილაპარაკეთ.
"მარცხენა თვალზე რკალი ჩამიდგეს და მარჯვენაში რქოვანას გადანერგვა გამიკეთეს. ყოველთვე ექიმთან ვიზიტი მიწევს. ბინაზე განცხადება დაწერილი არ გვაქვს. მაშინ ბევრი გვპირდებოდა, მაგრამ მერე არაფერი", - ამბობს ნიკო.
ნიკოს ბებიას მთავრობისთვის დამატებითი დახმარების თხოვნა ერიდება. ბიცოლა დარწმუნებულია, რომ მარჩენალდაკარგული ბავშვებისთვის, თუნდაც თბილისში ექიმთან ვიზიტის დროს ბინის ქირის გადახდა, დიდი შეღავათი იქნებოდა.
დღეს ოჯახის შემოსავალი მხოლოდ ფრიად გვალიას პენსიაა - თვეში 320 ლარამდე.
რისთვის და როგორ კვეთენ გალელები გამყოფ ხაზს?
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) კვლევით, როცა ენგურის ხიდი გახსნილია, მას დღეში 2 580-მდე ადამიანი კვეთს.
გალის რაიონის მცხოვრებლები საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ყოველდღიურად სხვადასხვა მიზეზით გადადიან - პენსიებისა და სოციალური დახმარებების ასაღებად, გალთან შედარებით სიიაფის გამო, ზუგდიდის ბაზარში პრუდუქტების, ხოლო აფთიაქებში მედიკამენტების შესაძენად, ოჯახის წევრების მოსანახულებლად. პანაშვიდებზე სამძიმრის სათქმელად და ქორწილებში დასასწრებად. 2016 წლამდე გალიდან ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მოსახვედრად 7 გამშვები პუნქტი მოქმედებდა.
"ჯერ კიდევ 6-7 წლიდან მახსოვს, როგორ ვეჭიდებოდი მავთულხლართს. ახლა არ ფუნქციონირებს ეგ გადასასვლელი. დღევანდელი დღესავით მახსოვს და ყველა მომენტი მაქვს ჩაბეჭდილი გონებაში და რომელიც არასდროს არ ამოიშლება, იმდენად მძიმე იყო", - ამბობს 18 წლის ქეთი იზორია გალის რაიონის სოფელ პირველი ოტობაიიდან.
სკოლაც ამავე სოფელში დაამთავრა. პანდემიის დროს, თებერვლიდან ხიდის ჩაკეტვა მის აბიტურიენტობას დაემთხვა. ნახევარი წლის განმავლობაში ადმინისტრაციული საზღვრის გადალახვა არ შეეძლო. ქეთიმ ენგურის ხიდი მაშინ გადაკვეთა, როცა საქართველოს მთავრობამ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები აბიტურიენტების ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში უგამოცდოდ ჩარიცხვის გადაწყვეტილება მიიღო. ამ შემთხვევაში გამონაკლისი აფხაზურმა მხარემაც დაუშვა და აბიტურიენტები ენგურის ხიდზე გაატარა.
ქეთი როგორც იხსენებს, "გზა წინა წელსაც ჩაკეტილი იყო და მახსოვდა, რომ აბიტურიენტები გაატარეს მაშინ. თუმცა ამ გადაწყვეტილებამდე ძალიან ბევრი გადაიპარა და რამდენიმემ მავთულხლართებზე ხელიც მიიჭრა. ჩვენ, მამაჩემს და მეც მომწერეს [აფხაზური დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა], რომ "საზღვარი" არ უნდა გადაგვეკვეთა. ეს პირდაპირ იმის მიმანიშნებელი იყო, რომ დანარჩენ საქართველოში არ უნდა გვესწავლა. წერილზე [რომ შემოვლითი გზით საზღვარს არ გადალახავდნენ] მშობლებს მოაწერინეს ხელი".
ის ახლა თბილისშია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში პედაგოგიურ ფაკულტეტზე სწავლობს. სახლში, ენგურის ხიდის გავლით, ყოველ 3-4 თვეში ერთხელ მაინც ჩადის. ოჯახის წევრების გარეშე დიდხანს ვერ ძლებს.
პანდემიისას, როცა ხიდი ჩაკეტილი იყო, გადასვლა შემოვლითი გზით სცადა - "მხოლოდ 500 რუსული რუბლი (₾20) მქონდა, რომელიც ტაქსის მძღოლისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. თან საშინლად წვიმდა. ქართულმა პოლიციამაც პრობლემა შემიქმნა, რადგან სწრაფი ტესტი აფხაზეთის მხარეს განთავსებულ მედპუნქტში მქონდა აღებული, რუხში გაკეთებული მომთხოვეს. ენით აუწერელი სტრესი გადავიტანე. საშინლად ვტიროდი. საბოლოოდ, რუს მესაზღვრეებს, ასე ვთქვათ, ჩავბარდი და ამ გზით მოვახერხე სახლში ჩასვლა. ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის წესით 3 000 (₾120) რუბლი უნდა გადამეხადა ჯარიმა, მაგრამ ცუდად გავხდი და რუსებს შტაბში არ წავუყვანივარ", - მაშინ მის ფორმა №9-ს ვადა რომ არ ჰქონოდა გასული, ენგურის ხიდზე გაატარებდნენ.
ქეთიმ ბინადრობის მოწმობა უკვე აიღო და, როცა ხიდი გახსნილია, სახლში დაბრკოლების გარეშე ივლის.
გალის რაიონის ქართველებისთვის ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთა მას შემდეგ გართულდა, რაც 2008 წელს, აგვისტოს ომიდან მალევე, რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა. მანამდე ადგილობრივებისთვის გადაადგილება საბჭოთა კავშირის დროს გაცემული ე.წ. წითელი პასპორტით, არასრულწლოვნებისთვის კი რუსულად თარგმნილი დაბადების მოწმობითაც იყო შესაძლებელი.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ გადაადგილების თავისუფლების საკითხი როგორც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების, ასევე ყველა შესაბამისი საერთაშორისო ფორმატის ფარგლებში ყოველთვის განიხილება.
სოხუმის მიერ ჩაკეტილი ენგურის ხიდი და თბილისის მიერ დაწესებული სავალდებულო კარანტინი
პანდემიის დაწყებისას, მაშინ, როცა სამეგრელო-აფხაზეთის დამაკავშირებელ ადმინისტრაციულ საზღვარზე გადაადგილება ერთ წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში შეიზღუდა, რუსეთთან დამაკავშირებელი ფსოუს გამშვები პუნქტი სოხუმს მხოლოდ 4 თვის განმავლობაში ჰქონდა ჩაკეტილი.
ენგურის გამშვები პუნქტის გახსნის აუცილებლობაზე საუბრობდა 2021 წლის თებერვალში აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიათვის მიწერილ საჯარო წერილში აფხაზეთში მოქმედი სახალხო დამცველი ასიდა შაკრილი. ის წერდა, რომ ეპიდვითარების გაუმჯობესების გათვალისწინებით, გადაადგილების შეზღუდვის გაგრძელება მიზანშეწონილი არ იყო და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას ითხოვდა.
შაკრილი ასევე წერდა, რომ გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვების გამო, გალის რაიონში მცხოვრები ეთნიკურად ქართველების უფლებები ირღვევა, რაც მათ მიერ არ შეიძლება აღქმული არ იყოს, როგორც დისკრიმინაციაო.
ადგილობრივები ამბობდნენ, რომ აფხაზებთან მოლაპარაკების შესაძლებლობა კიდევ რჩებოდა, თუმცა ხიდის გადაკვეთისას რთული ბარიერი საქართველოს მთავრობის მიერ დაწესებული 5-დღიანი სავალდებულო კარანტინი გახდა. თავიდან 12-დღიანი კარანტინი შემოიღეს. გალში ჩაკეტილი მოსახლეობა ქართული მხარისგან ითხოვდა მის მოხსნას.
იმ პერიოდში აფხაზურმა მხარემ რეგიონში მცხოვრები ადამიანებისთვის, რომლებიც საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე სამედიცინო ან სხვა მიზნით იმყოფებოდნენ, გზა, ჰუმანიტარული მიზნით, რამდენჯერმე გახსნა.
ხიდი ასევე გაიხსნა 2020 წლის 15 ოქტომბრიდან 30 დეკემბრამდე მათთვის, ვინც პენსიებსა და სოციალურ შემწეობებს იღებდნენ. მათ ენგურის ხიდამდე მისვლა მხოლოდ ამ დახმარებების ასაღებად შეეძლოთ. სხვაგან გადაადგილების უფლება არ ჰქონდათ.
გადაადგილება შეეძლოთ, აგრეთვე, პაციენტებს, რომლებსაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ესაჭიროებოდათ. თუმცა, იგივე შეღავათი არ მოქმედებდა ადამიანებზე, რომლებსაც ქრონიკული ან სხვა დაავადებები აწუხებდათ. ამიტომ ბევრი მათგანი მკურნალობის გარეშე დარჩა. კვირების, თვეების განმავლობაში უწევდათ შესაბამისი საბუთის ლოდინი. მათ შორის, სიმსივნით დაავადებულ პაციენტებსაც კი შემოვლითი გზით სარგებლობა უწევდათ.
გადაადგილების შეზღუდვის გამო მდინარე ენგურში 4 ადამიანის დაღუპვა მხოლოდ ერთეული შემთხვევა არ ყოფილა. მაგალითად, 26 აგვისტოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორსანტიაში 65 წლის კაცის ცხედარი იპოვეს. სოფლის გამგებელმა, ელგუჯა ბოკუჩავამ მაშინ თქვა, რომ დაღუპული გალის რაიონის სოფელ ოქუმის მკვიდრი იყო და ის, სავარაუდოდ, პენსიის ასაღებად გადაიდოდა, როდესაც მდინარეში დაიხრჩო.
"ტრაგედიამდე კარანტინი არ გაუქმდა"
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტში საქართველოს ხელისუფლების მაშინდელი გადაწყვეტილების ახსნა უჭირთ. მოქალაქეების საკარანტინო სასტუმროში განთავსება მთავრობას გაცილებით ძვირი უჯდებოდა, ვიდრე ენგურის ხიდზე სწრაფი, PCR ან სხვა სამედიცინო სერვისის განთავსება. ამიტომ, DRI-ის მკვლევარი ანა გახოკიძე ფიქრობს, რომ ეს არაეფექტიანი დაგეგმვის ან უწყებებს შორის არასათანადო კოორდინაციის შედეგია.
"ჩვენი და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაცია ტრაგედიის დატრიალებამდე და შემდეგაც გახლდათ ის, რომ საკარანტინე 5-დღიანი ვადა საქართველოს სხვა რეგიონებისგან განსხვავებით დისკრიმინაციული იყო. მაგალითად, ბათუმიდან თბილისში თუ ვინმე მოდიოდა, 5-დღიანი კარანტინი არ იყო დაწესებული. თუმცა ტრაგედიამდე კარანტინი არ გაუქმდა", - ეუბნება რადიო თავისუფლებას ანა გახოკიძე.
საქართველოს ხელისუფლების მიერ აფხაზეთიდან გადმოსულთათვის დაწესებულ სავალდებულო კარანტინს ჯანდაცვის სამინისტრო მაშინაც და დღესაც პანდემიის მიზეზით ხსნის. დამატებით განმარტებას უწყებაში არ აკეთებენ.
DRI-ის მიერ მოკვლეული ინფორმაციით, კარანტინის გაუქმების შემდეგ გადასაადგილებლად სიცოცხლისთვის სახიფათო გზებს ადგილობრივები ისე ხშირად აღარ იყენებენ. თუმცა, ე.წ. შავი გზების გამოყენება უწევთ გალის რაიონში მცხოვრებ იმ ადამიანებს, რომლებსაც აფხაზეთში გაცემული საბუთი არ აქვთ.
"ასეთ მოქალაქეებს მსგავსი გზების გამოყენება ძალაუნებურად უწევთ. ასევე, ადამიანებს ენგურის გამშვებ პუნქტზე უსასრულო რიგში უხდებათ დგომა. ჩვენი მხრიდან ამ პრობლემებზე მუშაობა აუცილებელია. 2014-15 წლებამდე 7 გადასასვლელი პუნქტი იყო გახსნილი. ამჟამად მხოლოდ ერთი გვაქვს", - ამბობს გახოკიძე.
დღეს ენგურის ხიდი ერთადერთი ადგილია, სადაც გამყოფი ხაზის გადაკვეთა არის შესაძლებელი მხოლოდ მათთვის, ვისაც ბინადრობის მოწმობა, ან ე.წ. აფხაზური პასპორტი აქვთ. გარდა ამ ბარიერისა, ენგურის ხიდამდე მისვლა გალის სოფლებიდან მგზავრობის დროსა და ხარჯსაც ზრდის. წლების განმავლობაში მოსახლეობამ რამდენჯერმე სცადა შეზღუდვის გაპროტესტება.
საგარეო საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას განუცხადეს, რომ საქართველოს ხელისუფლებას "მის ხელთ არსებული ყველა დიპლომატიური ბერკეტი ამოქმედებული აქვს, რათა საოკუპაციო ხაზზე ე.წ. გადასასვლელების გახსნისა და თავისუფალი მიმოსვლის უზრუნველყოფის აუცილებლობის საკითხი ყველა შესაბამის საერთაშორისო ფორმატში უმაღლეს დონეზე დაისვას".
აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის სტატისტიკის კომიტეტის თანახმად, 2019 წლის მონაცემებით, აფხაზეთში 46 905 ქართველი ცხოვრობს, 30 268 - გალის რაიონში. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ინფორმაციით, აქედან 5 000-ზე მეტს მხოლოდ ფორმა №9 აქვს, ე.წ. აფხაზეთის მოქალაქის პასპორტი - 1 049-ს. ბინადრობის ნებართვა კი 19 707 ადამიანზეა გაცემული.
ცხინვალსა და თბილისს შორის გადაადგილება მესამე წელია სრულად არის შეზღუდული.