ცნობილმა რუსმა მწერალმა, სატირიკოსმა და დრამატურგმა ვიქტორ შენდეროვიჩმა გადაწყვიტა დატოვოს რუსეთი, რათა, როგორც განაცხადა, საზღვარგარეთ დაელოდოს რუსეთში უკეთესი დროის დადგომას. მას არ დაუზუსტებია, თუ კონკრეტულად სად გაემგზავრა. ამ გადაწყვეტუილების მიზეზად მწერალი მოსალოდნელ სისხლისსამართლებრივ დევნას ასახელებს.
„უწყების მიღების დროს, მე ყოველთვის ვცხადდებოდი დაკითხვაზე სასამართლოში. ნაწილობრივ ცნობისმოყვარეობის, ნაწილობრივ სასამართლოსადმი ნდობის, ნაწილობრივ ბედისა და ჯანსაღი აზრის გამარჯვებისადმი ბავშვობის დროს შეძენილი რწმენის გამო“, - წერს შენდეროვიჩი თავის ფეისბუკგვერდზე და დასძენს, რომ სწორედ „ჯანსაღი აზრის გამო“ აღარ აპირებს პირად მონაწილეობას სისხლის სამართლის იმ საქმეში, რომელსაც მას „კრემლის მზარეული“ პრიგოჟინი უმზადებს.
24 დეკემბერს სანქტ-პეტერბურგის სასამართლომ შენდეროვიჩს 100 000 რუბლის გადახდა დააკისრა ბიზნესმენ ევგენი პრიგოჟინის სასარგებლოდ, რადიოსადგურ „ეხო მოსკვიში“ მისი მისამართით გამოთქმული ბრალდებების გამო. სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია ევგენი პრიგოჟინის შესახებ შენდეროვიჩის მიერ მოტანილი ცნობები და დაავალდებულა მოპასუხე მხარე, რომ უარეყო საკუთარი სიტყვები. შენდეროვიჩმა ვლადიმირ პუტინთან დაახლოებულ ბიზნესმენს პირდაპირ ეთერში „სისხლის სამართლის დამნაშავე“ და „მკვლელი“ უწოდა.
ამის შემდეგ პრიგოჟინმა პოლიციას მიმართა განცხადებით, რომელშიც ცილისწამების გამო შენდეროვიჩის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა ითხოვა. ამ მუხლით მწერალს ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
2021 წლის 30 დეკემბერს რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ ვიქტორ შენდეროვიჩი "უცხოეთის აგენტების" განახლებულ სიაში შეიყვანა. სამინისტრომ განაცხადა, რომ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა "უფლებამოსილი სამთავრობო ორგანოებისგან მიღებული დოკუმენტების საფუძველზე". მიღებული ინფორმაციის მიხედვით, როგორც სამინისტრო აცხადებს, "ეს პირები სისტემატურად ავრცელებდნენ მასალებს ადამიანების განუსაზღვრელ წრეებში და, ამასთან, დაფინანსებას უცხოეთიდან იღებდნენ".