ყაზახეთი კვლავ რჩება რუსეთის საზოგადოების განხილვის მთავარ თემად, თუმცა ბოლო დროს დიდწილად შეიცვალა სადისკუსიო საკითხები: თუ ადრე პოლიტოლოგები და ანალიტიკოსები განიხილავდნენ საპროტესტო აქციების არამშვიდობიან ხასიათს, დარბევებსა და დსთ-ის კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) ჯარების შემოყვანას, ახლა საუბარია იმაზე, თუ რა ელის ყაზახეთს და რა გავლენას იქონიებს იქ მიმდინარე მოვლენები რუსეთის პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაზე, რა დასკვნას გამოიტანს რუსეთის ხელისუფლება როგორც „ყაზახური ბუნტიდან“, ასევე ნურსულთან ნაზარბაევის მიერ მემკვიდრედ დატოვებული ყასიმ-ჟომარტ ტოყაევის ქცევიდან. რუსი პოლიტოლოგების ნაწილი ფიქრობს, რომ რუსეთი გაზრდის თავის გავლენას ყაზახეთზე და ამ ქვეყანას რუსეთ-ბელარუსის კავშირის მესამე წევრად აქცევს, ნაწილი კი შიშობს, რომ პუტინი კიდევ უფრო სასტიკად გაუსწორდება თავის პოლიტიკურ ოპონენტებს და არა მხოლოდ მათ.
ყაზახეთის იანვრის მოვლენებმა რუსეთში ბევრს გაახსენა, რომ ამ ქვეყანაში 3,5 მლნ ეთნიკური რუსი ცხოვრობს, რომ ყაზახეთი ყოფილი საბჭოთა კავშირის და, შესაბამისად, როგორც რუსეთის პატრიარქმა, კირილმა შენიშნა, „ისტორიული რუსეთის ტერიტორიის ნაწილია“. ცნობილმა რუსმა პოლიტოლოგმა სერგეი მარკოვმა კი ნიშნის მოგებით იმ გარემოებას გაუსვა ხაზი, რომ ურუსეთოდ დარჩენილი პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნების სახელმწიფოებრიობა დღემდე მოიკოჭლებს და, რომ „რუსეთის დახმარების გარეშე ეს ქვეყნები პრობლემებს დამოუკიდებლად ვერ უმკლავდებიან“.
„რომ არა რუსეთის დახმარება, ყაზახეთი ადვილად დაიშლებოდა. აჯანყებულებმა თითქმის დაიპყრეს ალმათის სამხრეთი. ჩრდილოეთი დარჩებოდა პრეზიდენტ ტოყაევთან. ყაზახეთის სახელმწიფოებრიობას, თითქმის ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყნის მსგავსად, სერიოზული ისტორიული საფუძველი არ გააჩნია. სწორედ ამიტომ არის ამდენი ფეიკი და ტყუილი ისტორიის სახელმძღვანელოებში მჩაგვრელი რუსული იმპერიალიზმის შესახებ“, - ამბობს სერგეი მარკოვი, რომლის თქმითაც, რუსეთის იმპერიაში არ ყოფილა ერების არანაირი ჩაგვრა, საბჭოთა პერიოდში კი, პირიქით, არარუსული რესპუბლიკების პრიორიტეტი იყო, რაც გამოიხატებოდა ფინანსურ ინექციებში.
„ყველა რესპუბლიკაში იყო თავბრუდამხვევი სოციალურ-ეკონომიკური პროგრესი, სოციალური დეგრადაცია კი სწორედ დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ დაიწყო. მთელი 30 წელი თავად ელიტები ამ სახელმწიფოებრიობას აღიქვამენ როგორც დროებით მოვლენას. ამიტომ იძარცვება ეს ქვეყნები ასე ამაზრზენად. ძარცვავენ ქვეყანას და ნაძარცვი გააქვთ ლონდონსა და დუბაიში, მოსახლეობა კი ნახევრად ღარიბი რჩება. სწორედ ამის წინააღმდეგ გაიმართა მასობრივი საპროტესტო აქციები ყაზახეთში - იმის წინააღმდეგ, რომ ელიტა ძარცვავს მათ ქვეყანას. ხოლო მინისტრებისა და მილიარდერების შვილები იკავებენ საკვანძო თანამდებობებს, იღებენ უზარმაზარ შემოსავალს ან როგორც თანამდებობის პირები, ან ასევე როგორც ოლიგარქ-მონოპოლისტები. მილიონებს არ უყვართ ოლიგარქები, ხოლო ოლიგარქებისა და მინისტრების „ოქროს“ შვილები, რომლებმაც ყველაზე ხელსაყრელი ადგილები დაიკავეს, მილიონებს სძულთ სასტიკი სიძულვილით და, რაც მთავარია, მათ სულებში დანთებული ეს შავი ცეცხლი მუდამ მზადაა გათავისუფლდეს და მოედნებზე გავრცელდეს“, - ამბობს სერგეი მარკოვი, რომელსაც მხოლოდ ნაწილობრივ და ისიც მხოლოდ ყაზახეთის მოქმედი ხელისუფლების შეფასების ნაწილში ეთანხმება ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, პუბლიცისტი იგორ ჩუბაისი:
„ყაზახეთში პროცესი პრინციპში გასაგებია, რადგან ის წითელი, საშინელი ტოტალიტარული სისტემა, რომელიც შექმნეს ლენინმა და სტალინმა, ჯერ არ მომკვდარა, თუმცა დეგრადირდება, ინგრევა. პირველები გათავისუფლდნენ პოლონელები, უნგრელები, ჩეხები - ეს იყო 30 წლის წინ. შემდეგ მათ მიჰყვნენ ესტონელები, ლატვიელები, ლიტველები. ახლა უკრაინა იბრძვის თავისი სუვერენიტეტისა და თავისუფლებისთვის, პროცესები მიდის მოლდოვაში, პროცესები მიდის საქართველოში, სომხეთში. ახლა ამ პროცესს შემოუერთდა ყაზახეთიც, რომელსაც არ სურს ძველი ანტისოციალური, ანტიადამიანური ნორმებით ცხოვრება, რადგან მასში არის ამაზრზენი უსამართლობა, სიღარიბე, უთანასწორობა, კორუფცია. ამ ყველაფრის წინააღმდეგ გამოვიდა ხალხი ყაზახეთში, რომლის პრეზიდენტი არანაირ ნდობას და პატივისცემას არ იმსახურებს, რადგან სამარცხვინოა ადამიანი, რომელმაც ადგილის შესანარჩუნებლად უცხო ჯარები მოიწვია“.
რუსეთში ბევრი ფიქრობს, რომ ყაზახეთში შექმნილი კრიზისითა და მასში რუსეთის სამხედრო კომპონენტის ჩართვით კრემლი დიდად იხეირებს. მათი აზრით:
- რუსეთის იმპერია აღდგენის პროცესშია
- თუ ყაზახეთის პრეზიდენტი ძმური დახმარებისკენ მოუწოდებს რუსეთს ანუ ОДКБ-ს, ეს ნიშნავს, რომ რუსეთი აღარ წავა ყაზახეთიდან, ან რატომ უნდა წავიდეს, როცა მსოფლიოში არავინ აპროტესტებს ამ ფაქტს და, საერთოდაც, ეს ქვეყანა თავისი სურვილით უვარდება რუსეთს ხელში?
- ყველაფერი ჩრდილოეთ ყაზახეთის ანექსიით დასრულდება
რუსეთში დაფუძნებული „ეფექტიანი პოლიტიკის ფონდის“ პრეზიდენტი, პოლიტოლოგი გლებ პავლოვსკი ამბობს, რომ ყაზახეთის მთავრობის მოთხოვნით რუსი სამხედროების შეყვანა ყაზახეთში, მნიშვნელოვნად ცვლის რუსეთის როლს რეგიონში:
„ფაქტია, რომ ОДКБ-ს საზღვრებში, მოსკოვისთვის საზღვრები აღარ არსებობს. საზღვრები თეორიული ცნებაა. შეთანხმების მიხედვით, ჯარების შეყვანა აბსოლუტურად ლეგიტიმურია, ისევე როგორც, ლეგიტიმურია ყაზახეთის მოქმედი, მაგრამ უკიდურესად სუსტი პრეზიდენტი. ამავე დროს, ჯარის შეყვანა ხაზს უსვამს იმას, რომ ყაზახეთი, სამხედრო თვალსაზრისით (ჯერ არა ეკონომიკურად და არა სახელმწიფოებრივად), მოსკოვის შორეული პროვინციაა“.
გლებ პავლოვსკის მიაჩნია, რომ ОДКБ-ს ჯარების შეყვანა ყაზახეთში აბსოლუტურად ახალი მოვლენაა და ცვლის ორგანიზაციის ლეგიტიმურობას, აძლევს რა მას ახალ ძალისმიერ ხასიათს.
ძმური დახმარება თუ ოკუპაცია? - ამ კითხვის პასუხად პოლიტოლოგი ანდრეი ოკარა იხსენებს 1968 წელსა და ევგენი ევტუშენკოს ლექსს „ტანკები პრაღაში“, იხსენებს ავღანეთსა და 1979 წელს, როდესაც ჰაფიზულა ამინმა მიმართა საბჭოთა ხელმძღვანელობას ავღანეთის სახალხო მთავრობის დახმარების თხოვნით.
„ვიცით, როგორც დამთავრდა ეს დახმარება. საბჭოთა მედესანტეებმა მოკლეს თვითონ ამინი. რაც შეეხება ყაზახეთს, როგორც დავრწმუნდით, ყოფილი იმპერიის ცენტრი განიხილავს როგორც სახელმწიფოს შეზღუდული სუვერენიტეტით. ეს არის გარდამტეხი მომენტი მთელი პოსტსაბჭოთა ისტორიისთვის - ჯარების ლეგიტიმური თუ არალეგიტიმური გამოყენება სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე“, - ამბობს ანდრეი ოკარა, რომელიც ყაზახეთის მოვლენებში, სამ ერთმანეთში გადამავალ პროცესს აღწერს:
- პირველი - სახალხო აჯანყება, რომელიც მოტივირებული იყო სოციალური და ეკონომიკური მიზეზებით. ყაზახეთი მდიდარი ქვეყანაა ღარიბი ხალხით. საჭირო იყო რაღაც გარდამტეხი მომენტი, გამშვები მექანიზმი, რის შემდეგაც დაიწყო ჭეშმარიტად ეროვნული პროცესი, რომელშიც ძირითადად ყაზახები მონაწილეობდნენ.
- მეორე - ესაა ფაქტობრივად სახელმწიფო გადატრიალება, მოწყობილი ლეგიტიმურად ცნობილი პრეზიდენტის მიერ. ეს არის იმ ადამიანის კლანთაშორისი ბრძოლა, რომლის უკანაც არ დგას ძლიერი კლანი, თუმცა ტოყაევიც იმავე სამხრეთ ჟუზიდან არის, რომლის ყველაზე ცნობილი წარმომადგენელი ნურსულთან ნაზარბაევია, მაგრამ სამაგიეროდ ტოყაევი ფლობს ძალაუფლების ფორმალურ ატრიბუტებს. ფაქტობრივად, ესაა ბრძოლა მთავარ ფეოდალურ არისტოკრატიასთან, რომელსაც ნაზარბაევი განასახიერებს.
- მესამე - უცხოური ჯარების შეყვანა სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე.
რუსეთ-ბელარუსი + ყაზახეთი?
ყაზახეთის ხელისუფლება ლოგიკურად მოხვდა ბელარუსისა და რუსეთის ხელისუფლებების კამპანიაში, რადგან სამივე ხელისუფლება მთლიანად დგას ხიშტებზე და არცერთ მათგანს ლეგიტიმაციის სხვა წყარო არ გააჩნია. ჟურნალისტ პაველ პრიანიკოვის თქმით, ყაზახეთშიც, ისევე როგორც ყველგან ჩრდილოეთ ევრაზიის რეგიონში, არჩევნები ყალბდება.
„ტოყაევიც ფურცელზე დაწერილი პრეზიდენტია, რადგან 2019 წლის არჩევნებში მას რეალურად არ გაუმარჯვია, არადა, ოფიციალურად ითვლება, რომ ამომრჩეველთა 71%-მა მისცა ხმა, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ სინამდვილეში ამომრჩეველთა აქტიურობის მაჩვენებელი 36-37% იყო და არა ოფიციალურად გამოცხადებული 77%, შეგვიძლია ვიმსჯელოთ გაყალბების მასშტაბზე. შემთხვევით არ არის, რომ პროტესტმა იფეთქა იმ დასახლებულ პუნქტებში, სადაც მაღალი მხარდაჭერა ჰქონდა ტოყაევის მთავარ კონკურენტს, ამირჟან კოსანოვს. 2019 წელს ტოყაევმა ფაქტობრივად წააგო არჩევნები. ბოლო ორი წლის განმავლობაში ტოყაევის რეალური რეიტინგი კიდევ უფრო დაეცა (სავარაუდოდ, 20-25%-ზე). ახლა, ბუნტის შემდეგ, PR-ტექნოლოგიებს კი არ დაეყრდნობა (რაც ჩრდილოეთ ევრაზიისთვის ასატანი მდგომარეობაა), არამედ მხოლოდ ხიშტებს, მსგავსად ლუკაშენკასი, რომლის რეალური რეიტინგი 5-7%-ია“.
რუსი პოლიტიკოსი და პუბლიცისტი რომან პოპკოვიც ამბობს, რომ შექმნილია ახალი რეალობა, რომელშიც ჩრდილოეთ ევრაზიის რეგიონში მდებარე სახელმწიფოებს დიქტატორები მხოლოდ ძალისმიერი მეთოდებით მართავენ, რადგან პროპაგანდამ და PR-მა თავისი რესურსი ამოწურა.
„რა სახის პიარით მოატყუებ ბელარუსებს? რა პროპაგანდას დაიჯერებენ ყაზახები?“ - კითხულობს რომან პოპკოვი.
პოლიტოლოგი ანდრეი ოკარა ფიქრობს, რომ მოსკოვი, კრემლი, პუტინი აღარ გაუშვებენ ყაზახეთს და შეეცდებიან გაზარდონ რუსეთის ყოფნა და გავლენა ამ ქვეყანაში:
„ვვარაუდობ, რომ ეს შეიძლება მოხდეს ისეთ ფორმატში, რომ ყაზახეთს შესთავაზონ რბილი (ან არცთუ ისე რბილი ფორმით), შეუერთდეს რუსეთისა და ბელარუსის კავშირს. ვფიქრობ, რომ ეს საკმაოდ ლოგიკურია კრემლის სტრატეგების თვალსაზრისით, რომლის მიხედვითაც, დსთ-ის ქვეყნები არა რეალური, არამედ შეზღუდული სუვერენიტეტის მქონე ქვეყნები არიან და, რომ, ზოგადად, დსთ საერთო სახლია და თუ საერთო სახლია, მაშინ კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ამ კავშირში. თუ ყაზახური ელიტა, რომელიც კრისტალიზდება მომდევნო თვე-ნახევარში, ამას მედგარ წინააღმდეგობას გაუწევს, მაშინ არ გამიკვირდება, თუ მოულოდნელად გამოჩნდება ისეთი ფენომენი, როგორიცაა სამხრეთ ციმბირის სახალხო რესპუბლიკა ან რომელიმე პავლოდარის სახალხო რესპუბლიკა ყაზახეთის ჩრდილოეთით. ასეთი მცდელობები იყო 1994 წელს, მაგრამ ისინი მკაცრად აღკვეთა ნაზარბაევმა. ჩვენ გვახსოვს, რომ ყაზახეთი უნიტარული სახელმწიფოა, მაგრამ არ გამიკვირდება, თუ ტოყაევს ძალიან დაჟინებით შესთავაზებენ ყაზახეთის საკონსტიტუციო რეფორმას, რათა ყაზახეთი უნიტარული სახელმწიფოდან ფედერალურ სახელმწიფოდ გადაიქცეს, ანუ შეცვალოს სახელმწიფო ორგანიზაციის ფორმა“.
ტოყაევი - მედვედევი, რომელმაც შეძლო?
ყაზახეთში მომხდარის შემდეგ, რუსი და ბელარუსი ანალიტიკოსების ნაწილი დარწმუნებულნი არიან, რომ მათ ქვეყნებში ძალაუფლების მშვიდობიანი ტრანზიტი აღარ მოხდება, მეტიც, რუსი ჟურნალისტი მარატ ბირიოზოვი ვარაუდობს, რომ ტოყაევის მოქმედება არასახარბიელო დასკვნის საშუალებას მისცემს რუსეთის პრეზიდენტს, რადგან, მისი თქმით, „ტოყაევი ეს არის მედვედევი, რომელმაც შეძლო“.
ჟურნალისტი ილია ვაიცმანიც დარწმუნებულია, რომ ვლადიმირ პუტინი ბოლომდე ჩაეჭიდება ძალაუფლებას.
„დაინახა რა, როგორ ისარგებლა ტოყაევმა მომენტით და თავად პუტინის დახმარებით, როგორ გადააგდო ნაზარბაევი, რომელსაც თითქოს ზურგს უმაგრებდა, პუტინი "ერის მამის" სტატუსით აღარ გადგება გვერდზე და რეალურ, ოპერატიულ ძალაუფლებას არანაირ შოიგუებსა და მედვედევებს აღარ გადასცემს არც ფორმალურად და არც არაფორმალურად. მით უმეტეს, რომ ნაზარბაევი ჯიბეში დარჩენილი ხურდებით ასი წელი კომფორტულად იცხოვრებს შვეიცარიაში, მაგრამ სად წავა პუტინი? ჰააგაში არ უნდა, კიევში - მით უფრო, და რაღა დამრჩა, ჩინეთი? ასე რომ, ბოლომდე იჯდება, სიცოცხლის ბოლომდე, საფლავის კარამდე. მეტიც, ყაზახეთში მომხდარის შემდეგ, სავსებით შესაძლებელია სერიოზული წმენდის ჩატარება "მემკვიდრედ" გახდომის მსურველთა შორის, რათა ბევრი არ იფიქრონ საკუთარ შესაძლებლობებზე და ტყუილადაც არ იოცნებონ“, - ამბობს ილია ვაიცმანი.
ანდრეი ოკარას თქმით, ყველა რევოლუციამ, რომელიც მოხდა პოსტსაბჭოთა სივრცეში (განსაკუთრებით ორმა მათგანმა უკრაინაში), გამოიწვია რუსეთში ქანჩების მეტად მოჭერა. სწორედ უკრაინის „ნარინჯისფერმა რევოლუციამ“ და „ღირსების რევოლუციამ“ მიიყვანა რუსეთის პოლიტიკური რეჟიმი დღევანდელ მდგომარეობამდე, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამჯერად რუსეთში კიდევ უფრო მეტად დაუჭირონ ქანჩებს, რადგან ისედაც ყველაფერი ზღვრამდეა მოჭერილი.
როგორ იმოქმედებს ყაზახეთის მოვლენები რუსეთზე?
„ვფიქრობ, მოვლენები, რომლებიც შეიძლება განვითარდეს თავად რუსეთში, მრავალი თვალსაზრისით იქნება არა უკრაინის ან ბელარუსის, არამედ ყაზახური რევოლუციის მსგავსი, - ამბობს ანდრეი ოკარა, - თუმცა არის ერთი ფუნდამენტური განსხვავება: რაც უნდა ვთქვათ, ყაზახეთი ახალგაზრდა ქვეყანაა, ყოველგვარი პროტესტის საფუძველი კი ახალგაზრდა, 20-45 წლის მამაკაცებია, რუსეთში ამ სეგმენტში დემოგრაფიული ჩავარდნაა, ყოველ შემთხვევაში მეტად ბებერი ქვეყანაა. და კიდევ: გავიხსენოთ 1986 წელი, პირველი სერიოზული აჯანყება საბჭოთა კავშირში, როდესაც ყაზახეთის კომუნისტური პარტიის პირველი მდივანი მოსკოვიდან მიავლინეს, არა უბრალოდ რუსი, არამედ არაადგილობრივი რუსი. ამის გამო აჯანყდნენ. არადა, თითქოს საბჭოთა კავშირი იყო, ჯერ არც ყარაბაღის კონფლიქტი ჩანდა და არც არაფერი. ყაზახი ხალხი ძალიან ფეთქებადი აღმოჩნდა. რაც რუსულ საზოგადოებაში ჯერ არ ჩანს, თუმცა ძალიან ბევრი პროცესი, რომელიც ძალას იკრებს რუსეთში, მსგავსია იმისა, რაც ყაზახეთში 30 წლის განმავლობაში მწიფდებოდა და აი, დამწიფდა კიდეც“.
რუსი პოლიტოლოგი ასევე დარწმუნებულია, რომ ყაზახეთის შიდა საქმეებში რუსეთის სამხედრო ჩარევა მას კიდევ უფრო მეტ მოძულესა და მტერს შესძენს.
„იმ "ძმურმა დახმარებამ", რომელიც კრემლმა თავდაპირველად გაუწია ეგრეთ წოდებულ აჯანყებულ ყირიმსა და დონბასს (და რომელიც შემდეგ გადაზარდა გლობალურ რუსეთ-უკრაინის ომში) და არანაკლებ "ძმურმა დახმარებამ", რომელიც კრემლმა გაუწია ლუკაშენკას რეჟიმს, უკრაინელების აბსოლუტური უმრავლესობა რუსეთის მტრებად აქცია. ბელარუსში, ჯერჯერობით, ეს შემოიფარგლება მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოებით, მაგრამ სამოქალაქო საზოგადოების უმრავლესობა 2020 წლის აგვისტომდე რუსეთის პოტენციური მოყვარული და მეგობარი იყო, ახლა კი ისინი რუსეთის არამოყვარულები და, მეტიც, მტრები არიან“, - ამბობს ანდრეი ოკარა, რომლის თქმითაც, „ძმური“ დახმარება, რომელიც კრემლმა გაუწია ტოყაევის რეჟიმს, ყაზახებსაც აქცევს რუსეთისა და რუსეთთან დაკავშირებული ყველაფრის არაკეთილმოსურნედ:
„გამოდის, რომ რუსეთი მოექცევა არა მხოლოდ ამერიკის სატელიტების ალყაში, როგორც რუსეთის პროპაგანდას უყვარს თქმა, არამედ იმ ხალხების ალყაში, რომლებიც სულ უფრო და უფრო ცუდად არიან განწყობილი რუსეთის, როგორც სახელმწიფოსა და როგორც ქვეყნის მიმართ“.