Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარე მეოთხე მცდელობითაც ვერ აირჩიეს


წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ახალი მოწვევის საკრებულო დღეს მეოთხედ შეიკრიბა, თუმცა ამჯერადაც ვერ შეძლო საკრებულოს თავმჯდომარის, მისი მოადგილეების და კომისიების ხელმძღვანელი პირების არჩევა. სხდომას 27 დეპუტატიდან 25 ესწრებოდა, თუმცა თანამდებობების გადანაწილებაზე დეპუტატები ვერ შეთანხმდნენ და კენჭისყრა არ შედგა.

საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციაზე პარტია "საქართველოსთვის" წევრმა გონერ კვარაცხელიამ მისი თანაპარტიელის კორნელი სალიას კანდიდატურა დაასახელა და საკრებულოს წევრებს შესთავაზა მისი მხარდაჭერის შემთხევვაში სხვა თანამდებობები პროპორციულად გადანაწილებულიყო „ქართულ ოცნებასა“ და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ შორის. ეს ორი პარტია წალენჯიხის საკრებულოში 11-11 მანდატს ფლობს.

"ჩვენი მოდელია საკრებულო დაკომპლექტდეს და ყველა პარტია იყოს წარმოდგენილი, თანამდებობები გადანაწილდეს ყველა პარტიაზე, მიღებული მანდატის პროპორციულად. 27 მანდატია და 9 თანამდებობა - პროპორციულად სამ დეპუტატზე მოდის ერთი თანამდებობა, აქედან გამომდინარე ამ ვარიანტში "ლელო" არ ჩაჯდა..."ნაციონალური მოძრაობიდან" იქნება თავმჯდომარის პირველი მოადგილე, რადგან მათთვის სხვა მოადგილე მიუღებელია. ჩვენს ვარიანტში სადაც 4/4 ზე იყო, 4 თანამდებობა "ოცნებას" რჩებოდა”, - განაცხადა გონერ კვარაცხელიამ.

მანვე აღნიშნა, რომ პარტია “საქართველოსთვის” არ არის წინააღმდეგი თანამდებობა ჰქონდეს საკრებულოში “ლელოს” ერთადერთ წევრს გიორგი დარსალიას და მზად არიან მის მიერ შეთავაზებული განსხვავებული წინადადებაც განიხილონ.

საკრებულოში კრიზისის დასაძლევად “ლელო” დეპუტატებს სთავაზობს 9 თანამდებობიდან 6 დაიკავოს ოპოზიციის წარმომადგენელმა, 3 კი “ქართული ოცნების” წევრებმა. მათ შორის სამივე პარტიის: ენმ-ს, “ქართული ოცნების” და “ლელოს” წარმომადგენელი იყოს თავმჯდომარის მოადგილის პოზიციაზე. “ლელო” არ არის წინააღმდეგი საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობა დაიკავოს “საქართველოსთვის” წევრმა:

"ასევე მოცემული პარტიებიდან სამივე პარტიას ჰქონდეს საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციაც, კომისიებიდან სამის თავმჯდომარე "ნაციონალური მოძრაობიდან" და 2-ის კი "ქართული ოცნების" წევრი, რაც ჩემი აზრით დაბალანსებულია. საკრებულო უნდა იყოს ოპოზიციურ ღერძზე აწყობილი",- განაცხადა გიორგი დარსალიამ.

“ლელოს” ეს წინადადება მისაღებია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის”. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელ თემურ ქარდავას განცხადებით, მათთვის მიუღებელია პარტია “საქართველოსთვის” შეთავაზება:

“იმ მოდელს, რომელსაც გახარიას პარტიამ („საქართველოსთვის“) შემოგვათავაზა - 4/4+1 კატეგორიულად მიუღებელია ჩვენი ფრაქციისთვის, ამიტომ ჩვენ კატეგორიული უარი განვაცხადეთ ამ მოდელზე, ახალი ფორმულა შემოიტანა "ლელომ", რაზეც უნდა ვისჯელოთ. განვიხილავთ პარტიაში და ალბათ მომდევნო საკრებულოს სხდომისთვის გადაწყვეტილებას მივიღებთ”,- თქვა ენმ-ის წევრმა თემურ ქარდავამ.

მისივე თქმით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის" კატეგორიულად მიუღებელია "ქართულ ოცნებას" თანამდებობები ჰქონდეს საკრებულოში.

თავის მხრივ “ქართულ ოცნებაში” ამბობენ, რომ საკრებულოში არსებული კრიზისი იმითაა გამოწვეული, რომ ოპოზიციაში თანამდებობების ვერ იყოფენ. როგორც მმართველი პარტიის წევრმა დავით ბელქანიამ განაცხადა, ამ კრიზისის დაძლევის მიზნით მზად არიან შეთავაზებულ წინადადებებზე იმსჯელონ:

თანამდებობები უნდათ, ვერ იყოფენ თანამდებობებს და გვეუბნებიან უმრავლესობაში ვართო. ჩვენ დავახმარებით, ვასწავლით ბიუჯეტის ხარჯვას, როგორ უნდა. წალენჯიხისთვის სასიკეთოდ ჩვენ ყველაფერში დავეხმარებით, ოღონდ ამათმა რამე გააკეთონ. განვიხილავთ, მათ შემოთავაზებულ წინადადებებს”,- განაცხადა დავით ბელქანიამ.

სხდომა 20 იანვრამდე გადაიდო.

წალენჯიხის საკრებულო 27 წევრისგან შედგება. საკრებულოში "ქართულ ოცნებას" 11 დეპუტატი ჰყავს. ამდენივე "ნაციონალურ მოძრაობას", პარტიას "საქართველოსთვის" 3, ხოლო "ლელოს" 1 დეპუტატი. 1 კი დამოუკიდებელი დეპუტატია.

3 დეკემბრიდან საქართველოს 64 მუნიციპალიტეტში უფლებამოსილების შესრულებას შეუდგნენ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად არჩეული საკრებულოები. წალენჯიხის ახალი მოწვევის საკრებულო ქვეყნის მასშტაბით იმ შვიდ საკრებულოს შორისაა, რომლებშიც მმართველ პარტიას უმრავლესობა არ აქვს.

2021 წლის ოქტომბრის 2-ტურიანი ადგილობრივი არჩევნების შედეგად, მმართველმა პარტიამ, "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო", ერთპარტიული უმრავლესობა დაკარგა შვიდ - წალენჯიხის, ზუგდიდის, მარტვილის, ჩხოროწყუს, სენაკის, რუსთავის და ბათუმის საკრებულოებში, სადაც ყველაზე მეტი წევრი "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალურ მოძრაობას" ჰყავთ, გადამწყვეტ ხმებს კი ფლობს ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტია "საქართველოსთვის".

ოპოზიცია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს, რასაც "ქართულ ოცნებაში" უარყოფენ.

საერთო ჯამში, ქვეყნის საკრებულოებში მანდატები მოიპოვა ათამდე პარტიამ. მერის არჩევნებში 64-დან მხოლოდ წალენჯიხის მუნიციპალიტეტში გაიმარჯვა "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა, დანარჩენ 63 მუნიციპალიტეტში კი, "ქართული ოცნების" კანდიდატებმა. პირველივე ტურში, 2 ოქტომბერს არჩეული მერები უფლებამოსილების შესრულებას ოქტომბრის ბოლოს შეუდგნენ, ხოლო 20 მუნიციპალიტეტში 30 ოქტომბერს ჩატარებულ მეორე ტურში გამარჯვებულები - ნოემბრის შუა რიცხვებიდან.

XS
SM
MD
LG