Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დმიტრი პესკოვი: ყაზახეთს თავად შეუძლია საკუთარი პრობლემების გადაჭრა


დმიტრი პესკოვი
დმიტრი პესკოვი

ოთხშაბათს რუსეთი ყაზახეთში „დიალოგის“ მოწოდებით გამოვიდა, როცა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში უპრეცედენტო საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობს გათხევადებული გაზის ფასების ზრდის გამო.

„ყურადღებით ვაკვირდებით ვითარებას მოძმე მეზობელ ქვეყანაში“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. „მხარს ვუჭერთ ყველა პრობლემის მშვიდობიან მოგვარებას კანონისა და კონსტიტუციის ფარგლებში და დიალოგის სახით, არა ქუჩის ამბოხებისა და კანონის დარღვევით“.

როგორც კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა ოთხშაბათს, ყაზახეთს თავად შეუძლია საკუთარი პრობლემების გადაჭრა და მნიშვნელოვანია, რომ არავინ ჩაერიოს გარედან.

რია ნოვოსტის მოჰყავს პესკოვის სიტყვები იმის თაობაზე, რომ ყაზახეთს რუსეთისთვის არ მიუმართავს საპროტესტო გამოსვლებთან გამკლავებაში დასახმარებლად.

ყაზახეთი რუსეთის საკვანძო მნიშვნელობის ეკონომიკური პარტნიორია. მისი ყოფილი პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ახლო მოკავშირეა.

წუხელ გადადგა ყაზახეთის მთავრობა. პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა მიიღო კაბინეტის გადადგომა.

ოთხშაბათს დილით დემონსტრანტები შეიჭრნენ ქალაქ ალმათის მერიაში. ხანძარი გაჩნდა ქვეყნის რამდენიმე სამთავრობო შენობაში.

ქვეყანაში მაუწყებლობა შეწყვიტა რამდენიმე ტელეარხმა. მანამდე იტყობინებოდნენ, რომ ნურ-სულთანსა და ალმათიში გაითიშა ინტერნეტი და სატელეფონო კავშირი.

პრეზიდენტმა ტოყაევმა დედაქალაქ ნურ-სულთანში, ალმათიში, ასევე მანგისტაუსა და ალმათის ოლქებში 19 იანვრამდე შემოიღო საგანგებო მდგომარეობა, რომელიც 23:00-დან 07:00-მდე მოქმედებს.

გამოსვლები სერიოზულ საფრთხეს უქმნის ნაზარბაევის მიერ შექმნილ რეჟიმს. თავად ნაზარბაევი 2019 წელს გადადგა და თავის ერთგულ ტოყაევს შეუწყო ხელი პრეზიდენტის თანამდებობის დაკავებაში.

XS
SM
MD
LG